შიმპანზეები ცეკვავენ — კვლევა ქცევის პრეისტორიულ წარმომავლობაზე მიუთითებს
კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც პრიმატებს ურთავდნენ სხვადასხვა მუსიკას და აკვირდებოდნენ მათ რეაქციას.
კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებს შიმპანზეებისთვის ჯილდო არ შეუთავაზებიათ, მათ სრულიად უსასყიდლოდ დაიწყეს მოძრაობების შესრულება მუსიკის პირველივე წამიდან. ისინი მოძრაობდნენ რიტმულად, ტაშის კვრის პარალელურად.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შედეგები ცეკვის პრეისტორიულ წარმომავლობაზე მიუთითებს.
ადამიანების შემთხვევაში ცეკვას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს, თუმცა სხვა პრიმატებში ცეკვის ფენომენი არ ფიქსირდება.
კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარი იუკო ჰატორი და მისი გუნდი აკვირდებოდა შვიდ პრიმატს, აქედან სამი მამრი, ოთხი კი მდედრი იყო. თითოეული ჩანაწერი გრძელდებოდა ორი წუთი და რიტმებზე შიმპანზეები განსხვავებულად რეაგირებდნენ, ზოგი მათგანი მინას ხელებს ურტყამდა და აკაკუნებდა, დანარჩენები უკრავდნენ ტაშს, ხოლო ერთ-ერთი მდედრი, მუსიკას მუდმივად ფეხს აყოლებდა.
აღმოჩნდა, რომ მამრები უფრო მეტად ყვებოდნენ მუსიკას ვიდრე მდედრები. ერთ-ერთი, 39 წლის მამრი სახელად აკირა დაკვირვების პერიოდში მუდმივად ცეკვავდა. მეორე მამრმა, ეიუმუმ თავისი დროის მესამედი, ხოლო მესამე მამრმა კი დაახლოებით ათი პროცენტი დაუთმო მუსიკის ფონზე მოძრაობას.
რაც შეეხება მდედრებს, დიდად მონდომებულები არ ჩანდნენ. მათ მიერ ცეკვაში გატარებული დრო ჩართული მუსიკის ხანგრძლივობის 10%-ს არ აღემატებოდა. მხოლოდ ერთი მდედრი, ქლოე აღმოჩნდა ნაკლებად ინერტული და რამდენიმე მოძრაობა შეასრულა.
შიმპანზეებში ცეკვით უფრო მეტად მამრები სავარაუდოდ იმიტომ კავდებიან, რომ ამ პრიმატებს პატრიარქარული წყობა ახასიათებთ.
ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, ავტორები აცხადებენ, რომ ცეკვა სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როცა ჰომო საპიენსი არც არსებობდა.
"ცეკვის ბიოლოგიური საფუძვლები ღრმადაა ფესვგადგმული, როგორც ჩანს იგი უკვე არსებობდა ადამიანისა და შიმპანზის საერთო წინაპრებში", — აღნიშნავს ჰიტორი.
კომენტარები