მანქანა მუდამ გამარჯვებულია — რა იწვევს სოციალური მედიისადმი მიჩვევას
სოციალურ მედიას ჩვენ უნდა გავეთავისუფლებინეთ, თუმცა ბევრი ადამიანი მასზე დამოკიდებული გახდა. მწერალი და აქტივისტი, რიჩარდ სეიმორი, ამტკიცებს, რომ ბევრისთვის ის გამაკონტროლებელ, დამსჯელ და მომწავლელ სივრცედაც კი იქცა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მას ვერაფრით ველევით.
ჩვენ ტექსტებით ვართ გარემოცულნი. როგორც მწერალი და მეცნიერი, შოშანა ზუბოფი იტყოდა, ჩვენი ცხოვრება "ელექტრონული ტექსტი" გახდა. სოციალური მედიის პლატფორმებმა ჩვენთვის შექმნეს მანქანა, რათა გამუდმებით ვწეროთ მას. სატყუარა ისაა, რომ ჩვენ ამ გზით თითქოს ვურთიერთობთ სხვა ადამიანებთან: ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან, ცნობილ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, სამეფო ოჯახის წევრებთან, ტერორისტებთან, პორნო ვარსკვლავებთან — ნებისმიერთან, ვისთანაც გაგვიხარდება. მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ ამ პირებთან კი არა, მანქანასთან ვურთიერთობთ. ჩვენ მას ვწერთ, ის კი ჩვენს შეტყობინებას ჯერ თავის მონაცემთა ბაზაში ინახავს, შემდეგ კი ადრესატს გადასცემს.
ეს მანქანა სარგებლობს ეგრეთ წოდებული ქსელის ეფექტით: რაც უფრო მეტი ადამიანი მისწერს მას, მით მეტ ღირებულებას იძენს ის ჩვენთვის და ასე გრძელდება მანამ, სანამ მის ნაწილად არყოფნა ჩვენთვის არახელსაყრელი არ ხდება. მაინც, რის ნაწილად ყოფნა? რისი და, მსოფლიოს პირველი საჯარო, ცოცხალი, კოლექტიური, ინტერაქციული წერის პროექტის; ვირტუალური ლაბორატორიის. ეს ადამიანებისთვის იმგვარი მიდრეკილების გაჩენის ტექნიკას ეფუძნება, რომელიც იყენებს მანიპულაციის მარტივ ხერხებს. ბიჰეივორისტმა ბიეფ სკინერმა ჯილდო-სასჯელის მონაცვლეობით შემუშავებული ეს მეთოდი ვირთხებისა და მტრედების ქცევის გაკონტროლების გზით გამოიკვლია. ჩვენ კოკაინზე დამოკიდებული ადამიანების მსგავსი მომხარებლები ვართ.
რა გვაძლევს იმის სტიმულს, რომ ყოველდღე საათობით ვწეროთ? უმეტეს შემთხვევაში, ამისგან ჩვენ არც ანაზღაურებას ვიღებთ და არც — სამუშაო ხელშეკრულებას. რას გვთავაზობენ პლატფორმები ხელფასის ნაცვლად? რა გვაიძულებს ამის კეთებას? რა და, ყურადღების მიღება, რეტვიტები, გაზიარებები და ლაიქები.
ეს სოციალურ მექანიზმზე მომუშავე ტვიტერ-მანქანაა და არა — ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზის სერვერები, მეხსიერების სისტემები, პროგრამები თუ კოდები. ეს მწერლობის მანქანაა, წერისა და უკუკავშირის მარყუჟი. ტვიტერ-მანქანის ძალა მის არაფორმალურობაში, ინტერაქტიულობასა და სიჩქარეშია. თავად ტვიტერის მუშაობის პრინციპიც კი ხალხისგან მოითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად და ხშირად გამოაქვეყნონ ნაწერი. აქ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ახლდება, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რას დაპოსტავ — თუ ის ვირუსულად არ გავრცელდა, ადვილად მიეცემა დავიწყებას. მეორე მხრივ, გამომწერთა სისტემა თავდაპირველი ტვიტის გარშემო ფართო განხილვის დაწყებას უწყობს ხელს. ეს სწორედ ის არის, რატომაც მოსწონთ ადამიანებს ტვიტერი: ის პირად მიმოწერას ჰგავს, მაგრამ საზოგადოებრივ, კოლექტიურ კონტექსტში.
ამავდროულად, ჰეშთეგები და ტრენდული თემები ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად არის ეს პროტოკოლები მომართული ინდივიდუალური ხმების გაერთიანებისაკენ — ამ ფენომენს მომხმარებლები ხუმრობით სამეცნიერო ფანტასტიკური ტერმინით, "კოლექტიური ცნობიერებით" მოიხსენიებენ. ის, რისგანაც თითოეული მომხმარებელი ყველაზე დიდ სიამოვნება იღებს, ნებისმიერი თემის გარშემო ამტყდარი კოლექტიური სიგიჟის ხანმოკლე პერიოდია. პლატფორმებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რასთან დაკავშირებით გამოითქმება მასობრივი შეშფოთება; მათი მიზანი მონაცემთა გენერირებაა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნედლეულია, რაც კი აქამდე კაცობრიობას აღმოუჩენია. როგორც ფინანსურ ბაზრებზე ხდება ხოლმე, ფასს აქაც სწრაფი ცვლილებების გამოწვევის უნარი წევს მაღლა; ამ შემთხვევაშიც, რაც მეტი ქაოსი იქნება, მით უკეთესია.
