1922 წელს ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის გახსნამ მსოფლიო მოაჯადოვა. თანამედროვე არქეოლოგები ტუტანხამონის გარშემო ლეგენდის წარმოშობას ორი ფაქტით ხსნიან: სამარხის არაჩვეულებრივი სიმდიდრით, რომელიც, სხვა ბევრი აკლდამისაგან განსხვავებით, მძარცველებს გადაურჩა; და არქეოლოგიური გათხრების დამფინანსებლის, ლორდ კარნარვონის მოულოდნელი სიკვდილით. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ფარაონის იდუმალებით მოცული აკლდამის გახსნიდან სულ მალე გარდაიცვალა.

"მეფე ტუტის", იმავე ფარაონ ტუტანხამონის გარშემო არსებული მითები 1920-იანი წლების უჩვეულო კონტექსტსა და მისი აკლდამის შიგთავსში უნდა ვეძიოთ. ბრიტანელი არქეოლოგი, ჰოვარდ კარტერი, რომელმაც 1922 წელს აღმოაჩინა ფარაონის აკლდამა, პოლიტიკური ქარიშხლის ეპიცენტრში მოხვდა. საქმე ის იყო, რომ ამ აღმოჩენიდან სულ ცოტა ხნით ადრე ეგვიპტემ პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა და ახალი მთავრობა ხელოვნების ნიმუშებზე წვდომას მკაცრად აკონტროლებდა.

1923 წელი, თებე: ტუტანხამონის აკლდამასთან შეკრებილი ტურისტები უყურებენ, როგორ გამოაქვთ სამარხიდან დიდი ზომის ნივთი, რათა ის სამუშაო სივრცეში გადაიტანონ.

ფოტო: Griffith Institute

რთული არქეოლოგიური გათხრების და აკლდამაში აღმოჩენილი სიმდიდრის დაცვა-აღრიცხვა-კატალოგიზაციისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად ლორდმა კარნარვონმა ამერიკულ გაზეთთან, The Times-თან კონტრაქტი გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, გაზეთს მიენიჭა ექსკლუზიური უფლება, მოემერაგებინა მსოფლიო პრესა გათხრების შესახებ სიახლეებითა და ფოტომასალით. იმ დროისათვის ასეთი ტიპის შეთანხმება ერთობ უჩვეულო მოვლენა იყო, თუმცა ოქსფორდის გრიფინის ინსტიტუტის არქივარიუსის თანაშემწე, ქეთ უორსი ამტკიცებს, რომ ფინანსური დახმარება და საინფორმაციო საშუალებების მუდმივი ყურადღება აუცილებელი იყო, რადგან "გათხრები, რომელიც საბოლოო ჯამში თითქმის 10 წელი გაგრძელდა, ძალიან ძვირადღირებული გახლდათ".


ფოტოობიექტივის ფოკუსში

გათხრების პროცესის ფოტოებზე აღსაბეჭდად ბრიტანეთში დაბადებული ფოტოხელოვანი, ჰარი ბარტონი მიიწვიეს, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მუშაობდა. ფოტოების გადაღებისადმი მისეული მიდგომა ძალიან ზედმიწევნითი იყო და მიღებული შედეგი დრამატულობის ეფექტს ქმნიდა. ის სხვადასხვა კუთხიდან იღებდა ობიექტებს და იყენებდა სპეციალური განათებისა და სცენათა დადგმის იმ ინოვაციურ ხერხებს, რომლებიც ის-ის იყო ინერგებოდა ჰოლივუდის ჯერ კიდევ ახალბედა კინოინდუსტრიაში.

ტუტანხამონის საგანძურის უჩვეულო თუ ყოველდღიური დანიშნულების მქონე ნივთებით მთელი მსოფლიო მოიხიბლა. ოქსფორდის ეშმოლის მუზეუმის ძველი ახლო აღმოსავლეთის განყოფილების კურატორი, პოლ კოლინზი ამბობს, რომ ეგვიპტომანიას ასაზრდოებდა "ტექნოლოგიური გარღვევები, რომელიც გათხრების პერიოდს დაემთხვა. ეს ის მომენტი იყო, როდესაც რადიო, ტელეგრამა, მასობრივი გავრცელების გაზეთები და მოძრავი კადრები იმ ერთიან მიზანს მოემსახურა, რომ ტუტანხამონის აკლდამის შესახებ ყველას შეეტყო".

