მმართველი გუნდის დეპუტატი ლადო კახაძე აბსოლიტურად მიუღებელს უწოდებს ქართული ოცნების საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცახდებას იმის შესახებ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმი და მისი ოჯახი პროვოკატორები არიან.

"აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ეს განცხადება. ექიმი ეს არის, თავიდანვე მოგახსენეთ, დონორი, რომელიც გასცემს თავის უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას, ცოდნას და ზოგჯერ თავის სიცოცხლესაც კი, ხაზს ვუსვამ — სხვა ადამიანის გადასარჩენად. ამიტომ მისი პროფესიული საქმიანობა სცდილდება ყველანაირ პოლიტიკას. ექიმები ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგანან", — განაცხადა მან.

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

ფოტო: კადრი ეკრანიდან / ერეკლე კუხიანიძის FB

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ უხარიათ საქართველოს ევროსაბჭოს თავმდჯომარეობა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ზეიმია ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ისინი კი არ არიან.

"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა", — განმარტა გაფრინდაშვილის ცოლმა, თუმცა საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ისინი ზეიმის ჩაშლით იმუქრებიან. მისი აზრით, ამით იკვეთება, რომ გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკატორები არიან.

აღსანიშნია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტები ქვეყნდება. ის აგინებს და დამამცირებლად მოიხსენიებს ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებსაც.

ვაჟა გაფრინდაშვილის ერთთვიანი უკანონო პატიმრობა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ცხინვალის რეგიონში დღეს გაიმართა პატიმრობაში დატოვეს. გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

ექიმის ოჯახი მოითხოვს უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ. გარდა ამისა, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს, რომ მან უწყებების კოორდინაცია შეძლოს.

მათ კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია დაანონსეს, რომლის მიზანიც გაფრინდაშვილის მხარდაჭერაა.