რა იმალება ამაზონის ჯუნგლებში მდებარე უცნაური გორაკის უკან — "კონუსის გორა" ტყეში

ფოტო: Amusing Planet
Cerro El Cono 400 მეტრის სიმაღლის, პირამიდისებური ფორმის გორაკია, რომლის სახელიც "კონუსის გორას" ნიშნავს. ის ამაზონის ტროპიკულ ტყეში, პერუსა და ბრაზილიას შორის, მთიან რეგიონში, მდებარეობს. ელ კონოს დანახვა ნათელ ამინდში ანდების მთებიდან, 400 კილომეტრის მანძილიდანაც შეიძლება.
ამ უცნაური კონუსის წარმოშობა მისი შორეული მდებარეობის გამო დღემდე ამოუცნობია. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის შეიძლება, ჩამქრალი ვულკანი იყოს, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ უჩვეულო კლდოვანი წარმონაქმნია.
ადგილობრივი ტომები ამ მთის არსებობას სხვადასხვანაირად ხსნიან. პერუული გაზეთის, La República-ს ცნობით, ელ კონო ხალხისთვის სულიერი ობიექტია. ზოგიერთი მას "ანდურ აპუს", ანდების მთების წმინდა სულს ან ღმერთს, უწოდებს. პერუს, ბოლივიისა და ეკვადორის მითოლოგიებში აპუები დედამიწიდან იმისთვის ამოვიდნენ, რომ ახლომახლო მცხოვრები ხალხი დაეცვათ და მათთვის ეხელმძღვანელათ.
La República-ში ასევე ნათქვამია, რომ ელ კონო ძველი ადგილობრივი ტომების მიერ ძველი პირამიდის ნანგრევებზე აშენებული გორაკია. მისი ჯუნგლები ბიომრავალფეროვნების კუთხით გამორჩეულია. აქ გიგანტური არმადილები (Priodontes maximus), იაგუარები (Panthera onca) და სხვა ტიპის მაიმუნები ცხოვრობენ, როგორც The Guardian იუწყება. თვითონ მწვერვალი ტყით დაფარულია და 1990–იანი წლებიდან ბიომრავალფეროვნების დაცულ ნაკრძალს წარმოადგენს.
2015 წელს ეს ტერიტორია სიერა დელ დივიზორის ეროვნულ პარკად გამოაცხადეს, რათა ტყის უკანონო ჩეხისგან, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ოქროს მოპოვების სამუშაოებისგან დაეცვათ. მიუხედავად ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ტყის ჩეხა და ნადირობა დღემდე მიმდინარეობს.
კომენტარები