კარტერის (ამ ფოტოზე ის ჩაკუზული იყურება სამარხში) ექსპედიციამ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. აქ ნაპოვნი ნივთების ნაწილი დღემდე შეუსწავლელია.

ფოტო: Griffith Institute

ბარტონის ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ერთ პატარა აკლდამაში 5 ათასზე მეტი ნივთი იყო მოთავსებული. ოქროს დახვეწილი სტატუეტების, სამკაულების, მოხატულ-მოჩუქურთმებული ზარდახშების და დაშლილი ეტლების გვერდით ნაპოვნი ყვავილების წნულები, პური, ხორცი და მუხუდოთი, ოსპით თუ ფინიკებით სავსე კალათები საუკუნეების წინ მცხოვრები ხალხის ყოველდღიური ყოფის წარმოდგენის საშუალებასაც იძლეოდა.

ეს აღმოჩენები 1920-იანი წლების ჩაცმის სტილის შთაგონების წყაროდ იქცა. ექსკლუზიურ, დიზაინერულ სამოსზე და მასობრივი მოხმარების ტანსაცმელზეც გამოჩნდა უნიკალური ეგვიპტური მოტივები გველების, ჩიტების თუ ლოტოსის ყვავილების გამოსახულებებით. ბარტონის ფოტოებზე აღბეჭდილი ფუფუნების საგნები 20-იან წლებში მოძლიერებული კონსუმერიზმის სამიზნედ იქცა. ამერიკელმა ეკონომისტმა, თორსთეინ ვებლენმა ცოტა ხნის წინ მყვირალა 20-იანებში ჩამოყალიბებული მსყიდველობითი ფორმები დაახასიათა ფრაზით "გადაჭარბებული მოხმარება". მსგავსმა მფლანგველურმა მოხმარებამ სამყაროს დაანახა, რომ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტი ნივთის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე საარსებოდ ესაჭიროებოდა.

ჰარი ბარტონმა ფოტოზე აღბეჭდა აკლდამაში ნაპოვნი ნივთები. მათ შორის იყო ეს თეთრი სკივრი, რომელშიც ინახებოდა სელის პერანგები, მოსასხამები, წელსახვევები, 18 ჯოხი, 69 ისარი და საყვირი.

ფოტო: Griffith Institute

ტუტანხამონი ადამიანების ფანტაზიის წყაროდ იქცა და გაიზარდა მოთხოვნა ისეთ ნივთებზე, რომლებიც მისი სამყაროს ნაწილად აღიქმებოდა. სხვა ძველი სამეფოებისაგან განსხვავებით, ტუტანხამონის სამყაროს თანამედროვე ღირებულებებთან დაკავშირება შედარებით მარტივი იყო. სწორედ მისი მამის, ეხნატონის მმართველობი დროს დამკვიდრდა ხელოვნებაში ამარნას სტილის სახელით ცნობილი მიმდინარეობა. ამ სტილში ხორცშესხმულ სამეფო ძლევამოსილებაში ადამიანურობა გამოსჭვიოდა; მასში ოჯახური ცხოვრების შინაგანი, ინტიმური მხარე აისახებოდა და ქალებიც უკეთ იყვნენ წარმოჩენილნი.

ქალღმერთ ისიდას ქანდაკება — ერთ-ერთი იმ ოთხს შორის, რომელიც ტუტანხამონის კანოპურ სამლოცველოს ოთხივე მხარეს დარაჯობდა — და მისი მსგავსი ფიგურები შთაგონების წყაროდ იქცა თანამედროვე გოგოებისათვის, იმ ახალებური აზროვნებისა და ღირებულებების მქონე ქალებისათვის, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავის დამკვიდრება.

აკლდამაში აღმოჩენილ ამ გულსაკიდზე გამოსახული ქალღმერთი ისიდა გასული საუკუნის დასაწყისში გაბატონებული მოდის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. მისი თმის ვარცხნილობა და მხრებიდან დაშვებული კაბა 1920-იანი წლების თანამედროვე გოგოს იმიჯს ზედმიწევნით ესადაგებოდა.

