პარალიზებულმა ადამიანმა გონებით მართული ეგზოჩონჩხით გავლა შეძლო
გონებით მართული ეგზოჩონჩხის დახმარებით ფრანგმა კაცმა, რომელიც ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შედეგად პარალიზებული იყო, გავლა შეძლო.
პაციენტი ამისთვის თვეების განმავლობაში ვარჯიშობდა — თავდაპირველად ის საკუთარი გონებით ცდილობდა, რომ ვირტუალური ავატარი გაეკონტროლებინა და ტვინის სიგნალებით მარტივი მოძრაობების განხორციელება ესწავლა. მეცნიერების თქმით, ეს ნამდვილი გარღვევაა.
ექიმები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ წლებია იქამდე, სანამ ასეთი მოწყობილობები ადამიანებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, არსებობს პოტენციალი, რომ მსგავსმა ტექნოლოგიამ პაციენტების ცხოვრების და დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.
28 წლის პაციენტი ოთხი წლის წინ აივნიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, მას შემდეგ ის კისერს ქვემოთ პარალიზებულია.
"ასეთ მდგომარეობაში სხეულით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე ვცადე, რომ ტვინი გამომეყენებინა", — აცხადებს პაციენტი.
ხერხემლის ამ ტიპის დაზიანებები ყველაზე მძიმეა და პაციენტების დაახლოებით 20% მოძრაობის უნარს ოთხივე კიდურში კარგავს.
"ასეთ შემთხვევებში ტვინს ბრძანებების გაცემა კვლავ შეუძლია, უბრალოდ ეს სიგნალები სამიზნე ადგილებამდე ვერ აღწევს", — აცხადებს კვლევის ავტორი ლუის ბენაბიდი.
მეცნიერებმა პაციენტს თავში ჩამწერი მოწყობილობები დაუმონტაჟეს, რომლებსაც ტვინის მიერ წარმოებული სიგნალების აღქმა და მათი დამუშავება შეუძლია, ბრძანებებს კი ეს მოწყობილობები ეგზოჩონჩხს უგზავნიან.
ეს პირველი კვლევაა, რომელშიც ეგზოჩონჩხის მართვისთვის პირდაპირ ტვინის სიგნალები გამოიყენეს.
ავტორების თქმით, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლოა, პარალიზებული პაციენტებისთვის გონებით მართული ეტლები შეიქმნას.
კვლევა ჟურნალ Lancet Neurology-ში გამოვქეყნდა.
კომენტარები