მიუხედავად იმისა, ვთვლით თუ არა ჩვენს თავებს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებად, მანქანა ისე გვეპყრობა, როგორც მასზე დამოკიდებულებს. დამოკიდებულება ერთობ მიზანმიმართულად არის არჩეული იმ შაბლონად, რომლითაც ჩვენი ტვიტერთან ურთიერთობა განისაზღვრება. აქ ყურადღებაზე დამოკიდებულება იგულისხმება. სოციალური მედიის მმართველებისთვის ეს აქსიომატურია.
თუ სოციალური მედია დამოკიდებულებას იწვევს, ის ქცევა, რომელსაც ასეთ დროს ვავლენთ, ყველაზე ახლოს აზარტული თამაშების თამაშს ჰგავს: ეს გაყალბებული ლატარიაა. აზარტული თამაშების ყველა მოთამაშე თავის ბედს რამდენიმე აბსტრაქტულ სიმბოლოს მიანდობს — წერტილებს კამათელზე, ციფრებს, წითელსა თუ შავ ფერს. ამ სიმბოლოებს, უმეტეს შემთხვევაში, სასტიკი და სწრაფი განაჩენი გამოაქვთ — შენ ხელმოცარული ხარ და სახლში ჯიბეგამოცარიელებული მიდიხარ. ნამდვილი აზარტული მოთამაშე დაძაბულობისგან, მთელი თავისი ცხოვრების სასწორზე დადებისგან იღებს სიამოვნებას. სოციალურ მედიაშიც შენ რამდენიმე სიტყვას კრეფ, რამდენიმე სიმბოლოს ნიშნავ, აჭერ გაგზავნას და ელოდები, რა ციფრებზე გაჩერდება კამათელი. ინტერნეტი არითმეტიკულად დათვლილ მოწონებებზე, გაზიარებებსა და კომენტარებზე დაყრდნობით გეტყვის, ვინ ხარ და როგორია შენი ბედისწერა.
საინტერესო შეკითხვა აქ ისაა, თუ რატომაა ეს ყველაფერი ასეთი მიმჩვევი. თეორიულად ყველას შეუძლია მოიგოს, მაგრამ პრაქტიკაში ყველა ერთნაირი შანსებით ვერ თამაშობს. სოციალური მედიის ანგარიშები იქმნება საწარმოების მსგავსად, რომლებიც ყურადღების მოპოვებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. თუ ახლა ყველანი ავტორები ვართ, ჩვენ არა ფულისთვის ვწერთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ნაწერი სხვებმა წაიკითხონ. ვირუსულად გავრცელება და ტრენდებში მოხვედრა გამართლებაზეა. მაგრამ ზოგჯერ ჯეკპოტის მოგება ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება დაგემართოს. ლაიქებისა და მოწონებების თავსხმა ელვისებური სისწრაფით შეიძლება ტრანსფორმირდეს ბრაზისა და რისხვის ქარბუქად.
2015 წლის კვლევამ გააანალიზა მიზეზები, თუ რატომ მთავრდება ხოლმე კრახით ადამიანების მცდელობა, დატოვონ სოციალური მედია. კვლევის მონაცემები დაფუძნებული იყო იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც მეცნიერებს წერილობით დათანხმდნენ, 99 დღით გაეუქმებინათ ფეისბუქის ანგარიშები. ბევრი პირველივე დღეებში დანებდა. იმათგან ბევრს, ვინც წარმატებით გააუქმა ფეისბუქის ანგარიშები, ხელი მიუწვდებოდა სხვა სოციალურ ქსელებზე — მაგალითად, ტვიტერზე. ხოლო ისინი, რომლებმაც ყველანირი სოციალური მედიისგან შორს დაიჭირეს თავი, ჩვეულებრივ, თავს ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებზე ბედნიერებად გრძნობდნენ და ნაკლებად აინტერესებდათ, რას იტყოდნენ სხვები მათზე. ამრიგად, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება, ნაწილობრივ, დეპრესიის თვითმკურნალობის, ნაწილობრივ კი იმის საშუალებაა, რომ სხვების თვალში საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინო. უფრო მეტიც, ეს ორი ფაქტორი დიდი ალბათობით ურთიერთგადაჯაჭვულია.
მათთვის, ვინც საკუთარი თავისთვის იმიჯის შექმნას დამოუკიდებლად ცდილობენ, სოციალური მედიიდან მიღებული შეტყობინებები სატყუარასავით მუშაობს. შეტყობინებები ტვინის ჯილდოს სისტემას ასტიმულირებენ. შედეგად, თუ სოციალური მედიის პლატფორმებიდან საკმარის მოწონებას ვერ ვიღებთ, თავს ცუდად ვგრძნობთ. მოწონების მიღებაზე დამოკიდებულება ჰგავს პოკერის აპარატებისა და სმარტფონის თამაშებით გამოწვეულ ეფექტს, რომელსაც კულტუროლოგი, ბიუნგ ჩულ ჰანი "კაპიტალიზმის თამაშიზაციას" უწოდებს.
