2016 წელს, როდესაც საბრინა ბაგეტ-კელუმი ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნის პოლიკლინიკაში ექიმთან რუტინულ შემოწმებაზე მივიდა, მას იმედი სრულიად დაკარგული ჰქონდა. მისი ვაჟიშვილი ციხეში იჯდა და ქალს თავისი ერთი და ორი წლის შვილიშვილებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. რადგან ბავშვების დედა ემოციურად არასტაბილური გახლდათ, ბაგეტ-კელუმს არ სურდა, ბავშვები მშობლების მიერ შექმნილ ქაოსურ გარემოში გაზრდილიყვნენ.

"ჩვენ არ ვიცოდით, ბავშვები დედასთან უსაფრთხოდ იქნებოდნენ თუ არა", — იხსენებს იგი, — "მე ლოცვა დავიწყე, ღმერთს შველას ვთხოვდი. ძალიან ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი".

კლინიკაში ყოფნისას ბაგეტ-კელუმმა შეიტყო, რომ არსებობდა იმ აღმზრდელებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რომლებიც ისეთი მძიმე გამოცდილების მქონე ბავშვებზე ზრუნავდნენ, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, უსახლკარობა ან დაპატიმრებული მშობლების ყოლა. "თავი ისე ვიგრძენი, თითქოს პრობლემასთან გასამკლავებელი იარაღით მომამარაგეს. მე უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მებრძოლა", — ამბობს ბაგეტ-კელუმი პროგრამის შესახებ.

პროგრამის მიზანი პროფესიონალი ტრენერების მიერ იმ მშობლების გამოწვრთნაა, რომელთაც ტრავმაგადატანილი ბავშვების აღზრდა უწევთ. პირადი მწვრთნელი ბაგეტ-კელუმს მარტივი ტექნიკის გამომუშავებაში დაეხმარა, რომელიც ზრდასრულსა და ბავშვს შორის ჯანსაღი კავშირის დასამყარებლადაა საჭირო. ის ქალს, ასევე, საკუთარი ემოციური ჭრილობების მოშუშებაში შეეშველა, რაც სახლში ნაკლებად სტრესული გარემოს შექმნის წინაპირობაა. ბაგეტ-კელუმის თქმით, შედეგები იმდენად გარდამტეხი აღმოჩნდა, რომ მან იმავე პროგრამაში მშობელ ტრენერად დაიწყო მუშაობა.

ფოტო: Nathalie Lees

"მე 26 წლის შვილი ციხეში მყავს, ამიტომ ვფიქრობ, ამ მეთოდების შესახებ ადრეც რომ მცოდნოდა, შეიძლება, თავის დროზე ჩემი ვაჟის მიმართაც უფრო მზურნველი ვყოფილიყავი", — ამბობს ის, — "პროგრამამ საკუთარი თავისთვის იმის თქმის თავდაჯერება შემმატა, რომ მე ყველაფერს შევძლებ".

ტრავმულ ან განსაკუთრებით სტრესულ ბავშვობას ემოციური, ქცვითი და ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა მთელ ჩვენს ცხოვრებაზე შეუძლია. ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი, უარყოფილნი ან დაუცველნი კონფლიქტისგან და ძალადობისგან, მოზარდობაში უფრო ხშირად ხდებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულნი; მაღალია შანსი, რომ მათ კრიმინალური ცხოვრების წესი აირჩიონ და ზიანი მიაყენონ როგორც სხვებს, ასევე — საკუთარ თავებს. მაგრამ მკვლევრები ასევე ამტკიცებენ, რომ ისეთი ტიპის ჩარევა, როგორსაც, მაგალითად, ზემოთხსენებული პროგრამა მიმართავს, მნიშვნელოვნად — და ბიოლოგიურ დონეზეც კი — ამცირებს სტრესისა და ტრავმისგან გამოწვეულ დამაზიანებელ ეფექტებს.

დღეისათვის სულ უფრო მეტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია მუშაობს სამედიცინო სფეროში ტრავმის შედეგების განეიტრალებაზე ფოკუსირებული მიდგომის დამკვიდრებაზე.

მზრუნველი და მშვიდი მშობლების გადამწყვეტი როლი


მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ამოხსნან, რა გავლენა აქვს ბავშვობისდროინდელ ტრავმას ტვინსა და სხეულზე. გასულ ათწლეულში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვობის საზიანო გამოცდილებასა და მოზარდობაში ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს ტოქსიკური სტრესი წარმოადგენს.

თეორიის მიხედვით, ისეთი განმეორებადი სტრესული სიტუაციები, როგორიცაა მაგალითად, ოჯახური ძალადობა ან სიღარიბეში ცხოვრება, ადამიანში საშიშ ვითარებაზე სხეულის ბუნებრივ, გაიქეცი ან შეებრძოლე რეაქციას მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ამყოფებს. მკვლევრები ამბობენ, რომ მშვიდი და მზრუნველი ზრდასრულის ზეგავლენის გარეშე სტრესი ტოქსიკური ხდება და კორტიზოლის გაზრდილი დონე ასხვაფერებს ბავშვის ტვინის ფუნქციონირებას, ასუსტებს იმუნურ სისტემას და დნმ-ის "წაკითხვისა და გადაწერის" მექანიზმსაც კი ცვლის.

