გადაადგილებები, წასვლები, მეორედმოსვლები — 2019 წლის ცვლილებები მმართველ გუნდში
2019 წელს ქართული პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და დინამიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ წელს საპარლამენტო არჩევნების წელი არ ყოფილა, საკანონმდებლო ორგანოში ძალთა გადანაწილება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისევე, როგორც შეიცვალა ქვეყნის ორი პირველი პირი: პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
ცვლილებებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში თან ახლდა: გადაადგილებები, წასვლები, მეორედმოსვლები... 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩეული ქართული ოცნების გუნდი, 2020 წელს არასაკონსტიტუციო უმრავლესობით ხვდება.
როგორ იცვლებოდა მინისტრთა კაბინეტი 2019 წელს
ბოლო წლებია პრემიერ-მინისტრების ყოლეწლიური ცვლა არავის უკვირს. თუმცა, 2019 წელს გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა, რომლის მიმართაც ბევრი კითხვა და პრეტენზია არსებობდა, წინამორბედებისგან მაინც განსხავდებოდა. გახარიას პრემიერობას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი აქციები, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, პასუხისმგებლობა აეღო 20 ივნისის მოვლენებზე. რამდენიმეთვიანმა აქციებმა არა თუ შედეგი გამოიღო, არამედ გახარია აღმოჩნდა ის, ვინც ფეისბუქპოსტით გადამდგარი მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცლა.
საინტერესოდ გაგრძელდა გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაც. მის კაბინეტში დაბრუდნენ ძველი "ახალი" სახეები: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია ჩაანაცვლა. ხოლო ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან ისევ შინაგან საქმეთა მინისტრად გადმოინაცვლა. მიხეილ ჩხენკელმა კი მიხეილ ბატიაშვილისგან უკან გადაიბარა კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან გაერთიანებული განათლების სამინისტრო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება, რომელიც 2019 წელს მინისტრთა კაბინეტში იყო ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკო წავიდა. სერგეენკო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტის შეუცვლელი წევრი იყო. თუმცა, ივნისში ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძემ ჩაიბარა. ტიკარაძეც, სერგეენკოს მსგავსად, მინისტრობამდე საჩხერის საავადმყოფოში მუშაობდა და კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე სერგეენკოს დანიშნული იყო.
2019 წლის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გიორგი ქობულიას გაშვებით დაიწყო. ქობულია იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის აღმოჩნდა, რომელმაც მინისტრის პოსტის საკუთარი სურვილით დატოვების ტრადიცია დაარღვია და განაცხადა, რომ მინისტრობიდან თავისი სურვილით არ გადამდგარა და გაუშვეს. ქობულიას ადგილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავამ დაიკავა.
როგორ დაკარგა ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრაველესობა
მინისტრთა კაბინეტზე არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა 2019 წლის საპარლამენტო ცხოვრება. წლის განმავლობაში უმრავლესობიდან დეპუტეტები მიდიოდნენ, ზოგს რიცხავდნენ და ზოგიც ემატებოდათ, საბოლოოდ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა. 2019 წლის ბოლოს, ჯამში ქართული ოცნების უმრავლესობა 28 დეპუტატმა დატოვა.
უმრავლესობიდან დეპუტატთა გასვლის პირველი ტალღა თებერვალში დაიწყო. ამ პერიოდში უმრავლესობა დატოვეს: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ. წასვლის მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია დაასახელეს.
გაზაფხულზე, სასამართლოს მიზეზით, უმრავლესობა დატოვეს კობა ნარჩემაშვილმა და ლევან კობერიძემაც. ყველა ეს დეპუტატი წასვლამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის 2025 წლამდე გადადებას ითხოვდა. თუმცა, უმრავლესობამ მათ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ნოემბერში უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 მოსამართლე აირჩია, მათ შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.
მართალია, პირველ ტალღაში არა, მაგრამ მოსამართლეთა სიას გამო დაწყებული დაპირისპირება ეკა ბესელიასა და უმრავლესობის ყოფილ დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს შორის, მოგვიანებით, ნოემბერში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო მანდატი დატოვა.