ამასთან, ჩვენი ნაწერი მორგებული უნდა იყოს გარკვეულ სოციალურ ნორმებს. ჩვენ არამხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ ჩვენი თანამოაზრეების მოწონება დავისმახუროთ, არამედ, გარკვეულწილად, მხოლოდ მათ ნაწერს ვაქცევთ ყურადღებას, ვინც ჩვენსავით ფიქრობს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, სწორედ მათ ვუპასუხოთ და ლაიქებიც მივიღოთ. შესაძლოა, ზუსტად ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად რეალური ცვლილებების არმომტან, მყვირალა, ვირუსულ კამპანიებსა და ეგრეთ წოდებული "სოციალური ბაბლების" შექმნა-გაძლიერებას.
აზარტული თამაშებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებს შორის პარალელის გავლებისთვის გვერდის ავლა რთულია. ტრისტან ჰარისი, გუგლის ყოფილი დიზაინის ეთიკოსი, სმარტფონს "ჯიბის სლოტის მანქანას" ეძახის. სმარტფონების აპლიკაციების უმეტესობა მომხმარებლების შესანარჩუნებლად იყენებს წყვეტილ ცვლად ჯილდოებს. იმის გამო, რომ ჯილდოები ცვალებადია, მათი წინასწარგანსაზღვრა შეუძლებელია: თქვენ მანქანის სახელური უნდა ჩამოწიოთ, რათა ნახოთ, რას მიიღებთ. ადამ ალტერი დასძენს, რომ მოწონების ღილაკის გამოგონებით მომხმარებლებისთვის პოსტის ყოველი გამოქვეყნება აზარტული თამაშის ტოლფასი გახდა. ანთროპოლოგი ნატაშა დოუ შული, რომელმაც აზარტულ თამაშებზე ნაშრომი შექმნა, ამ მოსაზრებას ეთანხმება.
დღევანდელი კაზინოები რადიკალურად განსხვავდებიან ძველი ყაიდის კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ორგანიზებული კარტის თამაშებისგან. რულეტის მაგიდასთან მოთამაშეს რისკისგან მიღებული სიამოვნების გამართლება იმით შეეძლო, რომ თანასწორებთან შეჯიბრის ღირსეულ ფორმაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოთამაშეთა უმრავლესობამ ბანქოს მაგიდებიდან მანქანებზე გადაინაცვლა. სათამაშო აპარატები კი, თავიანთი ჩახლართული ალგორითმებით, ძველი დროის ბანდიტებისგან საოცრად განსხვავდებიან. აზარტული თამაშების მოთამაშეები ახლა, უბრალოდ, ეკრანს შესცქერიან და სიამოვნებას უსულო მანქანასთან ავტომატიზირებული ინტერაქციის შედეგად იღებენ.
აპარატებს აქვთ მთელი რიგი მოწყობილობები, რომლებიც მოთამაშეებს მუდმივი მოგების ატმოსფეროს უქმნიან, რათა მათ თამაში გააგრძელონ. ხშირად ეს წაგებაა, რომელიც შენიღბულია მოგებად, რადგან შენ იმაზე მეტი გადაიხადე თამაშში, ვიდრე მოგებული თანხაა. თუმცა ხშირად მოგება თამაშის მიზანი არც არის. შულის თქმით, როდესაც ვთამაშობთ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ თამაში. როგორც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ერთი პირი განმარტავს, ის არ თამაშობდა მოგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ "დარჩენილიყო სათამაშო ზონაში, სადაც სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა". აზარტული თამაშების ინდუსტრიას კარგად აქვს გაცნობიერებული სოციალური რეალობის თავიდან აცილების სურვილის ასპექტი. ამ ფენომენზე შემუშავებულ ტაქტიკას მოწყობილობასთან გატარებული დრო ეწოდება. სათამაშო აპარატების დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ეს დრო მაქსიმალურად გაიზარდოს.
დროის ფაქტორი თამაშზე დამოკიდებულების შესწავლისას უმნიშვნელოვანესია. კაზინოებში დღის სინათლე არასოდეს აღწევს და აკრძალულია ყველაფერი, რაც დროის გასვლაზე მიგანიშნებს: იქ არ არის ფანჯრები ან საათები და საჭმელ-სასმელიც მუდამ ხელმისაწვდომია. აზარტული თამაშების ზოგიერთ მოთამაშეს სათამაშო მოწყობილობასთან განშორებას ურჩევნია, ერთჯერად ჭიქაში მოშარდოს. დღის სინათლეს ბარებიც ბლოკავენ, რათა იქ მისულებს მისცენ საშუალება, დროის შეგრძნების გარეშე ისიამოვნონ. როგორც აზარტული თამაშების ერთ-ერთმა ყოფილმა მოთამაშემ თქვა, "ერთადერთი, რაც მახსოვს, არის ის, რომ ოთხი წელი ტრანსში ვცხოვრობდი". შული ამას მანქანის ზონას უწოდებს. ეს ის ადგილია, სადაც ჩვეულებრივი რეალობა "განმეორებითი პროცესის მექანიკურ რითმზეა დაკიდებული". აზარტული თამაშების მრავალი მოთამაშისთვის რეალური დროისთვის თვალის გასწორების იდეაც კი აუტანლად დამთრგუნველია. მარკ ლევისი, ნევროლოგი და ყოფილი ნარკომანი, აღწერს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფსაც კი როგორ არ შეეძლო, გამკლავებოდა "ყოველდღიურობას არსებითი ცვლილების განცდის გარეშე".
