2025 წლის 5 მაისს Skype-მა მუშაობა სამუდამოდ შეწყვიტა. აპლიკაცია 2003 წელს ამოქმედდა და ბევრისათვის საყვარელი პლატფორმა გახდა ვიდეოზარით კომუნიკაციისთვის.

Microsoft-მა სკაიპი 14 წლის წინ შეიძინა, 2025 წლის თებერვალში კი დაადასტურა, რომ იგი მაისში შეწყვეტდა ფუნქციონირებას. კომპანიამ განაცხადა, რომ სურდა Teams-ზე, თავისივე სხვა აპლიკაციაზე, მეტად ფოკუსირებულიყო.

"იმისათვის, რომ ჩვენი უფასო სამომხმარებლო შეთავაზებები გავაუმჯობესოთ და კლიენტთა საჭიროებებს უკეთ მოვერგოთ, Skype-ს 2025 წლის მაისში გავთიშავთ, რათა Microsoft Teams-ზე (უფასო) ვფოკუსირდეთ, ჩვენი თანამედროვე კომუნიკაციებისა და კოლაბორაციის კერაზე", — ვკითხულობთ Microsoft-ის ბლოგპოსტში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა.

სკაიპის მომხმარებლებს ამის შემდეგ 10 კვირა ჰქონდათ, რათა თავიანთივე ანგარიშებით Teams-ზე გადასულიყვნენ. ამ შემთხვევაში ჩატები და კონტაქტები ავტომატურად გადავიდოდა ამ აპლიკაციაში. ვისაც Teams-ით სარგებლობა არ ენდომებოდა, საშუალება ჰქონდა, საკუთარი მონაცემები — მათ შორის ჩატები, კონტაქტები და ზარების ისტორია — გადმოეწერა და შეენახა.

Skype-ის გაუქმება არც ისე მოულოდნელი იყო. Microsoft-მა 2016 წელს Teams გამოუშვა და მას შემდეგ ეტაპობრივად ამ პლატფორმაზე გადადის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც 2021 წელს Skype for Business გაუქმდა და Windows 11-ში Teams ინტეგრირდა. 2024 წლის ბოლოს Microsoft-მა სკაიპის პროდუქტების გაყიდვაც შეწყვიტა.

სკაიპის მთლიანად გაუქმების გადაწყვეტილება Teams-ის ზრდას უკავშირდება. Microsoft-ის შეფასებით, Teams გამოსაყენებლად მზადაა, სკაიპის ფუნქციებს სრულად ანაცვლებს ერთ სივრცეში და მომხმარებელი მზადაა, Skype-ს გამოეთხოვოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.