უმრავლესობიდან გასვლის პირველ ტალღაში მოჰყვა კიდევ სამი დეპუტატი: ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. თუმცა, მათი წასვლის მიზეზი სოციალურ-ეკონომიკურ ხედვებში განსხვავება იყო. ნაცვლიშვილი უმრავლესობასთან დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა. ხოლო ჟორჟოლიანი და წიკლაური პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას შეუერთდნენ.
უმრავლესობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 20 ივნისს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათება. კომუნისტური პარტიის წევრი,რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, საკანონმდებლო ორგანოს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში სტუმრობდა.
გავრილოვის ვიზიტმა პოლიტიკური დღისწერიგი შეცვალა არა მხოლოდ მმართველი გუნდისთვის, არამედ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტებითვის. გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა კი მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
მეორე დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ირაკლი კობახიძე, რომელიც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლა. ამავე დღეს დეპუტატის მანდატი დატოვა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც. 21 ივნისიდან მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სიტემაზე გადასვლასაც ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება 20 ივნისის რამდენიმეათასიანი აქციების შემდეგ გასცა, უმრავლესობამ საპარლამენტო კენჭისყრაზე მას მხარი არ დაუჭირა. ბიძინა ივანიშვილის დანაპირების არშესრულების მიზეზი კი "დეპუტატთა ამბოხი" აღმოჩნდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაში ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე დაინახეს.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში ურჩი და ამბოხებულები სხვები აღმოჩნდნენ, უმრავლესობიდან წასვლის მეორე ტალღაში სხვა დეპუტატები მოყვნენ.
პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა დატოვა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მასთან ერთად უმრავლესობის რიგებს კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდა: მარიამ ჯაში, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, გიორგი ბეგაძე, ზაზა ხუციშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ უმრავლესობასთან ერთად დეპუტატის მანდატიც დატოვა.
მათთან ერთად უმრვალესობა დატოვეს კონსერვატიული პარტიის წევრბმაც : ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ. როგორც ისინი უმრავლესობის დატოვებისას აცხადებდნენ, "მათი რესურსი ამოიწურა და მმართველ გუნდში თავს ვეღარ ხედავდნენ".
მოგვიანებით დეპუტატის მანდატი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, კაკი ზოიძემაც დატოვა. წასვლამდე ზოიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა. წასვლისას კი ამბობდა, რომ თავის ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში ვერ ხედავდა.
ნოემბრის ბოლოს კი ქართული ოცნებიდან სხვადასხვა დროს წასულმა ექვსმა დეპუტატმა ფრაქცია — დამოუკიდებელი დეპუტატები შექმნეს და თავმჯდომარედ მარიამ ჯაში აირჩიეს.
ბიზნესსაქმიანობაში დასაბრუნებლად უმრავლესობასთან ერთად დეპუტატის მანდატი დატოვა შოთა შალელაშვილმაც.
კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც უმრავლესობიდან სხვებისგან განსხვავებული მიზეზით წავიდა ალექსანდრე ერქვანია იყო. წასვლისას ერქვანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ "ქვეყნის აღმშენებლობაში" ეკლესიის როლი ვერ გააცნობიერა.
2019 წელს ბოლო დეპუტატი, ვინც უმრავლესობასთან ერთად მდეპუტატის მანდატიც დატოვა, ოთარ ჩრდილელი იყო. ჩრდილელის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება უზენაესის მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცებას უკავშირდება. შესაბამისი პოსტი ოთარ ჩრდილელმა ფეიბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
2019 წელს უმრავლესობიდან დეპუტატის გარიცხვის გარეშეც არ ჩაუვლია. სექტემბერში უმრავლესობიდან გარიცხეს ფრაქცია ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე, რაც 2018 წელს დავით ჭიჭინაძის შემდეგ, უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატის გარიცხვის მეორე შემთხვევა იყო. გეგიძე გარიცხვის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესს მასში "ნდობა და ოპტიმიზმი არ გამოუწვევია".
თუმცა, 2019 წელს, უმრავლესობაში მხოლოდ დეპუტატთა რიცხვის კლება არ ყოფილა. ივლისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჩაანაცვლა.
მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გუნდი ერთიანობას და რეიტინგს ინარჩუნებს და ამას 2020 წლის არჩევნებში დაამტკიცებენ.
კომენტარები