ელექტროსიგარეტის მომხმარებლები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან — ექსპერტების გაფრთხილება

ფოტო: boardpreprecovery.com
ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც "პოპკორნის ფილტვებს" უწოდებენ. დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ სამი წლის განმავლობაში, ფარულად ელექტრო სიგარეტის, ე.წ. "ვეიპის" გამოყენება იყო.
"პოპკორნის ფილტვები", ანუ ბრონქიოლიტის ობლიტერანსი, იწვევს მცირე სასუნთქი გზების ანთებას და მათი დაზიანების შედეგად სუნთქვის გაძნელებას, ხველას, დაღლილობასა და ქოშინს.
ეს ტერმინი 2000-იან წლებში გავრცელდა, როცა პოპკორნის ქარხანაში მომუშავე რამდენიმე ადამიანს ქიმიური ნივთიერება დიაცეტილის ჩასუნთქვის შედეგად ფილტვების დაზიანება აღენიშნა. დიაცეტილი არის არომატული ნივთიერება, რომელიც ჰაერში აეროზოლის სახით ხდება ტოქსიკური და აზიანებს ფილტვებს. სწორედ ეს ნივთიერება აძლევს პოპკორნს მსუყე, კარაქიან არომატს.
მიუხედავად იმისა, რომ დიაცეტილი ბრონქიოლიტის ყველაზე ცნობილი გამომწვევი მიზეზია, ეს დაავადება ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა ტოქსიკური ქიმიკატების ჩასუნთქვამაც, მათ შორის, არასტაბილურმა კარბონილურმა ნაერთებმა, როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და აცეტალდეჰიდი. სწორედ ეს ნივთიერებები შეინიშნებიან ელექტროსიგარეტის ორთქლში.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ პოპკორნის ფილტვების მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქოდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი — ფილტვის გადანერგვას.

ფოტო: Gilmanshin/Canva
ელექტრო სიგარეტები განსაკუთრებით თინეიჯერებსა და ახალგაზრდებშია პოპულარული, რაც არომატული სითხეების მრავალფეროვნებით აიხსნება — ბამბის ნაყინი, მანგო, ტკბილეული და სხვა. ამ არომატებთან ერთად ორგანიზმი იღებს ქიმიურ ნარევს, რომლის ინგრედიენტები უსაფრთხოა საკვებად, მაგრამ სახიფათოა შესუნთქვისას.
საკვების შემთხვევაში ქიმიური ნივთიერებები გადის ღვიძლის ფილტრაციას და მხოლოდ შემდეგ ხვდება სისხლში, მაგრამ ელექტროსიგარეტის მოხმარებისას ეს ქიმიკატები პირდაპირ ფილტვებში ხვდება და წამებში ვრცელდება ძირითად ორგანოებზე.
ექსპერტების შეფასებით, დღევანდელ ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტი არომატული ნივთიერებაა გამოყენებული. მათი გაცხელებისას იქმნება ახალი ნაერთები, რომელთა ინჰალაციური უსაფრთხოება ხშირად საერთოდ არაა შესწავლილი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი დიაცეტილს არ იყენებს, მისი შემცვლელები, აცეტოინი და პენტანდიონი, შესაძლოა ასევე მავნე აღმოჩნდეს.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დასტურდება იმ მოზარდის ისტორიით, რომელმაც ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად მიიღო შეუქცევადი ფილტვის დაზიანება. ეს ფაქტი მოგვაგონებს 2019 წლის "ვეიპის" კრიზისს აშშ-ში, როცა ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა და ათობით დაიღუპა. მაშინ პრობლემა უკავშირდებოდა ვიტამინ E-ს აცეტატს, რომელიც გახურებისას მომწამვლელ აირს წარმოქმნის.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში The Conversation.
კომენტარები