ტვიტერ-მანქანა ისეა შექმნილი, რომ მას კაზინოსეული ხრიკების გამოყენება არ სჭირდება. მისმა მომხმარებელმა უკვე უკან მოიტოვა სამუშაო, მოსაწყენი ლანჩი ან შფოთისმომგვრელი სოციალური სიტუაცია, რათა სხვა, უდროო ზონაში გადასულიყო. სოციალური მედიის მომხიბვლელობა არამარტო იმაშია, რაც მასში შესვლისას დაგვხვდება, არამედ, უფრო მეტად იმაში, რასაც იქ ყოფნისას თავიდან ვირიდებთ. დღის სინათლის დასახშობად ფანჯრების დაბლოკვა აღარ არის საჭირო, ეკრანი ისედაც აკეთებს ამას.
სოციალურ მედიაში ყოფნისას ჩვენი დრო სხვაგვარად იმართება. აზარტული თამაშების მოთამაშეებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი დროითი რიტმი იღბლის ის მონაცვლეობაა, რომელიც ბედისწერითაა განპირობებული. ნარკოტიკზე დამოკიდებულებისთვის ის რიტმია მნიშვნელოვანი, რომელსაც სუბსტანციის მიღების მერე გრძნობ, იქნება ეს ოპიუმისეული სტაციონალური ეფექტი თუ ალკოჰოლისეული კრეშენდო და მერე დაღმასვლა. მეორე მხრივ, სოციალური მედიის მომხმარებლების გამოცდილება ტრანსისმაგვარ დინებას ჰგავს. ადამიანი რეალურ დროში მიმდინარე ინფორმაციულ ნაკადშია ჩართული და მოვლენებს რომ არ ჩამორჩეს, ამასთან, სპეციფიკური დისციპლინაც უვითარდება.
თუ ჩავთვლით, რომ სოციალური მედია პლატფორმები წააგავს კაზინოს, მაშინ ისინი ნეოლიბერალურ ერაში ფესვებგადგმული აზარტული თამაშების გაგრძელებას წარმოადგენენ. მაშინ, როცა ომისშემდგომ პერიოდში აზარტულ მოთამაშეზე კონტროლი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, ბოლო 40 წლის განმავლობაში კანონები უფრო ლიბერალური გახდა. დღესდღეობით ბრიტანელების უმრავლესობა რაღაც ფორმით მაინც თამაშობს აზარტულ თამაშებს — ყველაზე ხშირად ეროვნულ ლატარიაში მონაწილეობის გზით. მსგავსი გარდაქმნები მოხდა აშშ-სა და კანადაშიც, ევროკომისიამ კი ლიბერალიზაციის მიზნით ზეწოლა მოახდინა იტალიაზე, ავსტრიასა და საფრანგეთზე.
კულტურის კუთხით, სიცოცხლის როგორც ლატარიის იდეა ფართოდ გავრცელდა არამხოლოდ სოციალური თეორიების სახით, არამედ — როგორც ადამიანის უიღბლობის ამხსნელი ჰიპოთეზა. ეს გარემოება ერთმანეთთან ისე აკავშირებს აზარტულ თამაშებს, ბედისწერასა და ღვთიურ განგებას, რომ თავის პირვანდელ გამოხატულებებს უბრუნდება. როგორც ლიტერატურათმცოდნე ბეტინა ნაპმა ახსნა, აზარტის ბედისწერის იარაღად, იმის ამხსნელად აღქმა, თუ რა სურს უზენაეს არსებას ჩვენგან, გვხვდება შინტოიზმში, იუდაიზმსა და ქრისტიანობაშიც. ბიბლიის რამდენიმე პასაჟში გათვლა ან კენჭის ყრა ღვთიური ნების გასაგებად გამოიყენება. არსებითად, წილის ყრის დროს შენ არაამქვეყნიურ ძალას შენი ბედის განკარგვის უფლებას აძლევ. რაღაც მსგავსი ხდება, როდესაც ჩვენ სოციალურ მედიაში ტექსტს ან ფოტოს ვაქვეყნებთ, რადგან ვირტუალურ სივრცეში ჩვენ ფაქტობრივად ვერ ვაკონტროლებთ იმ კონტექსტს, რომელშიც ჩვენს პოსტს მოათავსებენ. სწორედ ამაშია აზარტული თამაშისთვის დამახასიათებელი რისკი.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ზედმიწევნითი დოზებით ამარაგებენ მომხმარებლებს საზოგადოებრივი მხარდაჭერით. მაგრამ მსგავსი მიდგომა არ ითვალისწინებს იმას, რომ თამაში მხოლოდ მოგებებისგან არ შედგება. თითოეული პოსტის გამოქვეყნებისას ჩვენ, ფაქტობრივად, უფლის სამსაჯვროზე ვდგებით. სტატუსის გამოქვეყნებისას ის, რასაც ჩვენ რეალურად ვითხოვთ, განაჩენია. როდესაც მანქანას ჩვენ შესახებ რაღაცებს ვეუბნებით — არ აქვს მნიშვნელობა თავდაპირველ მიზანს — ჩვენ მაინც ყოველთვის განსჯას ვითხოვთ. ხოლო ყველას, ვინც ფსონს დებს, წაგების მოლოდინიც აქვს.
