როგორი ზეგავლენა ექნება ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობას ჩვენს ფსიქიკაზე
თუ ოდესმე შევძლებთ მზის სისტემის კოლონიზაციას, ასტრონავტებს აუცილებლად მოუწევთ მოგზაურობა, რომელმაც შეიძლება თვეები და წლებიც კი გასტანოს. ხომ არ არის მსგავსი მისიები ზედმეტად დიდი ტვირთი ადამიანური ფსიქიკისათვის?
1973 წელს აშშ-ის კოსმოსურ სადგურ Skylab-ზე მყოფმა ასტრონავტებმა მუშაობა შეწყვიტეს და მისიის სამართავ ცენტრთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადეს. იქამდე მათ ცენტრს შესჩივლეს, რომ ზედმეტად მძიმედ ამუშავებდნენ და როდესაც უფრო ლმობიერ სამუშაო განრიგზე უარი მიიღეს, გადაწყვიტეს, თავად მოეგვარებინათ პრობლემა — მთელი ერთი დღე ილუმინატორებიდან გადაშლილი ხედებით ტკბებოდნენ და სხვა საქმით თავი არ შეუწუხებიათ.
"ჩვენ ზედმეტად გადატვირთული სამუშაო განრიგი გვქონდა", — მოგვიანებით დაწერა ასტრონავტმა, უილიამ პოუგმა, — "მთელი დღეები თავდაუზოგავად ვშრომობდით. სამუშაო, როგორც წესი, დამღლელი და ერთფეროვანი კი იყო, თუმცა ფონად მუდამ აღმაფრთოვანებელი ხედები გვქონდა".
მათ დაუმორჩილებლობა 84-დღიანი მისიის შუა პერიოდის გადავლის მერე გამოაცხადეს. ასტრონავტები მოგვიანებით ამ ინციდენტს მოიხსენიებდნენ როგორც "გაფიცვას", სხვებმა კი მას "ამბოხება" უწოდეს. რაც უნდა ყოფილიყო ის, ამ ინციდენტმა ცხადყო, რომ გახანგრძლივებული კოსმოსური მისიები მომავალში ისეთ დამატებით გამოწვევებს გააჩენდნენ, როგორებიც შედარებით ხანმოკლე მისიების დროს არ გამოაშკარავებულა.
დღეისთვის, როცა სულ უფრო რეალური ხდება მარსზე გამგზავრების პერსპექტივა, მსგავსი მისიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მასში მონაწილე ეკიპაჟის ფსიქოლოგიური მდგრადობა შეიძლება გახდეს.
მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტებს ანტარქტიდაზე, რათა გამოცადონ, როგორ იმოქმედებს ხანგრძლივი მოგზაურობა კოსმოსში მყოფი ადამიანების ფსიქიკაზე. ანტარქტიდა კოსმოსის კარგი ანალოგი რამდენიმე მიზეზის გამოა: სამხრეთ პოლუსზე ზამთარში, რამდენიმე თვის განმავლობაში, სრული სიბნელეა და დღეღამური ციკლი, რომელსაც მიჩვეულნი ვართ, არ არსებობს; წარმოუდგენელი სიცივის გამო, როცა ტემპერატურა -80 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, გარეთ გასვლა რთულდება; და ბოლოს, იქ სრული იზოლაციაა: ფიზიკური (იმის მიხედვით, თუ სად იმყოფები, ზამთარში შენი ევაკუაცია, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს) და სოციალური (შენ ცხოვრობ პატარა სივრცეში, სადაც ყოველდღე რამდენიმე ერთსა და იმავე ადამიანს ხედავ).
Skylab-ის ამბოხება შეიძლება იყოს მესამე მეოთხედის ფენომენის მაგალითი, რომელიც პოლარულ მკვლევრებსა და სხვა ადამიანებსაც არაერთხელ აღუწერიათ. ეს ფენომენი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ინდივიდები იაზრებენ, რომ მათ გამოუვალ სიტუაციაში იმდენივე ხანი დარჩათ გასატარებელი, რამდენიც უკვე გაატარეს და ეს მათ მოტივაციას უკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამ ფენომენის არსებობის არ სჯერა, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალ სხვადასხვა სიტუაციაში შეუმჩნევიათ, მათ შორის სიმულაციური კოსმოსური მოგზაურობების დროსაც.
