პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი ბიძინა ივანიშვილს დღეს, 13 ნოემბერს საღამოს პირადად შეხვდა. ქართული ოცნების ოფისის დატოვების შემდეგ შიოლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ბიძინა ივანიშვილს აწყენინა".

"მან მკითხა, პოზიციას ხომ არ ვიცვლიდი, მე არ ვიცვლი პოზიციას. მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას", — ამბობს ირაკლი შიოლაშვილი.

პირადი შეხვედრა გამართა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძესთან, რომელიც ერთ-ერთი აქტიურია პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეებს შორის. დიმიტრის ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და "არ დაეზიანებიდა გუნდი". ხუნდაძე აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, ის დატოვებს არა მხოლოდ უმრავლესობას, ასევე, საპარლამენტო მანდატსაც.

ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების პოზიციას "იმიტირებულ ამბოხს" უწოდებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში. დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი "დადგმული სპექტაკლია".

დღეს, 13 ნოემბრის სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს სურვილი უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გამოთქვა და პარლამენტის წევრები დაეთანხმნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. სხდომა ხვალ, 14 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამას ეწინააღმდეგებიან ის დეპუტატებიც, ვინც თვითონ არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. დღეს უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.