ნარკომანიის ყველაზე აშკარა ატრიბუტი არის ის, რომ იგი კლავს. და ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სიკვდილი. ბრიუს ალექსანდრე, საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც დამოკიდებულების ფენომენს 70-იანი წლებიდან სწავლობს, ამბობს, რომ სანამ ზედოზირებისგან, თვითმკვლელობისგან, შიდსისა თუ ჰეპატიტისგან ფიზიკურად გარდაიცვლებიან, ნარკომანები სიმბოლურ სიკვდილს განიცდიან. აზარტული თამაშების მოთამაშეებიც სიმბოლურად კვდებიან, როცა იმხელა ვალებს აგროვებენ, რომ ყველაფერს კარგავენ.
სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ამ რაკურსით იშვიათად არის გაანალიზებული. ამის მიუხედავად, მომხმარებლები ხშირად აღწერენ, როგორ დაუნგრიათ ამ ჩვევამ კარიერა და ურთიერთობები. ჩივილები ყოველთვის ერთი და იგივეა: მომხმარებლები ხდებიან არაპროდუქტიულები, აღელვებულები და დეპრესიულები. სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება დაკავშირებულია დეპრესიის ზრდასთან: პლატფორმებთან ურთიერთქმედება ასოცირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის საგრძნობ გაუარესებასთან, ხოლო სოციალურ მედიაში გატარებული დროის მატება, შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ გაიზარდა ასე საგრძნობლად თინეიჯერებში სუიციდის შემთხვევები. ამაზე ფეისბუქმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პასიური მოხმარება, შესაძლოა, ფსიქიკურ ჯანმრთელობას მართლა უქმნიდეს საფრთხეს, მაგრამ უფრო მეტი ჩართულობა აუმჯობებს მას. ეს მტკიცება, რომელიც კვლევებით არ არის განმტკიცებული, თავის მართლებასთან ერთად საიტისთვის მომგებიანი მონაცემების მიღებასაც ემსახურებოდა.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების სპეციალისტმა, ალენ კარმა ნათლად ახსნა თვითგანადგურების მექანიზმის მუშაობა. მან რაიმეზე დამოკიდებულება შეადარა მტაცებელ მცენარეს, რომელიც მწერებსა და პატარა ცხოველებს თავისკენ ნექტარის სურნელოვანი სუნით იზიდავს. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი მცენარის შიგნით მოექცევა და გემრიელ შაქრიან სითხეს დახედავს, იგი აღმოაჩენს, რომ მის გარშემო კედლები სრიალა და დრეკადია. ის ქვემოთ, საკუთარი საფლავისკენ მზარდი სიჩქარით ეშვება. გარკვეული დროის მერე ის აღმოაჩენს, რომ სიამოვნება მხოლოდ მირაჟია, გაქცევა კი — უკვე შეუძლებელი. და მას საჭმლის მომნელებელი ენზიმები შთანთქავენ.
პრობლემა ის არის, რომ რაიმეზე დამოკიდებულების გამომუშავების საშიშროების შესახებ ცოდნის გავრცელება პრევენციის როლს ვერ ასრულებს. ჩვენ ისიც კი გააზრებული გვაქვს, რომ თუ სოციალური მედიის პლატფორმა ახერხებს, მასზე დამოკიდებული გაგვხადოს, ეს მის წარმატებულობაზე მიუთითებს. რაც უფრო მეტად ანადგურებენ ისინი ჩვენს ცხოვრებას, მით უკეთ მუშაობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვრჩებით სოციალურ მედიაში. ამ ფენომენის ახსნა ნაწილობრივ იმ ფორმის გაცნობიერებით შეიძლება, რომლითაც დამოკიდებულება ჩვენს ყურადღებას აორგანიზებს. მაგალითად, სათამაშო აპარატები წაგების მოგებად შენიღბვის ექსპერტები არიან. ეს იმით მიიღწევა, რომ ჩვენ გამარჯვებაზე ვფოკუსირდებით და არა იმაზე, თუ რად გვიჯდება თამაში. და თუ შიგადაშიგ ჩვენი ჩვევის მავნებლობას ვიაზრებთ, თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ერთ დღესაც ამ სიტუაციიდან დიდი მოგება გვიხსნის. მაგრამ ამ ფსიქოლოგიური მექანიზმის აღწერით მისგან თავის დაღწევის გზებს ვერ ვსახავთ. ჩვენ ხომ ირაციონალური ქცევის რაციონალურად ახსნას ვცდილობთ.
