ჩინეთში ხელოვნურად გამოიწვიეს იმ ოდენობის წვიმა, რომელიც 30 ოლიმპიურ აუზს აავსებდა

ფოტო: Getty
ორი წლის წინ ჩინეთში, სინძიანში, მეცნიერებმა ამინდის ხელოვნურად მოდიფიცირების მეთოდი გამოცადეს, კერძოდ ე.წ. ღრუბლების დათესვა დრონებით. უკვე ცნობილია, რომ ამან 8000-ზე მეტ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე ატმოსფერული ნალექის ოდენობა ერთ დღეში 4%-მდე გაზარდა.
საერთო ჯამში, ხელოვნურად გამოწვეული წვიმის წყალმა 70 000 კუბური მეტრი მოცულობა შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის სითხე 30 ოლიმპიური აუზის ასავსებად იქნებოდა საკმარისი. ამ შედეგის მისაღებად სპეციალისტებმა მხოლოდ 1 კილოგრამი ვერცხლის იოდიდი გამოიყენეს.
ღრუბლების დასათესად ვერცხლის იოდიდი საშუალო ზომის ორმა დრონმა დაახლოებით 5.4 კილომეტრ სიმაღლეზე აიტანა. 4 ფრენის განმავლობაში მოყვითალო ფხვნილი ატმოსფეროში კვამლის სახით გააფრქვიეს. თითოეულ კონტეინერში 125 გრამი ნაერთი იყო მოთავსებული, ხოლო ნაწილაკთა გაფანტვის მაჩვენებელი წამში 0.28 გრამს უდრიდა.
ჩინელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დრონების ამგვარი სისტემა საფრთხის ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული, კარგად მანევრირებს და ზუსტი კონტროლის საშუალებას იძლევა. ასევე, ის წლის განმავლობაში, ნებისმიერ ამინდში, მასშტაბური წვიმის/თოვლის გამოწვევის სამგანზომილებიან ოპერაციებს ხდის შესაძლებელს.
ამინდის მოდიფიცირების იგივე მეთოდი ჩინეთის სხვა რეგიონებშიც გამოცადეს, მაგალითად: გუიჯოუში, შანხაისა და სიჩუანში. შედეგების გასაგებად სპეციალისტებმა სამი მიდგომა გამოიყენეს. გაირკვა, რომ ღრუბლების დათესვამ წვიმის წვეთების ზომა 0.46-დან 3.22 მილიმეტრამდე გაზარდა. სატელიტურმა დაკვირვებებმა კი გამოავლინა, რომ ღრუბლების ზედა ნაწილი 10°C-ით გაცივდა და დაახლოებით 2.8 კილომეტრით გაფართოვდა.
50 წლის კლიმატური მონაცემების სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ გზით დამატებით 78 200 კუბურ მეტრ წვიმაა მოსალოდნელი, ანუ ნალექის 3.8%-ით მატება. რეალური მაჩვენებელი სიმულაციების პროგნოზს — 73 800 კუბურ მეტრსა და 4.3%-იან მატებას — თითქმის ზუსტად შეესაბამება.
სინძიანი, რომელიც გობისა დატაკლა-მაკანის უდაბნოების ნაწილს მოიცავს, სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მთავარი პრობლემები მყინვარების დნობა და გაუდაბნოებაა. რეგიონში ტყეების მოშენება მიმდინარეობს, რაც გამწვანებას უწყობს ხელს, თუმცა ამისთვის წვიმაც საჭიროა. ღრუბლის დათესვის ტექნოლოგია მეცნიერებს გამწვანების ხელშეწყობაში დაეხმარება.
კომენტარები