ფოტო: Alamy

თანამედროვე გოგო გლობალური ფენომენი იყო: ამერიკასა და ინგლისში მას modern girl ერქვა, გერმანიაში — neue frauen, იაპონიაში — modan gāru ან moga, ჩინეთში — modeng xiaojie, ხოლო საფრანგეთში — garçonnes. მის წარმომადგენლებს თავისუფლების სულისკვეთებით განმსჭვალული სტილი აერთიანებდათ. კლეოპატრასეული თმის ვარცხნილობა, მხრებიდან თავისუფლად დაშვებული უსახელოებო კაბა, კოქტეილის წრუპვა და ჯაზის რითმებზე ცეკვა თანამედროვე გოგოს დაუმორჩილებლობასა და იმას უსვამდა ხაზს, რომ ასეთ ქალს ერთნაირი წარმატებით შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრებაცა და, სურვილის შემთხვევაში, კაცის მოხიბვლაც.

თანამედროვე გოგო, ამასთანავე, სარეკლამო სახეც იყო. ის ყიდდა პომადას, ფერუმარილს, სუნამოსა და სახის კრემებს. ამ საქონლის დიდი ნაწილის მარკეტინგი ცალსახად ეგვიპტური თემით იყო ნასაზრდოები.

ჯაზის კლეოპატრა

თანამედროვე გოგოს განსახიერება იყო აფრო-ამერიკელი მოცეკვავე, ჯოზეფინ ბეიკერიც, რომელიც თავს "ჯაზის კლეოპატრად" წარმოადგენდა. ის სარგებლობდა კოსმეტიკით, რომელიც სპეციალურად შავკანიანი ქალებისათვის შექმნა აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა, სახელგანთქმულმა და ასევე შავკანიანმა ბიზნესვუმენმა, მადამ სიჯი უოკერმა. ბეიკერმა სილამაზის ეს ახლებური კულტურა თვითდამკვიდრებისთვის გამოიყენა და მოდურობით დაუპირისპირდა რასიზმს.

ჯოზეფინ ბეიკერი "ჯაზის კლეოპატრას" სახელით იყო ცნობილი.

ფოტო: Alamy

ბეიკერმა პარიზის ცნობილ კაბარეში, ფოლი-ბერჟერში დადგმული ნომრებით გაითქვა სახელი. მან აშშ-იდან შემოსული მოდური ცეკვა, ჩარლსტონი, საფრანგეთშიც პოპულარული გახადა. მოცეკვავე წყვილებს აღარ მოეთხოვებოდათ ერთმანეთზე მკლავებით გადაჯაჭვულებს ემოძრავათ და, შედეგად, კაცებმა წამყვანი მოცეკვავის ფუნქცია დაკარგეს. ეს ლამის რევოლუციური სიახლე იყო. პარიზელი მუსიკათმცოდნის, მარტინ გარპენის თქმით, "როცა მარტო ცეკვავ, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო".

მეფე ტუტმა შთააგონა ჯაზიც. ამის მაგალითია 1923 წელს დაწერილი სიმღერა მოხუცი მეფე ტუტი, სადაც ტუტანხამონი "ბრძენ, შეშლილ მოხუცად" წარმოგვიდგება. ის ფაქტი, რომ ტუტანხამონი ყმაწვილი მეფე იყო, აკლდამის აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა: კარტერის ექსპედიციამ მის სხეულამდე მხოლოდ 1925 წელს მიაღწია, როცა კუბოთაგან პირველი გახსნა და იქ ფარაონის ოქროს ნიღაბი იპოვა. მოგვიანებით კი მისი მყიფე და დაზიანებული სხეულიც აღმოაჩინეს.

1925 წლის 28-29 ოქტომბერი: კარტერი და ეგვიპტელი მუშა აკვირდებიან ყველაზე შიდა, ოქროსგან გაკეთებულ მესამე კუბოს, რომელიც მოთავსებულია მეორე, შედარებით დიდ კუბოში.