დამოკიდებულებისადმი ჩვენი მიდრეკილება ერთ უსიამოვნო კითხვას ბადებს: თვითგანადგურება ხომ არ არის ის, რასაც პერვერსიულად მიველტვით? იქნებ, მტაცებელი მცენარის მსხვერპლი ჩვენი ნებით ვხდებით, რადგან ნელ სიკვდილს ვეძებთ? ხდის თუ არა სიგარეტის ყუთზე სიკვდილისა და დაავადებების მაჩვენებელი სურათები მოწევას უფრო მიმზიდველს? რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც შეგნებულად ვეძებთ. ჰეროინის მომხმარებლები მუდამ იმის ცდაში არიან, რომ თავიდან განიცადონ პირველი მოხმარების სიამოვნება. აზარტული თამაშების მოთამაშეები კი იმ მანიაკალური მომენტებისთვის თამაშობენ, როდესაც მათი სტრატეგია დიდი გამარჯვებით გვირგვინდება. მაგრამ თუ დამოკიდებულებას მხოლოდ დოპამინის მორიგი დოზის ძიებით ავხსნით, რთული გასაგები ხდება, როგორ აქცევს მუდმივი იმედგაცრუებები სოციალურ მედიას კიდევ უფრო მიმზიდველად. პლატფორმები რაც უფრო დაუდევრად გვექცევინ, მით დიდი მოწადინებით ვატარებთ მათში დროს.
ამ გამოცდილების ერთ-ერთი საზომი შეფარდების სახელითაა ცნობილი. თქვენი ტვიტის ქვეშ პასუხებმა მოწონებებსა და რეტვიტებს საგრძნობლად თუ გადააჭარბა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფსონი წამგებიან რიცხვზე დადეთ. რაც დაწერეთ, იმდენად აღმაშფოთებელი, იმდენად საშინელი იყო, რომ ახლა ყველა თქვენს ლანძღვაზეა გადასული. მსგავს ვითარებაში ხშირად ხვდებიან მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, პოლიტიკოსები, ცნობადი სახეები, რომლებიც პლატფორმაზე პროფესიული მიზნებისთვის არიან. და როცა სოციალური ნორმების დამრღვევ ტექსტს აქვეყნებენ, ისინი თვითგანადგურების ღილაკს აჭერენ თითს. მაგრამ ყველაზე საინტერესო შემთხვევები ის კი არაა, როცა ვინმე წამიერი უგუნურებით რაიმე ცუდს დაწერს, არამედ ის, როცა გონიერი მომხმარებლები თავიანთ გამომწერებთან დაუსაბუთებელ, ღირსებაშემლახველ, თვითგამანადგურებელ განხილვებში თავით ეშვებიან.
განვიხილოთ მაგალითად მერი ბერდის, კემბრიჯელი ისტორიკოსის შემთხვევა. მას აქვს ტვიტერის ანგარიში, რომელიც სავსეა სასიამოვნო სელფებით, მემარცხენე-ცენტრისტული შეხედულებებითა და გულშემატკივრებთან მეგობრული მიმოწერით. ბერდის დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის გამოეხმაურა საქველმოქმედო ორგანიზაციის, ოქსფამის მოხალისე თანამშრომლებისადმი წაყენებულ საშინელ ბრალდებას, რომ ისინი ჰაიტიში ბავშვებს აუპატიურებდნენ. მართალია, ბერდიმ აღნიშნა, რომ ამ ქცევის გამართლება არ შეიძლებოდა, იქვე რიტორიკულად იკითხა, თუ რამდენადაა შესაძლებელი "კატასტროფის ზონაში ცივილიზებული ღირებულებების შენარჩუნება". ბერდის პროგრესული ღირებულებების მქონე გამომწერები საშინლად აღშფოთდნენ. მათ თვალში ისტორიკოსმა მოძალადეთა ქცევა გარემო-პირობებით გაამართლა. იტყოდა იგი იმავეს, — სვამდნენ კითხვას ტვიტერის მომხმარებლები, — მსხვერპლები თეთრკანიანები რომ ყოფილიყვნენ? როცა ბერდმა ეს ტვიტი გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, არც უფიქრია, რომ ის რაიმენაირად რასისტულ განცხადებას შეიცავდა, მაგრამ, საინტერესოა, რატომ აირჩია მან მაინცდამაინც ეს მედიუმი ამ აზრის გამოსათქმელად. უფრო ზუსტად კი, საკითხავია, რამდენი დრო დაუთმო ამ პოსტის შედგენას. ტვიტერი კარგია მახვილგონივრული გამონათქვამებისთვის; იმის გამო, რომ ასოთა რაოდენობაში შეზღუდული ხარ, თითოეულ სიტყვას, როგორც წესი, პედანტურად არჩევ ხოლმე. ზუსტად ამ მიზეზის გამო ეს საშინელი ადგილია პროვოკაციული თეზისების სასხვათაშორისოდ განსათავსებლად.