სწორედ ამ ფენომენის გამოჩენას მოელოდა გრო მიელდჰაიმ სანდალი, ფსიქოლოგიის მეცნიერების პროფესორი ბერგენის უნივერსიტეტში, როდესაც ანტარქტიდაზე, კონკორდიას სადგურზე მყოფი 27 ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აკვირდებოდა. სადგურის გარეთ საშუალო ტემპერატურა -51 გრადუსი ცელსიუსია და მასთან წვდომა მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდეა შესაძლებელი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სრული დროის ნახევრის გასვლის შემდეგ დეპრესია დაწყებოდათ, ექსპერიმენტის მონაწილეებს "ფსიქოლოგიური ზამთრის ძილის" მსგავსი მდგომარეობა აღენიშნათ — ემოციურად გაუცხოებულები და აპათიურები გახდნენ.
სანდალის თქმით, რაღაც მხრივ, მსგავსი მდგომარეობა კარგიც შეიძლება იყოს, რადგან ის ეკიპაჟის წევრებს რესურსების დაზოგვასა და იზოლაციის გადალახვაში დაეხმარება და გონებრივი გადაწვისგან დაიცავს. თუმცა პოტენციური სარგებლის მიუხედავად, ამ მდგომარეობას გარკვეული რისკებიც შეიძლება ახლდეს; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მსგავსი მარსისკენ მოგზაურობის დროს მოხდება, ანუ მაშინ, როცა ასტრონავტებს გზაში ყოფნა თვეების განმავლობაში მოუწევთ. "საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანებმა სწრაფად უნდა მოახდინონ რეაგირება", — ამბობს ის, — "ამიტომ ხანგრძლივი კოსმოსური მისიის დროს თუ გამოავლენენ ასტრონავტები აპათიურობას, უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება".
მეტიც, ის ამბობს, რომ ადამიანებს, ვინც მსგავს კოსმოსურ მოგზაურობებს გეგმავენ, კარგად აქვთ გაცნობიერებული ის რისკები, რომლებიც თან ახლავს მოწყენილობასა და ერთფეროვნებას. ამიტომ ისინი უკვე ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას; მაგალითად, ხომალდში ეკიპაჟის წევრებზე მორგებული გართობის უზრუნველყოფის გზებზე მუშაობენ.
მარსის მისიისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებაში ასტრონავტების ძილის რეჟიმსაც უმნიშვნელოვანესი როლი ექნება. დედამიწაზე ძილის დღეღამური ციკლი რეგულირდება როგორც ჩვენი დაღლილობით, ასევე მზის სინათლითაც. მაგრამ კოსმოსში არ არის დღე-ღამის მონაცვლეობა, შესაბამისად, ძილის ჯანსაღი რეჟიმის შენარჩუნება რთულია. "ასტრონავტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მზის სინათლე ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად", — ამბობს ჯოან ბოუერი, ძილის მკვლევარი ლესტერის დე მონფორტის უნივერსიტეტიდან, — "ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მკაცრად დაგეგმილი დღის განრიგი, განსაკუთრებით უჭირთ ჯანსაღი ძილისთვის საჭირო რეჟიმის შენარჩუნება".
მსგავსი მოვლენა დედამიწაზე სიმულირებული მარსის მისიების მსვლელობისას არაერთხელ შეუმჩნევიათ. 17-თვიანი ანალოგური მისიის, მარს-500-ის მსველობისას, რომელიც 2011 წელს დასრულდა, ექვსიდან ოთხ ასტრონავტს აღენიშნა ძილთან დაკავშირებული აშლილობები. ერთ მათგანს ქრონიკული უძილობა გამოუმუშავდა, ერთს კი ძილის ისეთი რეჟიმი ჩამოუყალიბდა, რომელიც სრულად განსხვავდებოდა ეკიპაჟის სხვა წევრების განრიგისგან.
"ადამიანები, რომელთაც უკეთ სძინავთ, უკეთ ეგუებიან გარემოს", — ამბობს ბოუერი, რომლის მთავარი კვლევაც დედამიწაზე მცხოვრებთათვის ძილისა და ემოციების ურთიერთკავშირის გამოვლენაზე ფოკუსირდება, — "ჯანსაღი ძილი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ასევე კოსმოსში ყოფნის დროსაც".
არსებობს ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის რამდენიმე ასპექტი, რომლის სიმულაციასაც დედამიწაზე ვერ გავაკეთებთ. მაგალითისთვის, მარსისკენ მოგზაურობისას დადგება მომენტი, როდესაც დედამიწა უბრალო მანათებელი წერტილის ზომამდე შემცირდება და თითქმის უხილავი გახდება. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ასტრონავტებისთვის დედამიწის კოსმოსიდან ხილვა მათი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენელი ნაწილია. "ის, რაც მათ უნარჩუნებს პოზიტიურ განწყობასა და შემართებას, არის პერსეპქტივის შეგრძნება დედამიწის შორიდან დანახვისას, რისი შესაძლებლობაც მათ თვეების განმავლობაში არ ექნებათ", — ამბობს ბოუერი, — "ამიტომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ სხვა საშუალებები, რომლებიც ამ გრძნობათა გამოწვევას შეძლებენ".
