მიაღწია თუ არა კაცობრიობამ გონებრივი განვითარების მწვერვალს
შესაძლებელია, რომ ჩვენი ინტელექტის კოეფიციენტი უსასრულოდ იზრდებოდეს თუ, საბოლოოდ, უკან დაშვებას დავიწყებთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ინტელექტის წარსულს, აწმყოსა და შესაძლო მომავლს უნდა შევავლოთ თვალი.
შესაძლოა, არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ჩვენ ინტელექტუალური განვითარების ოქროს ხანაში ვცხოვრობთ.
გონიერების დონის, იმავე IQ-ს, განმსაზღვრელი ტესტის გამოგონებიდან 100 წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელი სტაბილურად განაგრძობდა ზრდას. დღეისათვის საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანიც კი 1919 წელს დაბადებულ რიგით პირთან შედარებით გენიოსად იქნებოდა მიჩნეული - ამ ფენომენს ფლინის ეფექტს უწოდებენ.
თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ამ ეფექტით დიდხანს ვეღარ დავტკბებით. ბოლოდროინდელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია უკვე ნელდება. უფრო მეტიც, ეს პროცესი, შესაძლოა, შექცევადიც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანის ინტელექტუალური პოტენციალის უმაღლესი მწვერვალი უკვე გადავიარეთ.
და თუ ეს ასეა, რა ზეგავლენას მოახდენს კაცობრიობის მომავალზე ადამიანთა ინტელექტის დონის ეტაპობრივი შემცირება?
დავიწყოთ ადამიანური ინტელექტის საფუძვლებიდან - იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა, სადღაც სამი მილიონი წლის წინ, ორ ფეხზე პირველად გაიარეს. ნამარხი თავის ქალების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ავსტრალოპითეკების - პირველი წელში გამართულად მოსიარულე ადამიანის მსგავსი მაიმუნების - ტვინის ზომა დაახლოებით 400 კუბური სანტიმეტრი იყო, რაც თანამედროვე ადამიანის თავის ტვინის მესამედია.
ტვინის ზომის მსგავსი ზრდა ძვირადღირებული პროცესი აღმოჩნდა. თანამედროვე ადამიანის თავის ტვინი სხეულის ენერგიის დაახლოებით 20%-ს მოიხმარს. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს შედარებით დიდ ტვინებს მოხმარებული კალორიების საკომპენსაციოდ თავიდანვე სერიოზული სარგებელი მოჰქონდა.
ტვინის მოცულობის გაზრდის აუცილებლობის ასახსნელად მრავალი პოტენციური მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი წამყვანი თეორიის მიხედვით, ეს იმის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ჯგუფებად ცხოვრების სტილი შემეცნებითი უნარების მუდმივ გაუმჯობესებას მოითხოვდა.
ავსტრალოპითეკებიდან მოყოლებული, ადამიანების წინაპრები ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდ ჯგუფებად ერთიანდებოდნენ. თავდაპირველად ამის მიზეზი მტაცებლებისაგან თავის დაცვა უნდა ყოფილიყო. ეს სერიოზულ პრობლემად განსაკუთრებით მას შემდეგ უნდა ქცეულიყო, რაც ჩვენმა წინაპრებმა ძილის დროს ხეებიდან მიწაზე გადმოინაცვლეს. ამასთან, მუდმივად ცვალებად გარემო-პირობებში ტომებად ცხოვრება ინდივიდებს რესურსების განაწილების საშუალებას აძლევდათ და ბავშვებზე ზრუნვას უადვილებდათ.
