თუ შეუძლია ვარდის, შეგიძლია შენც!
ვაჩოვსკების მატრიცის ტრილოგიაში ყველაზე მეტად რაც მომწონს ფილოსოფიაა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც გონებას გაითავისუფლებს, მონობას თავს დააღწევს და საკუთარ ძალებს ირწმუნებს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს.
იგივე ფილოსოფიაა ქრისტიანობაშიც, როცა ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: "თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის." (მათ. 17. 20).
სიმართლე რომ ვთქვა, არც მე მივსდევ ამ ფილოსოფიას მაინცდამაინც წარმატებით, თუმცა ვცდილობ და ხანდახან გამომდის კიდეც. ასეთ მცდელობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანი გამოცდილებას იძენს, ხედავს დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს მათ გამოსწორებას. თავდაჯერებულობის ფილოსოფია ამ ნაწილში უფრო მნიშვნელოვანია. როცა ირწმუნებ, რომ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი საქმე შეიძლება წარმატებით დაასრულო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო არ გამოგდის, იქნება ეს შეცდომის თუ ობიექტური დაბრკოლების ბრალი, ხელი არ უნდა ჩაიქნიო და კიდევ სცადო, ბევრჯერ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევ.
ცხადია, მიზნები ყველას განსხვავებული გვაქვს და ხშირად, ვიდრე არ მივუახლოვდებით, ვერც კი ვხვდებით, რომელია უმთავრესი.
არსებითად, ყველას ერთი და იგივე რამ გვამოძრავებს - თვითრეალიზაცია, კარიერული წინსვლა, ჩვენს თავზე კონკრეტული ფუნქციის აღება და მისი წარმატებით შესრულება.
როცა ფეხბურთზე ვსაუბრობ, პირველი რაც მახსენდება - სიყვარულია. თითქმის ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, საყვარელი გუნდის და მნიშვნელოვანი მატჩის ყურების გარდა თამაშიც ანიჭებს სიამოვნებას. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად თამაშობ თუ ცუდად, მთავარია, მოედანზე გახვიდე და შენი ჭია გაახარო. ბევრ ჩვენგანს ალბათ არაერთხელ უნატრია დიდი ფეხბურთის თამაში რამდენიმე ათასი გულშემატკივრის ყიჟინის ფონზე. ბევრს გაუმართლა და მათ წინაშე ამ საოცნებო სამყაროს კარებიც გაიღო.
სწორედ ამ ოცნებისა და სიყვარულის გამო მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ქართველი ან სულაც უცხოელი ფეხბურთელები მოედანზე სეირნობას. მესმის, რომ პროფესიად ქცეული საქმიანობა შეიძლება თვალსა და ხელს შუა რუტინად გადაიქცეს და ცოტა მოსაბეზრებელი გახდეს, მაგრამ რატომ? კარგი, გასაგებია, რომ სერხიო რამოსს ალბათ ეზარება ელჩესთან თამაშისას ბოლომდე დახარჯვა და მათ თავდამსხმელს, რომელსაც "ნეკა თითითაც" აართმევს ბურთს, ცალყბად მისდევს. მაგრამ ისეთ კონკურენტულ სამყაროში, როგორიც ფეხბურთია, მით უმეტეს, როცა პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა 18-20 წელი გრძელდება, რატომ უნდა ისეირნო მოედანზე მალტასთან შეხვედრაზე ან რატომ უნდა დაკმაყოფილდე სადღაც ციმბირში თამაშს?
ჩემს უბანში, ისივე როგორც ყველგან, რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი იზრდებოდა, რომლებსაც დიდ საფეხბურთო მომავალს ვუწინასწარმეტყველებდით. ისინი იყვნენ სწრაფები, ტექნიკურები, ჰქონდათ ძლიერი დარტყმა და ერთი ნაკლი - "ღორობდნენ", ბევრს "ფინტაობდნენ" და ხანდახან უაზროდაც კარგავდნენ ბურთს.
