რით დაგვამახსოვრა თავი ვანო ზარდიაშვილმა
ვანო ზარდიაშვილი აქტიურ პოლიტიკაში 2016 წელს გამოჩნდა. ქართული ოცნების ე.წ. ახალი სახეებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მრავალი ბრალდების ადრესატი დეპუტატი იყო. მმართველი პარტიის ინტერესების დაცვისას ზარდიაშვილი ხშირად ესხმოდა თავს ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს, თან პარტიის ქებისთვისაც რჩებოდა დრო.
სხვადასხვა დროს მას ეძახდნენ "ადეიშვილის ჯიბის ბიჭს", "ნაციონალური მოძრაობის გადმონაშთს", "სასამართლო კლანის წევრს" და "ქართული ოცნების სამარცხვინო სახესაც". ამ დრომდე დეპუტატი ყველაფერს უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებდა და ხშირად ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევდა. ახლა კი ამბობს, რომ "არ უნდა პროვოკაციის წყარო იყოს" და ამის გამო მანდატს ტოვებს.
გაიხსენეთ ვანო ზარდიაშვილის ქმედებები და განცხადებები, რომლითაც თავი დაგვამახსოვრა.
უყვარს უფალი
2018 წელს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულაციებს განიხილავდნენ. სხდომას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც რეგულირებას ეწინააღმდეგებოდნენ და მარიხუანის მოხმარების აკრძალვას ითხოვდნენ. ამ სხდომაზე მაშინდელმა მმართველი პარტიის დეპუტატმა სასულიერო პირებს მოკრძალებით მიმართა და უფლისადმი სიყვარულზე ისაუბრა.
"მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, დიდი პატივისცემით მივესალმები სასულიერო პირებს. პირველ რიგში, გამოვხატავ ჩემს დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას. მინდა გითხრათ, რომ ვარ ეკლესიის მრევლი და მიყვარს უფალი ჩემი, ძალიან.
რეალურად, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, მე სინდისი არ მქენჯნის. პირიქით, ვალდებულებად მიმაჩნია, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ".
პარტიის ხელმძღვანელების ქება-დიდება
ზარდიაშვილი ხშირად აქებდა ქართული ოცნების წამყვან სახეებს და რაღა თქმა უნდა, პარტიის ლიდერს. ბიძინა ივანიშვილს ის საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ, პატრიოტ ადამიანს უწოდებდა, რომლისთვისაც "ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას". მას სჯეროდა, რომ ივანიშვილის მეთაურობით "აუცილებლად აიხდენდნენ ქართულ ოცნებას".
დეპუტატი ფიქრობდა იმასაც, რომ 2018 წლის მაისში ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაცია და შემდგომში აქციაზე მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მოხდილი ბოდიში "მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი" იყო.
"შსს-ს და მთლიანად სახელმწიფოს ქმედებებში იკითხებოდა მუდმივად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ასევე სიტყვისა და აზრისა გამოხატვის უფლების ზედმიწევნით დაცვა! ამ ორი უფლების უნაკლო დაცვა, ჩვენს სახელმწიფოს თითქმის არასდროს გამოსვლია ერთდროულად", — ამბობდა ის.
ზარდიაშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალა მაშინაც, როცა 2018 წელს კომიტეტში იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენდნენ.
"გულწრფელად მაინტერესებს, ქალბატონო თეა, როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანის უფლებები აყვანილია სხვა რანგში; როგორ მოახერხეთ, რომ პროკურორები ასე უცბად და მყისიერად რეაგირებენ საზოგადოებრივ მოთხოვნებზე; როგორ მოახერხეთ, რომ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა ქვეყანაში აღარ არსებობს... ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ, ქალბატონო თეა, ნამდვილად გვაინტერესებს", — იკითხა მან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის არჩევის კრიტიკა
"ხუმრობით, ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ" — ასე გამოეხმაურა ზარდიაშვილი 2018 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის არჩევას. დეპუტატი ამბობდა, რომ ამ არჩევანს პესიმისტურად უყურებდა.
"უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას, რეალურად, ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", — ამბობდა ზარდიაშვილი.
მოსამართლეების დასაცავად ყველას წინააღმდეგ
ზარდიაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კრიტიკა ჯერ კიდევ არჩევამდე დაიწყო და არც შემდგომში შეუწყვეტია. მაშინ როცა, რუსთავი 2 მოსამართლეების ქონებასა და მილიონიან ბინებზე საუბრობდა, ზარდიაშვილი მეგობრებს გამოესარჩლა, ჯანეზაშვილი-დოლიძეს დაესხა თავს და აღნიშნა, რომ მათ უფრო დიდი ქონება აქვთ.
"რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ საკითხის ახლა წამოწევა, ეს არის უცნაური. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს გახადეს დასასაბუთებელი, მე გადავავლე თვალი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და რუსთავი 2 თუ მოინდომებს, დამიჯერეთ, ქალბატონი ნაზის და ანას ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას თუ დიმიტრი გვრიტიშვილის თუ მამია ფხაკაძის ქონებები", — განაცხადა მან.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, დეპუტატმა მათ შავრაზმელები უწოდა მაშინ, როცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებს განიხილავდნენ. მედიას კი არაარგუმენტირებულობასა და მიკერძოებულობაში სდებდა ბრალს.
მეგობრობა ე.წ. კლანთან
მიუხედავად იმისა, რომ ზარდიაშვილი ყოველთვის უარყოფდა ე.წ. სასამართლო კლანის წევრობას ის არაერთხელ შენიშნეს მოსამართლეებთან, რომლებიც ამ კლანის წევრებად და მმართველებად მიიჩნეოდნენ.
ზარდიაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ მათთან მეგობრობდა და არ იყო ვალდებული გაემხილა, თუ რაზე ესაუბრებოდა მიხეილ ჩინჩალაძეს ან ლევან მურუსიძეს. თუმცა, ხანდახან მაინც ამხელდა მიზეზებს. მაგალითად, ერთხელ თქვა, რომ მეგობრის ოჯახის წევრი გარდაიცვალა და გეგმავდნენ მისულიყვნენ თუ არა საღამოს სამძიმარზე. ის ამტკიცებდა, რომ პარლამენტში მოსამართლეთა სიის გატანა ქუჩაში საუბრის თემა არ არის.
სელფები ტაბულას ჟურნალისტებთან
კლანის წევრ მოსამართლეებთან ზარდიაშვილი რამდენჯერმე ონლაინგამოცემა ტაბულას ჟურნალისტებმა შენიშნეს. დეპუტატმა გადაწყვიტა "პასუხი გაეცა ჟურნალისტებისთვის", რომლებმაც საჯარო სივრცეში მისი ფოტოები გამოაქვეყნეს და მათთან ერთად ფოტოების გადაღება მოინდომა.
ჟურნალისტებმა დეპუტატს არაერთხელ უთხრეს უარი, თუმცა მან მაინც სცადა სელფის გადაღება. ვისთანაც სელფი ვერ შეძლო, იმ ჟურნალისტებს დეპუტატმა ფოტოები გადაუღო და ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
შეურაცხყოფები ბესელიას მიმართ
ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება ზედაპირზე მაშინ ამოვიდა, როცა მოსამართეთა სიის გამო ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. ბესელიამ უარი თქვა განცხადების დაწერაზე იქამდე, სანამ მისი პირველი მოადგილე ზარდიაშვილი არ დატოვებდა თანამდებობას. ის ამბობდა, რომ კომიტეტს ზარდიაშვილს არ დაუტოვებდა. ზარდიაშვილი კი ბესელიას წასვლას თავის დამსახურებად მიიჩნევდა.
"იმხელა სიკეთე არ გამიკეთებია ჩემი სამშობლოსთვის, როგორც ეკას გადადგომას შევუწყვე ხელი", — ამბობდა ის.
ამის შემდეგ ურთიერთბრალდებები გახშირდა. ბესელია ზარდიაშვილს ყოფილი ხელისუფლების ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდა, ზარდიაშვილი კი მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ ბესელია ე.წ. ვირთხაა, რომელსაც უმრავლესობის სხდომიდან ინფორმაცია გაჰქონდა და რუსთავი 2-ს, კერძოდ კი ნოდარ მელაძეს აწვდიდა.
გარდა ამისა ზარდიაშვილი ყოფილ თანაგუნდელს კორუმპირებულს უწოდებდა და ამბობდა, რომ ამის მტკიცებულებებიც ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი წარუდგენია. ის ამბობდა, რომ ბესელიას ხელებს "ფულის სუნი ასდის".
რამდენიმე დღის წინ კი მან მორალზე საუბრისას უარყოფით კონტექსტში ახსენა ბესელია, რის გამოც ბესელია ხელით შეეხო და გააფრთხილა, რომ მის მორალზე საუბარი არ გაებედა.
ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?". ამის შემდეგ ზარდიაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბესელია აგრესიულია და ფიზიკურად სხვა პირებსაც უსწორდებოდა.
ულტიმატუმი წასასვლელად
ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ უკავშირდება ეკა ბესელიას. მეტიც, დეპუტატი ამბობს, რომ "ამ ქალბატონის გამო" პრინციპულად არ წავიდოდა. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, როცა მოსამართლეთა სიის გამო ბესელია მას დაუპირისპირდა, ზარდიაშვილი პარლამენტიდან წასვლის ულტიმატუმად სწორედ ბესელიას მიერ მანდატის დატოვებას ასახელებდა.
კომენტარები