ბერდის იმედგაცრუებულმა გამომწერებმა უკმაყოფილების გამოხატვა ლაკონიური და სასტიკი კომენტარებით დაიწყეს. გარკვეული დროის შემდეგ კი უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რამდენად ადეკვატური იყო კრიტიკა. ასეთ დროს ატეხილ აურზაურში საკუთარ სიტყვებზე პასუხი აღარავის მოეკითხება. ეს არც პოლიტიკური განათლების მიღების გზაა, იმის მიუხედავად, თუ რა მიზნით ერთვება დისკუსიაში ესა თუ ის მომხმარებელი. ამ ქაოსისგან ვერავინ ვერაფერს სწავლობს იმის გარდა, თუ როგორ დარჩეს მანქანასთან მიერთებული. ეს სადამსჯელო გამათრახებაა; ექსტაზს, რომლითაც დამნაშავეს ასამართლებენ, საფუძვლად მორალური აღმატებულობის შეგრძნება უდევს. იმის მეშვეობით, რომ ადამიანები მის მიმართ დამოკიდებულები გახდნენ, ტვიტერმა სასჯელის დემოკრატიზირება მოახდინა.
იმის ნაცვლად, რომ უკან დაეხია და თავისი თეზისისთვის გადაეხედა, ბერდი კრიტიკის ტალღას აჰყვა. როგორც სხვა ბევრ მომხმარებელს უქნია, მანაც საათები გაატარა მრისხანე კომენტარებზე პასუხის გაცემის ცდაში. ის ამ თავდასხმისგან მიღებული ემოციური შოკიდან თავის დაღწევას ცდილობდა. დღის ბოლოს კი გამოაქვეყნა სელფი, რომელზეც ცრემლი სდიოდა და მომხმარებლებს შესთხოვა, გაეგოთ, რომ იგი "ნამდვილად არ არის საძაგელი კოლონიალისტი, როგორადაც მოიხსენიებენ". ამან კიდევ უფრო წაახალისა ხალხი, რომ ირონიული ფრაზები "თეთრი ცრემლები" და "თეთრი მოწყვლადობა" მიემატებინათ ბრალდებებისთვის.
ამის მიუხედავად, ბერდი მაინც არ ტოვებდა სოციალურ მედიას. ეს ციფრული თვითდაზიანების ფორმას წააგავდა. სარკე, რომლიც მას აქამდე ეუბნებოდა, როგორი გადასარევი იყო, ახლა საძაგელს უწოდებდა. ბევრი "ონლაინ თვითდამზიანებელი" სპეციალურად ქმნის ყალბ ანგარიშებს, რომ საკუთარი თავი დააბულინგოს. მაგრამ ტვიტერში ეს საჭირო არ არის. შენ, უბრალოდ, უნდა გააგრძელო თამაში და დაელოდო მოულოდნელად თავსდატეხილ ვირტუალურ სიკვდილს.
ის, რაც პლატფრომიდან წასვლისგან გვაკავებს, ნაწილობრივ ეგრეთ წოდებული ჯილდოს ცვალებადობაა. ტვიტერის მანქანა როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური მუხტებით გვამარაგებს. ამ უკუკავშირის არაპროგნოზირებადი ცვალებადობა არის ის, რაც მას მიმზიდველს ხდის. მერყევი საყვარლის მსგავსად, მანქანა იმის ხარჯზე გვინარჩუნებს, რომ ჩვენ მუდამ მისი კეთილგანწყობის მოპოვება-შენარჩუნების ცდაში ვართ. მართლაც, აპლიკაციების მწარმოებლები ნელ-ნელა ქმნიან უფრო მეტ ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემებს, რათა მანქანური დასწავლის მეშვეობით მათ ჩვენგან ისწავლონ, თუ როგორ შეიძლება გახადონ ჯილდო და სასჯელი უფრო მეტად შემთხვევითი. ეს ძალადობრივ ურთიერთობაში ყოფნას ჰგავს. როგორც ურთიერთობები ხდებიან ხოლმე ტოქსიკურები, იგივე შეიძლება ითქვას სოციალური მედიის მოხმარებაზეც.
ტოქსიკურობა არის სასარგებლო ამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ გავუგოთ იმ მანქანას, რომელიც მასზე დამოკიდებულს ორივე — სიამოვნებისა და მოწამვლის გზით გვხდის. ამას ერთვის იმ საფრთხის შეგრძნებაც, რომ ზედმეტი მოგვივა. ამ გრძნობის აღსაწერად შეგვიძლია გამოვიყენოთ კლინიკური ტერმინი, ტოქსიკომანია, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებების ადმინისტრირებას მიემართება. რენესანსის ეპოქაში მოღვაწე ფილოსოფოსს, პარაცელსუსს ეკუთვნის მოსაზრება, რომ შხამს ქმნის დოზა და არა — ნივთიერება. "ყველა სასმელი თუ საჭმელი, თუ მათ ზედმეტი დოზით მივიღებთ, საწამლავია", — თქვა მან.