ბევრმა მათგანმა იმედი ვერ გაამართლა. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ფეხბურთში "გასაქაჩად" პატრონი გჭირდება, რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ამჯერად იმ ხალხზე მინდა ვისაუბრო, რომლებიც პატრონით თუ უპატრონოდ გაიქაჩნენ, კარიერა ასე თუ ისე აიწყეს, ითამაშეს ნაკრებში, უცხოურ ლიგებში და, ქართული პრესის ცნობით, მათ მიმართ ინტერესი ბარსელონამ, რეალმა, მანჩესტერ იუნაიტედმა და მიუნხენის ბაიერნმა გამოხატეს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ამ კლუბების ნაცვლად ნეფტიხიმიკში ან სადმე უარეს ჭაობში აღმოჩდნენ.
ასეთი ჭაობები დასასრულსა და გაფუჭებულ კარიერას სულაც არ ნიშნავს. საფეხბურთო ფსკერიდან ამოსვლის ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ ამჯერად ყველაზე ახალ და ზღაპრად წოდებულ ამოყვინთვაზე შევჩერდეთ - ჯეიმი ვარდიზე.
ფოტოზე ქალაქი სტოკსბრიჯია. აქ სულ 9 869 ადამიანი ცხოვრობს. 2003 წელს, როდესაც ის Sheffield Wednesday-დან გამოუშვეს, 16 წლის ჯეიმი ვარდის სწორედ ამ ქალაქში ჩამოსვლა მოუწია.
ჯეიმი Stocksbirdge Park Steels F.C.-ში გადავიდა. ეს გუნდი ინგლისის რანგით მეშვიდე ლიგაში თამაშობს. ამ ლიგაში ნახევრად პროფესიონალური და სამოყვარულო დონის გუნდები ასპარეზობენ. ასეთი კლუბების წევრებისათვის ფეხბურთი ძირითადი შემოსავლის წყარო და საქმიანობა არ არის, ისინი დღისით სხვა პროფესიით მუშაობენ, სტადიონზე კი საღამოს ან უქმეებზე გადიან.
სტოკსბრიჯის გუნდში თამაშისას ვარდის ხელფასი კვირაში 30 ფუნტი იყო, ამიტომ პარალელურად ქარხანაში მუშად მუშაობდა.
ამავე პერიოდში, ფეხბურთელი შარში გაეხვა, როგორც თავად იხსენებს, ერთ საღამოს მეგობართან ერთად პაბში იმყოფებოდა, მისი მეგობარი სმენადაქვეითებულია და შესაბამის აპარატს იყენებს.
"ორმა ტიპმა მისი დაცინვა განიზრახა, მე ჩავერიე და მეგობარი დავიცავი. არ ვამაყობ ჩემი საქციელით, მაგრამ ჩემს მეგობრებს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ," ამბობს ვარდი.
ჩხუბის გამო მას პირობითი სასჯელი დაუწესეს, რის გამოც ელექტრონული ბრასლეტის ტარება უწევდა. სახლში საღამოს ექვს საათზე უნდა მისულიყო და გარეთ გასვლის უფლება მეორე დილის ექვსამდე არ ჰქონდა:
სტოკსბრიჯში სამი სეზონი ითამაშა, რის შემდეგაც F.C. Halifax Town-ში გადავიდა. კლუბმა მის სანაცვლოდ 15 ათასი ფუნტი გადაიხადა. ამ გუნდში ერთი სეზონი ითამაშა და ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა. 26 გატანილი გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მომავალი სეზონიდან ვარდიმ კიდევ ერთი საფეხურით აიწია და რანგით მეხუთე ლიგაში მოთამაშე Fleetwood Town-ში გადავიდა. 2011-2012 წლის სეზონში მან ფლიტვუდის მაისურით 36 თამაშში 31 გოლი გაიტანა. კლუბმა ვარდის სანაცვლოდ 750 ათასი ფუნტის შეთავაზება მიიღო იმავე ლიგაში მოთამაშე Blackpool-ისგან, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან გუნდს მილიონი ფუნტი და ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით დატოვება სურდა.
2012 წლის 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვარდი ჩემპიონშიპში, ინგლისის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე Leiceter City-ში გადადიოდა. მელიებმა მასში სამოყვარულო ლიგისთვის რეკორდული ფასი, 1 მილიონი ფუნტი, გადაიხადეს. აღნიშნული ტრანსფერის ღირებულება 1.7 მილიონამდე გაიზრდებოდა, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში.
ლესტერში თამაშის პირველი სეზონი ვარდისათვის წარმატებული არ გამოდგა. ის ფორმიდან ამოვარდა და ფანების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ის ფეხბურთიდან წასვლასაც კი გეგმავდა, მაგრამ მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა გადააფიქრებინა და ჯეიმი კლუბში დარჩა.