თუმცა, როგორც სოციალურ წრეებში ყოფნისგან დაგროვებული საკუთარი გამოცდილებიდანაც მშვენივრად ვიცით, სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. თანაცხოვრებისას თითოეული ადამიანის ხასიათის, მათი სიმპატიებისა და ანიპატიების და იმის გათვალისწინებაც გიწევს, რამდენად სანდონი არიან ისინი. ხოლო თუ ისეთ ჯგუფურ აქტივობაში ხართ ჩართული, როგორიც ნადირობაა, შეთანხმებული მოქმედებისთვის თითოეული წევრის ქმედებათა შესახებ მაქსიმალურად ბევრი უნდა იცოდეთ. დღეს ადამიანებისთვის სოციალური ნორმების ცოდნის ნაკლებობა უხერხულობას იწვევს; ჩვენი წინაპრებისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.
ამის გარდა, უფრო დიდი სოციალური ჯგუფების არსებობა მათ წევრებს იდეების ერთმანეთში გაზიარებისა და სხვების გამოგონებების გაუმჯობესების საშუალებას აძლევდათ. ეს კი ტექნოლოგიური და კულტურული სიახლეების განვითარებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ამის შედეგად დაიხვეწა სანადირო იარაღები, რამაც ნადირობა უფრო და უფრო გაამარტივა. იმისათვის, რომ სხვა ადამიანზე დაკვირვება და სხვებისაგან სწავლა შეგეძლოს, ინტელექტის ქონაა საჭირო, რაც, თავის მხრივ, გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად კიდევ ერთ მოტივაციას წარმოადგენდა.
დაახლოებით 400,000 წლის წინ ჰომო ჰაიდელბერგენსის ტვინის მოცულობამ 1200 კუბურ სანტიმეტრს მიაღწია, რაც თანამედროვე ადამიანის ტვინის ზომაზე - რაც დაახლოებით 1300 კუბური საინტიმეტრს შეადგენს - სულ ოდნავაა მცირე. როდესაც, დაახლოებით 70,000 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა აფრიკის კონტინენტი დატოვეს, ისინი უკვე საკმარისად ჭკვიანები იყვნენ იმისათვის, რომ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არსებული გარემო-პირობებისადმი ადაპტირება მოეხერხებინათ. გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი გასაოცარი გამოსახულებებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უკვე თავისუფლად შეეძლოთ, დიდ კოსმოლოგიურ საკითხებზე - მათ შორის, საკუთარ წარმოშობაზეც კი დაფიქრებულიყვნენ.
ცოტა ექსპერტი თუ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ IQ-ს საშუალო მაჩვენებელში მომხდარი ბოლოდროინდელი ცვლილებები მსგავსი ტიპის გენეტიკური ევოლუციის შედეგია - ამისათვის ზედმეტად ცოტა დროა გასული.
მეცნიერებმა ინტელექტის კოეფიციენტის გამოსათვლელი, ანუ IQ ტესტი სულ რაღაც 100 წლის წინ გამოიგონეს. მისი დახმარებით მოპასუხის გონებრივი პოტენციალის შეფასებაა შესაძლებელი. ტესტის წარმატება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ შედეგებში მრავალი შემეცნებითი უნარის ურთიერთკავშირია ასახული. ასე მაგალითად, თქვენი სივრცული აზროვნებისა და გამოსახულების ცნობის უნარი მათემატიკურ და ვერბალურ უნარებთანაა დაკავშირებული და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ IQ ზოგად ინტელექტს - ერთგვარ ტვინის საერთო ძალას - ასახავს.
მართალია, IQ ტესტებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ მრავალი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ინტელექტის კოეფიციენტის დადგენით ეფექტიანად განისაზღვრება, რამდენად წარმატებით შეძლებ სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულებას. მათი საშუალებით განსაკუთრებით ზუსტად აკადემიურ სფეროში წარმატებების პროგნოზირებაა შეაძლებელი (რაც გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი თავდაპირველად სკოლებში გამოსაყენებლად შეიქმნა). მაგრამ მათი დახმარებით იმის დადგენაცაა შესაძლებელი, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლია ახალ სამუშაო გარემოში ადაპტაცია. მსგავსი ტესტი ნამდვილად არ წარმოადგენს სრულყოფილ საზომს და თქვენს წარმატებას მრავალი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს, მაგრამ, ზოგადად, მისი საშუალებით სწავლისა და რთული ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობებში მნიშვნელოვანი განსხვავებების აღმოჩენაა შესაძლებელი.