"ეს არის წყარო, რომლიდანაც მრავალი პრობლემა წარმოიქმნება", — ამბობს ლინა სინგი, ბავშვობის საზიანო გამოცდილებაზე მომუშავე ეროვნული პედიატრიული პრაქტიკის საზოგადოების დირექტორი, — "საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ უნდა ვიმოძრაოთ. მხოლოდ ასე თუ მივაკვლევთ პრობლემის სათავეს".

სინგის ორგანიზაცია მუშაობს პროექტზე, რომლის მთავარი მიზანია, ბავშვობის საზიანო გამოცდილებათა გამოკვლევა სტანდარტული პედიატრიული პირველადი ზრუნვის ნაწილად იქცეს. პროექტის პილოტური ვერსია უკვე ექვს ამერიკულ კლინიკაში ხორციელდება.

სინგი ამბობს, რომ პედიატრებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მათ შეუძლიათ, პაციენტებს ქცევითი თერაპიის ჩატარების ან სოციალური მხარდაჭერის მიღების გზები გააცნონ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო სკოლებში იშვიათად ასწავლიან ტოქსიკური სტრესის ეფექტების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მრავალი ორგანიზაციული პრობლემაა მოსაგვარებელი, სინგს სჯერა, რომ მათი მუშაობა უზრუნველყოფს საფუძვლიან წინსვლას პედიატრიაში: "თუ ჩვენ მოვახერხებთ შესაბამისი სიმპტომების ადრეულ ეტაპზე ამოცნობას, ჩვენ შეგვეძლება, აღმოვფხვრათ ის უარყოფითი გავლენები, რომლებიც სამომავლოდ რისკის ქვეშ დააყენებს ბავშვის ჯანმრთელობას".

გრძელვადიანი ეფექტები

ფოტო: Natalie Lees

ბავშვობაში გადატანილი საზიანო გამოცდილება, რა თქმა უნდა, უნივერსალური ფენომენია. ასეთ დროს მთავარი კითხვა ისაა, თუ რამდენად სერიოზული და მრავალმხრივი იყო ან არის ძალადობა, რომლის მსხვერპლიც ბავშვი გახდა.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მოგვცა დოქტორ ვინსენტ ფელიტის კვლევამ, რომელიც 1998 წელს ჩატარდა. ფელიტი შეეცადა, ნეგატიურ გამოცდილებათა სიმძლავრე გაეზომა. ამისათვის მან გამოყო შვიდი ტიპის გამოცდილება, რომელთა შორისაც იყო ფიზიკური, ვერბალური ან სექსუალური ძალადობა, განქორწინება, ოჯახური ძალადობა ან ოჯახის წევრების ფსიქიკური დაავადებები. ამ კვლევის ფარგლებში 17 ათას ზრდასრულს ჰკითხეს, ამ გამოცდილებათაგან რამდენის პირისპირ აღმოჩენილან ბავშვობაში.

გამოკითხულთა ორმა მესამედმა განაცხადა, რომ გამოცდილებათა ამ ჩამონათვალიდან ერთი მაინც გადაუტანია, ხოლო ოცმა პროცენტმა სამი ან მეტი ტიპის გამოცდილების გახსენება შეძლო. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადრეულ ასაკში გადატანილი ტრავმა ზრდის დეპრესიისკენ მიდრეკილების, სუიციდის, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების, კიბოსა და ჭარბწონიანობის რისკებს. ამასთან, რაც უფრო მეტი ტიპის საზიანო გამოცდილება გადაუტანია ადამიანს ბავშვობაში, მით მაღალია რისკი.

მას შემდეგ ფელიტის კვლევის შედეგები მრავალჯერ გადაისინჯა და ადრეულ ასაკში გადატანილ ტრავმებსა და ჯანმრთელობისა და ქცევით ხანმოკლე თუ ხანგრძლივ პრობლემებს შორის კავშირი არაერთგზის დადასტურდა. ერთმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2011 წლიდან 2014 წლამდე 23 შტატიდან გამოკითხული მოზარდების 60 პროცენტს ბავშვობაში მინიმუმ ერთი ტიპის საზიანო გამოცდილება გადაუტანია, ხოლო 25-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სამი ან მეტი ტიპის ნეგატიური გამოცდილების მსხვერპლი ყოფილა.

სათანადო მკურნალობის ვერმიღების შემთხვევაში, ბავშვობისდროინდელი ტრავმა ინდივიდებში აორმაგებს ასთმით დაავადების, აუტოიმუნური დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკებს, რაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს.