2013-2014 წლის სეზონებში მან სიტუაცია შემოატრიალა, მოწინააღმდეგეთა კარში 16 ბურთი შეაგდო და გუნდს ლიგის ჩემპიონობა და პრემიერ ლიგაში თამაშის უფლება მოუტანა.
პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის ლესტერს ბრძოლა დასჭირდა. 2014-2015 წლის სეზონის მიწურულს გუნდს 29 თამაშის შედეგად 19 ქულა ჰქონდა და ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა ბოლო 9 თამაშისას მელიებმა საკუთარ თავში რწმენა იპოვეს, გადაწყვიტეს, რომ შეუძლებელი გაეკეთებინათ და დარჩენილი 9 თამაშიდან შვიდი მოიგეს. შედეგად 41 ქულა დააგროვეს და სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულეს. პრემიერ ლიგის ისტორიაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობიდან აქამდე არც ერთი გუნდი გამოსულა.
ამავე სეზონის ბოლოს ვარდი პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი 7 ივნისს შედგა ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. პირველი სანაკრებო გოლი 2016 წლის 26 მარტს გერმანიის კარში გაიტანა.
2015-2016 წლის სეზონი ვარდისთვის, ლესტერისა და კლაუდიო რანიერისთვის ისტორიული გამოდგა. კლუბმაც, ფეხბურთელმა და მწვრთნელმაც პირველად მოიგეს მაღალი რანგის ლიგა.
ვარდიმ ამ სეზონში რეკორდიც დაამყარა, მან პრემიერ ლიგის ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავდამსხმელის რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გააუმჯობესა.
ჯეიმი ვარდი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. პირადად მე ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი ვარ და სწორედ ჯეიმის იმედი მაქვს, რომ მისი ჟინი და გამარჯვებისაკენ სწრაფვა ჩემს საყვარელ (ცხადია, საქართველოს ეროვნული გუნდის შემდეგ) ნაკრებს დიდი ხნის ნანატრ წარმატებამდე მიიყვანს.
ასეთი ადამიანები როგორიც ჯეიმია, ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს. როგორც ამ სტატიაში წაიკითხეთ და ალბათ არაერთხელ გექნებათ მისი ისტორია მოსმენილი, ვარდის ხშირად უცრუვდებოდა იმედი, მაგრამ ის არ დანებდა და მიაღწია იმას, რაც თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდებს სანატრელი აქვთ.
ასეთი წარმატებები ქართველ ფეხბურთელებისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, კახა კალაძემ კარიერა სამტრედიის ლოკომოტივში დაიწყო, თბილისის დინამოში გააგრძელა, 5-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ კიევის დინამოს რიგებში სამჯერ მოიპოვა უკრაინის ჩემპიონის ტიტული, 2003-2004-ის სეზონში კი მილანთან ერთად სერია ა მოიგო, ორჯერ აწია ჩემპიონთა ლიგის თასი, ორჯერვე მოიგო უეფას სუპერ თასი და ერთხელ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
კალაძის გარდა უამრავი სხვა ფეხბურთელის გახსენება შეიძლება - შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი...
ჩემთვის გასაგებია, რომ დღევანდელ ქართულ საფეხბურთო სამყაროში პატრონიც საჭიროა და იღბალიც, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც გაუმართლათ. გადავიდნენ ევროპის ტოპ-ლიგებში ან ტრამპლინურ ლიგებში და ბოლოს ან სკამზე აღმოჩნდნენ, ან სადღაც სოფლის გუნდებში? არ ვიცი ეს რისი ბრალია, უამბიციოობის თუ პრიორიტეტების, იქნებ ამ ადამიანებს ურჩევნიათ მთელი კარიერის განმავლობაში რომელიღაც გუნდის სკამზე ისხდნენ, იღონ ხელფასი უსაქმურობაში და განცხრომით იცხოვრონ?
ალბათ ესაა მიზეზი, რადგან მე მჯერა, რომ თუ შეუძლია ვარდის - შეუძლიათ ჩვენებსაც.
მთავარია მონდომება.
დისკუსია: თქვენი აზრით, რა არის ქართველ ფეხბურთელთა წარუმატებლობის მიზეზი?