ინტელექტის კოეფიციენტის ზრდა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ადრეული პერიოდიდან დაიწყო, მაგრამ ფსიქოლოგები ამ ფენომენით მხოლოდ ბოლო დროს დაინტერესდნენ. ამის მიზეზი შეიძლება ის ყოფილიყო, რომ IQ ტესტების ქულები სტანდარტიზებულია - ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანები ამ ტესტს გაივლიან, მათი ქულები ტრანსფორმირდება იმგვარად, რომ მოსახლეობის სტატისტიკური მედიანა ყოველთვის 100-ის ტოლი დარჩეს. ეს საშუალებას გვაძლევს, ის ადამიანებიც შევადაროთ ერთმანეთს, რომლებმაც IQ ტესტის განსხვავებული ვერსიები გაიარა, მაგრამ თუ მონაცემთა წყაროებს არ გადავხედავთ, თაობებს შორის განსხვავებებს ვერ შევამჩნევთ.
როდესაც მკვლევარმა ჯეიმს ფლინმა გასული საუკუნის შედეგებს გადახედა, მან ინტელექტის კოეფიციენტში სტაბილური ზრდა შენიშნა - კერძოდ, დეკადაში საშუალოდ სამი ქულის მატება დააფიქსირა. დღეისათვის ზოგიერთ ქვეყანაში კოეფიციენტის მთლიანმა მატებამ 30 ქულა შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ფლინის ეფექტის გამომწვევ მიზეზზე ჯერ კიდევ კამათობენ, პასუხი მაინც მრავალი გარემო-ფაქტორის ერთობლიობაში უნდა ვეძიოთ და არა - გენეტიკურ გარდატეხაში.
ალბათ ამ მოსაზრების გამამყარებელი ყველაზე კარგი არგუმენტი ჩვენი სიმაღლის ცვლილებას უკავშირდება: დღეს ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის ადამიანთან შედარებით საშუალოდ 11 სანტიმეტრით მაღლები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გენები შეიცვალა; ამის მიზეზი, უბრალოდ, უფრო ჯანსაღი ცხოვრების სტილი გახლავთ.
მართლაც, ორივე მაჩვენებლის - ინტელექტისა და სიმაღლის ცვლილებაზე, შესაძლოა, ერთსა და იმავე ფაქტორებს მოეხდინა გავლენა. მედიცინის გაუმჯობესებამ, ბავშვებში ინფექციების სიხშირის შემცირებამ და სასარგებლო ნივთიერებებით უფრო მდიდარმა საკვებმა, სავარაუდოდ, ჩვენი სხეულების ზრდა და ტვინის განვითარება განაპირობა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, IQ-ს მატება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბენზინში ტყვიის დონის შემცირებით. სწორედ ტყვია შეიძლებოდა ყოფილიყო წარსულში შემეცნებითი განვითარების შეფერხების გამომწვევი. ფაქტია, რომ რაც უფრო სუფთავდებოდა ჩვენი საწვავი, მით უფრო ჭკვიანები ვხდებოდით ჩვენ.
თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველაფერი ამით იხსნებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებათა ინტელექტუალურ გარემოში უზარმაზარი ცვლილებები მოხდა, ადამიანები ადრეული ასაკიდანვე იმუშავებენ აბსტრაქტული აზროვნებისა და მსჯელობის უნარებს. განათლებაში ბავშვების უმეტესობას ფიქრისას აბსტრაქტული კატეგორიების გამოყენებას ასწავლიან (მაგალითად, უხსნიან, რომელი ცხოველია ძუძუმწოვრების ოჯახიდან და რომელი - ქვეწარმავლების). თანამედროვე ტექნოლოგიებთან გასამკლავებლადაც აბსტრაქტულ აზროვნებას სულ მეტად ვეყრდნობით. უბრალოდ, დაფიქრდით, კომპიუტერში მარტივი მოქმედების შესასრულებლად რამდენი სიმბოლოს დამახსოვრება და გამოყენება გჭირდებათ. მსგავსი აზროვნების განვითარება, წესით, ადამიანებს IQ ტესტის კარგად შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უნდა ეხმარებოდეს.
