მთვარეზე დაშვებისას არტემისის ასტრონავტებს ახალი თაობის სკაფანდრები ექნებათ
მთვარეზე გამგზავრებისას არტემისიის მისიის ასტრონავტებს ნასას ახალი სკაფანდრები ეცმევათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მათ წინამორბედებთან შედარებით, მთვარეზე უფრო რთული და კომპლექსური დავალებები შეასრულონ.
სკაფანდრი ერთგვარ პერსონალურ ხომალდს წარმოადგენს, რომელიც ასტრონავტს კოსმოსის მკაცრი პირობებისგან იცავს და უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის დაცვას, რომელიც ადამიანს გადარჩენითვის სჭირდება.
ნასას ახალ სკაფანდრებს შემოკლებით xEMU (Exploration Extravehicular Mobility Unit) ერქმევა.
უსაფრთხოება
როდესაც საქმე ადამიანების კოსმოსში გაგზავნას ეხება, უსაფრთხოება ყოველთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. აპოლოს მისიებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის წყალობით ჩვენ მთვარის შესახებ ახლა იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ახლა ვიცით, რომ მთვარის ქვიშა პაწაწინა მინის მსგავს ნაწილაკებს შეიცვს, რომელმაც, შესაძლოა, ზიანი გამოიწვიოს. ახალი სკაფანდრების შექმნისას ეს ყველაფერი მაქსიმალურადაა გათვალისწინებული. ასტრონავტებს ზურგზე სასიცოცხლო პირობების უზრუნველმყოფელი "ჩანთები" ექნებათ, სწორედ აქედან მიეწოდება სკაფანდრს ენერგია და ჰაერი, ეს სისტემავე ახდენს გამოყოფილი აირებისა და ნესტის შთანთქმას. ის ასევე არეგულირებს ტემპერატურას და მართავს სკაფანდრის სხვადასხვა სისტემებს.
გადაადგილება და კომუნიკაცია
წინამორბედ სკაფანდრებთან შედარებით xEMU-თი გადაადგილება ბევრად უფრო მარტივი იქნება. აპოლოს კადრებში მთვარეზე მოტუნავე ასტრონავტების ყურება, შესაძლოა, სასიამოვნო იყოს, თუმცა ასე გადაადგილება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სკაფანდრი ასტრონავტებს ექსტრემალური ტემპერატურისგან, რადიაციისგან, მიკრომეტეორიტებისგან და დაბალი ატმოსფერული წნევისგან დაიცავს. ახალი სკაფანდრი ასტრონავტებს კიდურების მოძრაობასა და მოხრას ერთიორად უადვილებს. xEMU-ს ჩაფხუტში კი ახლებური კომუნიკაციის სისტემაც იქნება ჩამონტაჟებული, რომლის გამოყენება ბევრად უფრო ადვილია.
მოდულარული სისტემა
ახალ სკაფანდრს ცვალებადი კომპონენტები გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ტიპის მისიებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. იქნება ეს რომელიმე პლანეტის ან მთვარის ზედაპირის შესწავლა, თუ კოსმოსური ხომალდის შეკეთება.
ანთროპომეტრია და ბიომექანიკა
ნასას ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ასტრონავტებს სხეულის სრული სკანირება უტარდებათ. ასტრონავტის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის შემდეგ კი სკაფანდრი უშუალოდ მისი ზომების გათვალისწინებით იქმნება.
მანამ, სანამ მთვარეზე 2024 წელს ფეხს პირველი ადამიანები დაადგამენ, ნასა ახალ სკაფანდრებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოცდის.
ამავე თემაზე:
კომენტარები