ფუკუშიმას აკრძალულ ზონებს ცხოველები ეპატრონებიან
როგორც ჩანს, ცხოველები რადიაციულ ზონებშიც წარმატებით აგრძელებენ ცხოვრებას. ახალი კვლევის მიხედვით, ველური ბუნება ფუკუშიმას მაღალი რადიაციის ზონებშიც ყვავის. რამდენადაც საზიანო არ უნდა იყოს ჩვენი გავლენა გარემოზე, აშკარაა, რომ თუ ადამიანები ბუნებას გზიდან ჩამოვეცლებით, სიცოცხლე გზას ყოველთვის პოულობს.
2011-ში იაპონიას მიწისძვრა და მასობრივი ცუნამი დაატყდა თავს, რამაც ფუკუშიმას ბირთვული სადგური მწყობრიდან გამოიყვანა. რადიაციის გაჟონვამ იაპონიის მთავრობა აიძულა რეგიონის ევაკუაცია დაეწყო. კატასტროფის ადგილი რამდენიმე ზონად დაიყო — განაპირა ზონებში ადგილობრივებმა საცხოვრებლად დაბრუნება შეძლეს, თუმცა ზოგი ზონა მაღალი რადიაციის გამო ადამიანებით დღემდე დაუსახლებელია.
ამ შემთხვევამ მეცნიერებს შანსი მისცა, დაკვირვებოდნენ ფლორა და ფაუნის ცხოვრებას იქ, სადაც ადამიანი აღარ იყო. მკვლევარებმა რადიაციულ ზონებში 120 ფოტოხაფანგი დააყენეს.
60 დღის განმავლობაში მეცნიერებმა 267 000-ზე მეტი ფოტო შეაგროვეს, რამაც საშუალება მოგვცა დავკვირვებოდით ცხოველებს, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ რადიაციით გაჯერებულ გარემოში. კვლევამ საშუალება მოგვცა დაგვედასტურებინა ჯეფ გოლდბლუმის ცნობილი სენტიმენტი ფილმი იურიული პარკიდან იმის შესახებ, რომ "სიცოცხლე.. გზას ყოველთვის პოულობს."
როგორც ჩანს, რადიაციულ ზონებში, ყველაზე უკეთ თავს ველური ტახები გრძნობენ. აკრძალულ ზონებში ამ ცხოველის პოპულაცია სამჯერ აღემატებოდა იმ ადგილებში არსებულს, სადაც ადამიანებიც ცხოვრობენ. მაღალი რადიაციის ზონებში სხვა ცხოველებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, თუმცა რამდენიმე სახეობას მაინც ადამიანებთან ურჩევნიათ თანაცხოვრება, მაგალითად, თხის მსგავს ჩლიქოსნებსა და ენოტძაღლას (Nyctereutes procyonoides).
აღსანიშნავია, რომ აღბეჭდილ პოპულაციაში რადიაციის უარყოფითი გავლენა არ შეინიშნებოდა. საინტერესო ფაქტია, რომ სარგებელი, რომელიც ბუნებამ ადამიანების ევაკუაციით მიიღო, რადიაციის შედეგად მიყენებულ ზიანს აღემატება.
რადიოეკოლოგ ტომას ჰინტონის თქმით, ჩვენი მუდმივი გაფართოება ბუნებასა და სახეობებს ანადგურებს. ხოლო იქ, სადაც ადამიანის კვალი მცირდება, ბუნება ახერხებს, რომ თავის ძველ მრავალფეროვნებას დაუბრუნდეს.
კომენტარები