რაც უნდა იყოს ფლინის ეფექტის მიზეზი, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ ეპოქის დასასრულს, რომელსაც ინტელექტის კოეფიციენტის ზრდის შეჩერება და მთლიანი პროცესის უკუსვლაც კი შეიძლება მოჰყვეს. მაგალითისთვის, თუ შეხედავთ ფინეთს, ნორვეგიასა და დანიას, ამ ქვეყნების მოსახლეობაში ინტელექტის კოეფიციენტის პიკი 90-იანი წლების შუა პერიოდში დაფიქსირდა. მას შემდეგ ამ მაჩვენებელმა წელიწადში დაახლოებით 0.2 ქულით დაიწყო დაცემა. ეს თაობებს შორის შვიდქულიანი სხვაობის არსებობის ტოლფასია.
ნაწილობრივ იმის გამო, რომ ეს ფენომენი სულ ახლახანს მოექცა ყურადღების ცენტრში, მისი ახსნა ფლინის ეფექტის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მეტად რთულია. შესაძლო მიზეზთაგან ასახელებენ იმას, რომ დღევანდელი განათლება წარსულთან შედარებით ნაკლებად მასტიმულირებელია - ან, სულ მცირე, წარსულში მნიშვნელოვნად მიჩნეული უნარების განვითარებაზე აღარ არის ორიენტირებული. მაგალითად, IQ ტესტის გამოყენებით ადამიანის გონებრივი არითმეტიკაც ფასდება, მაგრამ, როგორც ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ოულეი როჯებერგი აღნიშნავს, სტუდენტები სულ უფრო მეტად იყენებენ კალკულატორებს.
დღეისათვის მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კულტურა ჩვენს ცნობიერებას ამოუცნობი გზებით აფორმირებს. სანამ მეცნიერები ამ ტენდენციის გამომწვევი მიზეზების ძებნას აგრძელებენ, ღირს ვიკითხოთ, რა ზეგავლენას ახდენს ინტელექტის კოეფიციენტის ეს ცვლილებები ზოგადად საზოგადოებაზე. ინტელექტის კოეფიციენტზე ფლინის ეფექტით აღწერილმა პროცესმა რაიმე იმედისმომცემი სარგებელი მოგვცა? და თუ არა, მაშინ რატომ?
ცოტა ხნის წინ Journal of Intelligence-ის სპეციალურ გამოცემაში სწორედ ეს მწვავე შეკითხვა დაისვა, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, რობერტ სტერნბერგი ამ სიტყვებით გამოეხმაურა:
"ხალხს დღეს მობილურ ტელეფონებსა და სხვა რთულ ტექნოლოგიურ ინოვაციებში გარკვევისთვის საჭირო უნარები ნამდვილად უკეთ აქვს გამომუშავებული, ვიდრე მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრებლებს ჰქონდათ. მაგრამ ჩვენი, როგორც საზოგადოების ქცევას რომ გადავხედოთ, ამ მომატებულმა 30-მა ქულამ რაიმე კარგი მოგვიტანა? 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ისეთივე ტრივიალური იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვენს ისტორიაში... უფრო მეტიც, ინტელექტის მაღალმა კოეფიციენტმა ვერ შეძლო მსოფლიოსა თუ ქვეყნის მთავარი პრობლემების მოგვარება. შემოსავლის უთანასწორობის ზრდა, სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, ძალადობა, ნარკოტიკული საშუალებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის ზრდა და სხვა მრავალი პრობლემა დღესაც გადაუჭრელია".