ბოუერმა და მისმა კოლეგებმა კოსმოსში მოგზაურებისათვის შექმნეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შემამოწმებელი 23-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელიც ანტარქტიდაზე ზამთარში მომუშავე ადამიანებზე გამოსცადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანთა ემოციები გარკვეული დროის შემდეგ უფრო მერყევი გახდა. "რაც უფრო დიდხანს იყვნენ ისინი იქ, მით მეტად მონაცვლეობდა მათი ხასიათი ამაღლებულ და ცუდ განწყობას შორის", — ამბობს ბაუერი.
ისიც აშკარა გახდა, რომ დადებით ემოციებზე ფოკუსირება იქნებოდა უმნიშვნელოვანესი იმ ფსიქოლოგიური თვისებების უკეთ გასაგებად, რომლებიც ადამიანს ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობისას შეიძლება დაეხმაროს. "ადამიანები, რომლებმაც უკეთ გაართვეს თავი სადგურზე ყოფნას, უფრო მეტად ფოკუსირდებოდნენ პოზიტიურზე, მეტ სიამოვნებას იღებდნენ დადებითი მოვლენებისგან", — ამბობს ბოუერი, — "ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ნეგატიურ მოვლენებს და პრობლემებზე ფიქრი არ ეკვიატებოდათ".
პრობლემების იგნორირება, ერთი შეეხედვით, კონტრინტუიციური ჩანს — კოსმოსში ხომ მცირე გადაცდომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ზოგ სიტუაციაში ეს საუკეთესო რეაქცია შეიძლება იყოს. "თუ კოსმოსში ხარ და შექმნილ პრობლემას ვერაფრით მოაგვარებ, ამ ვითარების მნიშვნელობის მინიმალიზება და გონებიდან გადაგდება ყველაზე ჯანსაღი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლია", — ამბობს ბოუერი.
ასტრონავტები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ მისიებში მონაწილის კანდიდატურად არც კი განიხილებიან. მარსისკენ მოგზაურობისას ასტრონავტები მინიმუმ 22 წუთის დაგვიანებით მიიღებენ კომუნიკაციურ სიგნალებს, ისინი მარტივად ვერ შეძლებენ დედამიწაზე მყოფ ადამიანებთან სასაუბროდ დაკავშირებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ უნარი, თავად აკონტროლონ საკუთარი ემოციები და რთულ სიტუაციებში სწრაფად მოახერხონ თავის ხელში აყვანა. "ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებენ ასტრონავტები დედამიწაზე მყოფ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან უკუკავშირის დამყარებას, არამედ ის, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებენ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობას", — ამბობს სანდალი.
მსგავსი თვისებების მქონდე ადამიანების მოძიება იქნება პირველი ნაბიჯი იმ ეკიპაჟის არჩევისას, რომელიც მარსისკენ ან კიდევ უფრო შორს გაემგზავრება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვის გატარება არაა იოლი, ამიტომ აშკარაა, რომ ასტრონავტების შერჩევის საბაზისო პროცესი სწორედ აქ დაიწყება. "უფრო ხანგრძლივი მისიის შესასრულებლად არაა საჭირო, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ასტრონავტი იყო", — ამბობს სანდალი.
მოწყენილობის ატანის უნარის გარდა ეკიპაჟის წევრებს ინტროვერტიზმისკენ მიდრეკილებაც დაეხმარებათ. "ჩვენ ისეთი წევრებისაგან უნდა შევქმნათ ეკიპაჟი, რომლებსაც მრავალფეროვანი სოციალური გარემოს მოთხოვნილება არ ექნებათ", — ამბობს ის, — "ამიტომ, ვფიქრობ, ინტროვერტი ასტრონავტების მოძებნა იქნება აუცილებელი. ამას გარდა, როგორც ყველა სხვა ტიპის ფრენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ფსქიოლოგიური სტაბილურობაა".
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. სანდალი ახლა იკვლევს მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა აქვს გუნდურ მუშაობას და კულტურულ მრავალფეროვნებას სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე.