ფოტო: Griffith Institute

ყურადღებით ჩატარებულმა აუტოფსიამ გამოავლინა, რომ ტუტანხამონი ღონემიხდილი, მოხუცი მეფე კი არა, 17-დან 19 წლამდე ყმაწვილი იყო, რომელსაც ბევრი ტრავმა ჰქონდა მიღებული. ამ აღმოჩენამ სპეკულაციებისა და ლეგენდების ახალი ტალღა წარმოშვა. განსაკუთრებით გავრცელდა ტუტანხამონის წყევლის მითი, რომელიც სამარხის გახსნიდან რამდენიმე კვირაში ლორდ კარნარვონის მოულოდნელ სიკვდილს დაუკავშირდა.

ტუტანხამონის კულტს ბნელი მხარეც ჰქონდა, რომელიც ეხმიანებოდა ხალხის პირად შიშებსა და გამოუთქმელ ტანჯვას. ფარაონის სხეული იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ იშუშებდა პირველი მსოფლიო ომის ჭრილობებს. ამ ომის მსხვერპლთა უმეტესობა ხომ ასევე სახლიდან შორს გათხრილ სამარეებში განისვენებდა და მათი ცხედრები არასდროს დაუბრუნდებოდნენ სამშობლოს. 1925 წელს გაკეთებულმა აღმოჩენამ, რომ ტუტანხამონი ახალგაზრდა მეფე იყო და რომ მის სხეულს მრავალი დაზიანება ჰქონდა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე, რომლებიც ომში დაღუპულ ახლობლებს გლოვობდნენ ან საბრძოლო შეტაკებებში დასახიჩრებულებზე ზრუნავდნენ.

ომიდან დაბრუნებულ დაბინტულ, დაჭრილ ახალგაზრდებს, რომლებიც შინ საშინელი დაზიანებებით ჩავიდნენ, საზოგადოების თვალისგან მოშორებით მკურნალობდნენ, რადგან სუსტი კაცის სხეული სუსტ იმპერიას განასახიერებს. ამის პარალელურად, ახალმა კინოინდუსტრიამ ისეთი მუმიები დაბადა, რომლებსაც მკვდრეთით აღდგომა შეეძლოთ. ბირკბეკის კოლეჯის პროფესორის, როჯერ ლაკჰორსტის თანახმად, "ჯონ ბალდერსტონი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ფარაონ ტუტანხამონის სახე იხილა. ნანახით შთაგონებულმა, მან გადაწყვიტა, სცენარი დაეწერა საშინელებათა ფილმისთვის მუმია, რომელიც დიდ ეკრანებზე 1932 წელს გამოვიდა".

ბარტონი ცდილობდა, თავისი ფოტოებისათვის მაქსიმალურად შთამბეჭდავი კომპოზიცია შეერჩია და ამისათვის სცენების დადგმასაც არ ერიდებოდა. 1923 წლის თებერვალში აკლდამაში გადაღებული ეს ფოტო იმ ორიდან ერთ-ერთია, სადაც კარტერი (მარცხნივ) და ლორდი კარნარვონი ერთად არიან დაფიქსირებულნი.

ფოტო: Griffith Institute

ლაკჰორსტი თვლის, რომ ბარტონის მიერ გადაღებული განძის ფოტოები და მათი აღმოჩენა დაეხმარა კარტერისა და კარნარვონის გუნდს, "გამბედავი გმირების" სახელი მოეხვეჭათ და ისეთი ფილმების პროტაგონისტების პროტოტიპებად ქცეულიყვნენ, როგორიც დაკარგული კიდობნის მაძიებლები და ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი გახლავთ.

1920-იან წლებში ფარაონ ტუტანხამონით საყოველთაო გატაცებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მან ინდივიდები უძველეს ადგილს, ერთმანეთს და იმ საყვარელ ადამიანებსაც დააკავშირა, ვის დაკარგვასაც გლოვობდნენ. ამით პირველი მსოფლიო ომის მერე ცოცხლად დარჩენილებს საშუალება მიეცათ, თავი განსხვავებულ, და, შესაძლოა, უკეთეს სამყაროში წარმოედგინათ. თუმცა ისტორიის გარდასულ დღეთა გაცოცხლებით სხვა სამყაროებზე ოცნების აუცილებლობა დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ოდესმე.