შესაძლოა, სტერნბერგი ზედმეტად პესიმისტურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესი სიღარიბის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, პროგრესი აშკარად შეიმჩნევა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მედიცინამ ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობის შემცირების საქმეში მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯები გადადგა, - რომ აღარაფერი ვთქვათ სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევებით მოპოვებულ უზარმაზარ სარგებელზე, რომელიც, თავის მხრივ, მაღალინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ექსპერტთა გარეშე ვერაფრით მიიღწეოდა.
თუმცა სტერნბერგი ერთადერთი არაა, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ფლინის ეფექტის როლს ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში. თავად ჯეიმს ფლინი ამტკიცებდა, რომ ეს ეფექტი, სავარაუდოდ, მხოლოდ კონკრეტული უნარების გაუმჯობესებაზე აისახებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში განსხვავებულ კუნთებს ისე ავარჯიშებს, რომ ეს საერთო ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე შეიძლება არც აისახოს; ანალოგიურად, კონკრეტული ტიპის აბსტრაქტული აზროვნების გაუმჯობესება ყველა შემეცნებით უნარს თანაბრად ვერ განავითარებს. ის უნარები კი, რომელიც ნაკლებად გამოვწვრთეთ, შესაძლოა, მომავალში მსოფლიოს გაუმჯობესებისთვის არსებითი აღმოჩნდეს.
როდესაც სტერნბერგის მოსაზრების გამზიარებელი მკვლევრები შემოქმედებითობაზე მსჯელობენ, ისინი არა მარტო სახელოვნებო უნარებზე, არამედ უფრო პრაქტიკულ თვისებებზეც საუბრობენ. რამდენად მარტივად შეგიძლიათ პრობლემების მოსაგვარებლად ახლებური გზების პოვნა? რამდენად კარგი წარმოსახვითი აზროვნება გაქვთ, ანუ რამდენად გაქვთ გამომუშავებული ჯერ არმომხდარი ჰიპოთეტური სცენარების გაანალიზების უნარი?
თითქოს ლოგიკური დაშვებაა, რომ ინტელექტის ზრდა კრეატიულობის გაუმჯობესებასაც უნდა იწვევდეს. მაგრამ IQ-ს მატების ხარჯზე ინდივიდუალური შემოქმედებითი აზროვნების საზღვრების გაფართოება არ შეინიშნება. რასაც უნდა გამოეწვია ფლინის ეფექტი, ამ ფაქტორს ჩვენს ინოვაციურ და შემოქმედებით აზროვნებაზე აშკარად არ უმოქმედია.
ამ ყველაფერს თან ერთვის რაციონალურობის საკითხი - ესაა უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მტკიცებულებების აწონ-დაწონვისა და უმნიშვნელო ინფორმაციის უგულებელყოფის ხარჯზე მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.
შეიძლება ჩათვალოთ, რომ რაც უფრო მაღალი ინტელექტი გაქვთ, მეტად რაციონალურიც ხართ, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. მართალია, მაღალი IQ ნიშნავს ისეთი უნარ-ჩვევების ქონას, როგორიც რიცხვებთან ურთიერთობაა - რაც ალბათობის გაგებისა და რისკების სათანადოდ შეფასებისთვის აუცილებელი უნარია - მაგრამ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც უამრავი სხვა ისეთი ელემენტი მონაწილეობს, რომლებიც ინტელექტის ქონა-არქონასთან კავშირში არაა.
მოვიშველიოთ კოგნიტური მიკერძოების შესახებ არსებული მდიდარი ლიტერატურა. იმას, რასაც შეფუთვაზე "95%-ით ცხიმისგან თავისუფალი" აწერია, ჩვენ ბევრად ჯანმრთელად აღვიქვამთ, ვიდრე იმ პროდუქტს, რომელსაც "5%-იანი ცხიმის შემცველობა" აწერია. ეს ფენომენი ჩარჩოს ეფექტის სახელითაა ცნობილი. სამწუხაროდ, მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი მსგავსი ლინგვისტური ხრიკებისაგან დიდად ვერ დაგვიცავს და ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი შეიძლება მოტყუვდეს.