თუ ტოქსიკურობა არასწორი დოზის მიღებაა, მაშინ კონკრეტულად რაზე გვაქვს ზედოზირება? ნარკოტიკების შემთხვევაშიც კი პასუხი არ არის სწორხაზოვანი. წიგნის, დამოკიდებულების სუბიექტი, ავტორი, რიკ ლუსი აღნიშნავს, რომ ერთი და იმავე ნარკოტიკის ერთი და იმავე რაოდენობით მიღება სხვადასხვა პირებში განსხვავებულ შედეგებს იწვევს. წამლის ნამდვილი გამოცდილება — ეგრეთ წოდებული სუბიექტური ეფექტი — ნაწილობრივ არა ნარკოტიკზე, არამედ მის მომხმარებელზეა დამოკიდებული. ნარკოტიკს ბლაგვი სომატური ძალა აქვს, მაგრამ ნანატრი ეფექტის მისაღებად მას ზემოდან სხვა ინგრედიენტიც ჭირდება. ფსიქოსოციალური დისლოკაცია საკმარისი რომ ყოფილიყო სასურველი მდგომარეობის მისაღწევად, გაცილებით მეტი ნარკომანი იარსებებდა. გარკვეული ზღვარის მიღმა დამოკიდებულება ჩნდება და ის გამოწვეულია მომხმარებლის ფსიქიკური სამყაროთი.
როცა საქმე სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებას ეხება, ბევრად მეტი ცვლადი ჩნდება, ვიდრე — ნარკოტიკების შემთხვევაში. ამიტომ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ საიდან უნდა დაიწყო ანალიზი. მაგალითად, სმარტფონის ან ტაბლეტის ინტერფეისის დიზაინერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოწყობილობასთან ურთიერთობა, მისი ხელში ჭერა ან, უბრალოდ, მისთვის შეხედვაც კი სასიამოვნო გრძნობებს აღძრავდეს. იმის დაუოკებელი სურვილი, რომ ჭამის დროს, საუბრისას, წვეულებებზე და გაღვიძებისთანავე ავიღოთ ტელეფონი ხელში, ნაწილობრივ განპირობებულია თავად ნივთისადმი ლტოლვით და ეკრანის რბილი, ფერადი მბზინვარებით.
როგორც კი რომელიმე აპლიკაციას გავხსნით, უკვე პლატფორმის დიზაინერები იღებენ კონტროლს. პროგრამაში ჩვენი ყოფნის ხანგრძლივობისას ჩვენი ცხოვრება ერთ ვიზუალურ ნაკადს მიჰყვება; ვიდეო თამაშის მსგავსად, ამ ნაკადში ვაწყდებით გამოწვევების მთელ რიგს, მიზნად ვისახავთ ჯილდოს მიღებას და იღბალზე დამოკიდებულ სვლებს ვაკეთებთ. გამოცდილების მსგავს მრავალფეროვნებას თან ახლავს ვოიარიზმი, მოწონება და დაწუნება, თამაშები, ახალი ამბები, ნოსტალგია, სოციალიზაცია და რეგულარული სოციალური შედარებები. თუ ჩვენ რაიმეზე დამოკიდებულები ვართ, ეს სწორედ ის აქტივობებია, რომლითაც პლატფორმა გვამარაგებს — აზარტული თამაშებით დაწყებული, შოპინგითა და "მეგობრების" თვალთვალით დასრულებული.
პლატფორმების შემქმნელებს არ აქვთ შემუშავებული ბოროტი გეგმა, რომელზე დაყრდნობითაც აორგანიზებენ ჩვენს გამოცდილებას. როგორც სოციოლოგი ბენჯამინ ბარტონი განმარტავს, მექანიზმი არის "მკაცრი და შეუცვლელი", მაგრამ "საშუალებათა ავტოკრატიის" პირობებში, მომხმარებელს რაღაც დონის "მიზნის თავისუფლება" ეძლევა. პლატფორმის შინაგანაწესი მომხმარებელთა ურთიერთკავშირს სტანდარტიზაციის გზით მართავს. ისინი იყენებენ წამახალისებელ საშუალებებს, რათა შეინარჩუნონ ადამიანთა კავშირი პლატფორმასთან და თავიანთი ნამდვილი კლიენტების — სხვა კოპანიების ინტერესების დასაცავად, მიზნებით მანიპულირებენ. ისინი გვბომბავენ სტიმულებით, სწავლობენ ჩვენი საპასუხო რეაქციებიდან, რათა უკეთ გვასწავლონ, როგორ ვიქცეთ ბაზრის იმ დემოგრაფიად, რომლადაც გაგვამწესეს. მაგრამ ისინი არ გვაიძულებენ იქ დარჩენას; არ გვეუბნებიან, რა უნდა ვაკეთოთ იმ საათებში, რომლებსაც პლატფორმაზე ვატარებთ. აქ უფრო მეტად, ვიდრე ნარკოტიკების შემთხვევაშია, ტოქსიკურობა არის ის, რაც თვით მომხმარებელს შეაქვს თამაშში.
კომენტარები