საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკები გამოიკვეთა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისთან განაცხადა, სადაც უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს.

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირობას აძლევ საზოგადოებას, რომ შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსმა, მოქალაქემ, რომ მთავარი ამომავალი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება", — თქვა დეპუტატმა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრაზე კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღო.

"ეს დღეები მე ცოტა ემოციური ვიყავი და ამასაც არ დავმალავ. გუშინ, რასაც თქვენ გეუბნებით, ანალოგიური ვთქვი უმრავლესობის სხდომაზე... სიმართლე გითხრათ, პასუხები ვერ მივიღე, დამაჯერებელი პასუხი იმაზე, რომ ეს რისკები არ იარსებებდა", — აღნიშნა ყაველაშვილმა.

ის აქვე ამბობს, რომ დღეს კიდევ აქვს საშუალება, კითხვებზე პასუხი მიიღოს და კენჭისყრამდე დაფიქრდეს.

გუშინ, 13 ნოემბრის სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს სურვილი უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გამოთქვა და პარლამენტის წევრები დაეთანხმნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. სხდომა დღეს, 14 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამას ეწინააღმდეგებიან ის დეპუტატებიც, ვინც თვითონ არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. გუშინ უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.