მაღალი ინტელექტის მქონე პირები არც საკუთარი შეხედულებების გამამყარებელი აზრებისადმი მიკერძოებულობისგან არიან დაცულები. ჩვენ ყველას გვახასიათებს მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც ჩვენს უკვე არსებულ მოსაზრებებს უჭერს მხარს, ხოლო რაც ჩვენს შეხედულებებს ეწინააღმდეგება, იმას უბრალოდ ვაიგნორებთ. ეს სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პოლიტიკის მსგავს მნიშვნელოვან სფეროებს ეხება.
მაღალი IQ ვერც აუნაზღაურებელი ხარჯებისადმი მიკერძოების ფენომენისაგან გვათავისუფლებს - ესაა ტენდენცია, რომლის დროსაც გიჩნდება სურვილი, მეტი რესურსი დააბანდო წარუმატებელ პროექტში, მაშინაც კი, როცა პროექტის შეჩერება ნაკლებ დანაკარგს მოგიტანს. ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს.
მაღალი ინტელექტი დროითი დისკონტირების სახელით ცნობილ სტრატეგიაში დახელოვნების გარანტადაც ვერ გამოდგება. ესაა ფენომენი, როცა გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად მოკლევადიან მოგებაზე უარს ამბობ, რაც კომფორტული მომავლის უზრუნველსაყოფად არსებითი მნიშვნელობისაა.
ამ ტიპის მიკერძოებებთან წინააღმდეგობის გაწევის გარდა არსებობს უფრო ზოგადი კრიტიკული აზროვნების უნარებიც; მაგალითად, საკუთარი ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენების, საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და დასკვნების გაკეთებამდე მოვლენათა ამხსნელი ალტერნატიული ვერსიების გაანალიზების უნარები. ეს ყველაფერი საღი აზროვნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტელექტის კოეფიციენტთან დიდად არ არის დაკავშირებული და მაინცდამაინც არც უმაღლესი განათლების მიღებით გამომუშავდება. აშშ-ში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ საუნივერსიტეტო ხარისხების მქონე ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების შედარეის შემდეგ კრიტიკულ აზროვნებაში შესამჩნევი გაუმჯობესება ვერ აღმოაჩინა.
ამ ჩავარდნების გათვალისწინებით, იმდენად გასაკვირი აღარ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ინტელექტის კოეფიციენტის ზრდას სასწაულებრივად არ გაუუმჯობესებია ჩვენი უნარი, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
რაციონალური და კრიტიკული აზროვნების ნაკლებობამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ არის ფინანსური თაღლითობა ჯერ კიდევ ასეთი გავრცელებული და მილიონობით ადამიანი რატომ იხდის უსარგებლო მედიკამენტებში ფულს ან ჯანმრთელობის ხარჯზე არასაჭირო რისკებზე მიდის.
შესაძლოა, ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მრავალი შეცდომის საფასურს დღემდე იხდის. შესაძლოა, სწორედ ამ უნარების ნაკლებობამ შეუწყო ხელი ისეთ კატასტროფებსაც, როგორიც Deepwater Horizon-ზე აფეთქების შედეგად მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრა და გლობალური ფინანსური კრიზისებია. ეს ასევე ხელს უწყობს ყალბი ამბების გავრცელებას და უზარმაზარ პოლიტიკურ პოლარიზაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილები. ეს კი შეთანხმებული გამოსავლის იქამდე პოვნაში გვიშლის ხელს, სანამ რაიმეს შეცვლა შესაძლებელი იქნება.