იმავე ტიპის კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთშიც 2016 წელს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ინგლისის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს გადაუტანია ერთი ტიპის ტრავმა, ხოლო რვა პროცენტმა ოთხი ან მეტი ტიპის საზიანო გამოცდილების გახსენება შეძლო.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღინიშნა, რომ ისინი, ვისაც ოთხი ან მეტი ტიპის ტრავმა გამოუცდია, ოთხჯერ მეტად არიან ალკოჰილიზმის რისკის ქვეშ; ამასთან, ექვსჯერ მეტი შანსია, რომ მათ აქტიური სექსუალური ცხოვრება 16 წლამდე ასაკში დაიწყონ და 16-ჯერ მეტი ალბათობაა იმისა, რომ ჰეროინისა და კოკაინის მომხმარებლები გახდნენ.

ორთაობიან მიდგომას ძალადობის ციკლის შეწყვეტა შეუძლია

ფოტო: Natalie Lees

ტრავმის გამოაშკარავება-მკურნალობაზე ორიენტირებული სამედიცინო ზრუნვის დამკვიდრებაზე მომუშავე პროგრამების მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არ არსებობს ისეთი გრძელვადიანი მონაცემები, რომლებიც ამ მიდგომის ეფექტიანობას გამოააშკარავებდა. მკვლევრები ამ ინფრომაციული ნაპრალის ამოვსებაზე უკვე მუშაობენ.

ბევრი პროგრამა ფიზიკური თუ ემოციური ძალადობისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ციკლის შეწყვეტას ორთაობიანი მიდგომის გამოყენებით ცდილობს. მაგალითად, ერთი ინიციატივა მიზნად ისახავს, გამოკითხოს შელბივილის ბაპტისტურ მემორიალურ საავადმყოფოში მისული ყველა ორსული ქალი. ის პაციენტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში ოთხი ან მეტი სახის საზიანო გამოცდილება (ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა, მშობლებისგან მიტოვება, ოჯახური ძალადობა, მშობლების დაშორება ან მშობლების დაკავება) გადაუტანიათ, ჩაერთვებიან საინტერვენციო პროექტში და დაეუფლებიან სწორი აღზრდის მეთოდებს.

ხოლო პროგრამა, გაუმკლავდი ზრუნვით, რომელიც დაიწყო მიჩიგანში და ნელ-ნელა აფართოებს მოქმედების საზღვრებს, პოლიციელებს აძლევს უფლებას, შეატყობინონ სკოლას იმ მოწაფის შესახებ, რომლის ოჯახშიც ისინი პოტენციურად ტრავმული ინციდენტის გამო გამოიძახეს. სკოლის წარმომადგენლები არ იღებენ დეტალურ ინფრომაციას ინციდენტის ხასიათის შესახებ, მაგრამ ეს ზოგადი შეტყობინება მათ საშუალებას აძლევს, ადეკვატურად ირეაგირონ ბავშვის შეცვლილ ქცევაზე და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ის სათანადო მხარდაჭერით.

კიდევ ერთი პროგრამა ზრუნავს იმ ბავშვებზე, რომლებიც სასამართლომ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემდეგ მშობლებს ჩამოაშორა. ეს პროგრამა ბავშვებს უზრუნველყოფს სამედიცინო შემოწმებით და ეხმარება მათ, დაძლიონ ის სირთულეები, რაც სახელმწიფოს მზრუნველობაში გადასვლას თან ახლავს.

ძალადობის პრევენცია მშობელთა მხარდაჭერის გზით

ფოტო: Nathalie Lees

აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები მხოლოდ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ მოიცავს; ისინი ასევე ეხმარება მშობელს, რომ იმუშაოს საკუთარ თავზე და აღმოფხვრას ტრავმით გამოწვეული პრობლემები. ამის აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ორ მესამედზე მეტი მშობელი, რომელიც ჩართულია ამ ტიპის პროგრამებში, ოთხი ან მეტი ტიპის საზიანო გამოცდილების მსხვერპლი ყოფილა. განსაკუთრებული შედეგი აღნიშნული მეთოდით მუშაობას იმ ოჯახებისთვის აქვს, რომლებიც დაშორების მერე ხელახლა ერთიანდებიან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრავმის შემსწავლელი კვლევები უფრო მეტად პროდუქტიული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთთან ფუნქციური კვეთის მქონე სექტორები გაერთიანებული ძალებით დააფინანსებენ შესაბამის პროგრამებს. "ბავშვობის ტრავმების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე მრავალი კუთხით ვლინდება: ის გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე, კარიერაზე, ჯანმრთელობაზე", — ამბობს ტრავმათა დიაგნოსტირების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკს ლიბერმენი, — "საზოგადოებრივ დონეზე მასშტაბური ცვლილების მისაღწევად კროს-სექტორული მიდგომაა საჭირო".

სწორედ ეს გარემოება ართულებს ტრავმაზე ორიენტირებული ზრუნვის ფართომასშტაბიან დანერგვას. მაგრამ ამ მიდგომას საფუძვლად მარტივი და რევოლუციური იდეა უდევს, ამბობს ლიბერმანი: "ეს არის გზა, რომელიც დაგვეხმარება, კითხვა რა გჭირს? შევცვალოთ კითხვით — რა დაგემართა?"