როდესაც იდეალური გუნდი შეიკრიბება, ასტრონავტებს ხომალდის გაუმჯობესებული და მათზე მორგებული გარემოც დაეხმარებათ მხნეობის შენარჩუნებაში.
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე ადამიანის ბუნებაში გაყვანა ამცირებს სტრესის დონესა და აუმჯობესებს კონცენტრაციას. ამ მეთოდს ყურადღების აღდგენის თეორია ეწოდება. მაგრამ კოსმოსურ ხომალდზე ბუნებრივი გარემო შეზღუდულად იქნება ხელმისაწვდომი.
დართმუზის კოლეჯის მედიცინის პროფესორი და ვეტერანი ასტრონავტი, ჯეი ბაქი, რომელმაც ნასას კოსმოსური შატლით, STS-90-ით 1998 წელს იფრინა, ამერიკის სამხრეთ პოლუსისა და ავსტრალიის ანტარქტიდულ სადგურებზე ვირტუალური რეალობის გამოყენებით ატარებს ექსპერიმენტს. პროფესორი ცდილობს გაიგოს, რამდენად შეუძლია ვირტუალურ რეალობას იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. "როცა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტს ირგებ, თავს ისე გრძნობ, თითქოს შენს ყოველდღიურ გარემოს მოგწყვიტეს", — ამბობს ის.
ექსპერიმენტი ჯერაც მიმდინარეობს, მაგრამ ადრეული შედეგებით ვიგებთ, რომ სადგურზე მყოფნი ჩაფხუტებს ხშირად იყენებენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიმულაციური რეალობა მათ მართლაც ეხმარება. ვირტუალური პეიზაჟები, რომელთა ხილვაც ექსპერიმენტის მონაწილეებს შეუძლიათ, ავსტრალიის პლაჟი, ბავარიის ალპები, ირლანდიის სანაპირო და შემოდგომის პერიოდის ახალი ინგლისია. ბოსტონის სიმულაცია კი მათთვისაა, ვინც ჩათვლის, რომ თავს უკეთ ქალაქში, დატვირთულ და მოფუსფუსე ცხოვრებაში გადატყორცნით იგრძნობს.
ბაქმა მსგავსი აღჭურვილობა ჰავაიზე Hi-Seas მარსის სიმულაციური მისიის დროსაც გამოსცადა, შემდეგ კი მონაწილეებს ჰკითხა, რომელი პეიზაჟი უფრო მოეწონათ. მაღალი გარჩევადობის ბუნების პეიზაჟებმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს, თუმცა რამდენიმე მონაწილემ ქალაქის ხედებით უფრო ისიამოვნა. "იყო რამდენიმე ადამიანი, რომელთაც ქალაქის პროექცია მოეწონათ, რადგან მათ ყველაზე მეტად რაც ენატრებოდათ, ხალხმრავალ გარემოში ყოფნა იყო", — ამბობს ბაქი.
ვირტუალური რეალობა იმ ტიპის სევდის დამარცხებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომელსაც დედამიწის მხედველობის არიდან გაქრობა გამოიწვევს. ეს ისეთი ვირტუალური ფანჯრის შექმნით მოხერხდება, რომლიდანაც ორბიტიდან დანახული დედამიწის ხედი გადაიშლება.
დასვენებისა და განტვირთვისთვის დროის გამოყოფაც — როგორც ეს Skylab-ის ინციდენტის დროს ნათლად გამოჩნდა — ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ასტრონავტებს უკვე ავარჯიშებენ იმაში თუ, როგორ დაისვენონ ეფექტიანად იმ მცირე თავისუფალ დროში, რომელიც მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქვთ. სანდალი ფიქრობს, რომ ასტრონავტების სავარჯიშო პროგრამაში იოგასა და მედიტაციის დამატება მათ მარსისკენ მოგზაურობისას სტრესის შემცირებაში დაეხმარებათ. იგი ამტკიცებს, რომ იოგასთვის საჭირო პოზების მიღება უწონადობის მდგომარეობაშიცაა შესაძლებელი.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მარსამდე მიღწევა, ამიტომ მისკენ მოგზაურობისას ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება ყურადსაღები პრობლემაა. "ფსიქოლოგიური ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი მიდგომის შემუშავების შემთხვევაში, მისიას აქვს პოტენციალი, რომ მისი მონაწილეებისთვის აღმაფრთოვანებელ გამოცდილებად იქცეს", — ამბობს ბაქი, — "მაგრამ არასწორ მიდგომას შეუძლია, მისიის დასასრულიც კი გამოიწვიოს".
კომენტარები