კაცობრიობის მთლიან ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ნათელი ხდება, როგორ გაიზარდა ჩვენი ტვინი სულ უფრო ჩახლართული ტიპის სოციუმებში ცხოვრებასთან მოსარგებლად. თუმცა თანამედროვე ყოფას, რომელმაც აბსტრაქტული აზროვნების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა, ჯერაც არ გამოუსწორებია ჩვენი ირაციონალური მიდრეკილებები. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ჭკვიან ხალხს ცხოვრების მანძილზე კარგი გადაწყვეტილებების მიღება ბუნებრივად გამოსდის, თუმცა ახლა ცხადი ხდება, რომ ეს ასე არ არის.
მომავალში ფლინის რევერსული ეფექტი და ინტელექტის კოეფიციენტის მოსალოდნელი ვარდნა, სავარაუდოდ, გვაიძულებს, გადავხედოთ იმ ფორმებს, რომლებითაც ჩვენს ტვინებს ვიყენებთ. უფრო დრამატული ვარდნის თავიდან აცილება უდაოდ უნდა იქცეს კაცობრიობის პრიორიტეტად. მაგრამ, ამასთან, უფრო შეთანხმებული და მიზანმიმართული მოქმედებებია საჭირო იმ სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, რომლებიც უფრო მაღალი IQ-ს ქონასთან მიბმული არ არის.
ახლა უკვე ვიცით, რომ ამგვარი აზროვნების სწავლება შესაძლებელია, მაგრამ მას კარგად მოფიქრებული და ფრთხილად შემუშავებული მეთოდოლოგია სჭირდება. მაგალითად, ექიმების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე დაკვირვებებით ჩანს, რომ ხშირად დაშვებული კოგნიტური შეცდომების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუ მათ ასწავლიან, რომ აზროვნებისას მეტად თვითრეფლექსურები იყვნენ. ამას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რატომ არ ვასწავლით ამ უნარებს ბავშვებს სასკოლო ასაკიდანვე? ლიდსის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, უენდი ბრიუ დე ბრუინმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ, მაგალითად, მაღალკლასელებისთვის განკუთვნილი ისტორიის საგნის სასწავლო გეგმაში მცდარი გადაწყვეტილებების მიღების საილუსტრაციო მაგალითების შეტანაა შესაძლებელი. ამ ექსპერიმენტის შედეგად მოსწავლეებმა არა მხოლოდ რაციონალურობის შემფასებელ ტესტებში მიიღეს უფრო მაღალი ქულები, არამედ ისტორიული ფაქტებიც უკეთესად დაიმახსოვრეს.
სხვებმაც სცადეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში კრიტიკული აზროვნების წამახალისებელი მეთოდების დანერგვა. მაგალითად, გავრცელებული კონსპირაციული თეორიების განხილვა სტუდენტებს გამართულად მსჯელობის ისეთ პრინციპებს ასწავლის, როგორებიცაა მცდარი ლოგიკური ბმების ამოცნობა და მტკიცებულებათა სანდოობის შეფასება. ამ გაკვეთილებზე დასწრების შემდეგ სტუდენტები უფრო სკეპტიკურად განეწყვნენ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებისადმი.
ეს წარმატებები მხოლოდ მიგვანიშნებს იმაზე, რის მიღწევას შევძლებთ, თუ რაციონალურობასა და კრიტიკულ აზროვნებას ისევე დავაფასებთ, როგორც სხვა შემეცნებით უნარებს. იდეალურ შემთხვევაში, ფლინის ეფექტის შენარჩუნებასთან ერთად, შესაძლოა, რაციონალურობისა და სიბრძნის მატებასაც კი მივაღწიოთ. ასე რომ, ინტელექტის კოეფიციენტის დროებითი ვარდნა სულაც არაა აუცლებელი, ინტელექტის ოქროს ხანის დასასრულს წარმოადგენდეს; პირიქით, ეს მხოლოდ დასაწყისად უნდა იქცეს.
კომენტარები