7 წლის ბრიტანელი ბიჭი, სახელად ელიოტი, დერბიშირის საგრაფოს ქალაქ მეტლოკში ცხოვრობს. მან საკუთარ ეზოში უძველესი ოკეანური ნამარხები აღმოაჩინა, რომლებიც სინამდვილეში სხვა ადგილიდანაა — დორსეტის საგრაფოდან.

ელიოტი სამი თვის წინ ეზოში თამაშობდა, როცა მან მოულოდნელად კირქვის ბლოკი იპოვა. ბლოკის გატეხის შემდეგ მან ქვაში 140 მილიონი წლის, ანუ იურული პერიოდის, ზღვის ცხოველების ნამარხები აღმოაჩინა.

ფოტო: BBC

მეტლოკი ოდესღაც უძველეს რიფზე იყო განლაგებული, რომელმაც დინოზავრების ეპოქიდან უამრავი ნამარხი შემოგვინახა. ამის მიუხედავად, ნოტინგემის უნივერსიტეტში მომუშავე პალეობოტანიკოსი, სიუზანა ლაიდონი, ფიქრობს, რომ ეს ნიმუში დორსეტიდან მეტლოკში ადამიანმა ჩაიტანა.

როგორც ელიოტი BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, იგი თავისი აღმოჩენით აღფრთოვანებულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას სამომავლოდ პალეონტოლოგობა სურს. მის მიერ ნაპოვნი კირქვა ნატიფი, დახვეული ნიჟარების მქონე მოლუსკებით — ამონიტებით — იყო დაფარული. ამ გადაშენებულ თავფეხიანებს სახელი პლინიუს უფროსმა დაარქვა. ის მიიჩნევდა, ეს მოლუსკები ეგვიპტური ღვთაების, ამონის, ცხვრის რქებს წააგავდა. ამონიტები რვაფეხას, კალმარსა და სიპინს ენათესავება. მეცნიერებს უკვე ამ თავფეხიანების 10 000-ზე მეტი სახეობა აქვთ აღწერილი.

მეტლოკი 330 მილიონი წლის წინ წყლით იყო დაფარული. ის ტროპიკულ კუნძულს ჰგავდა — იგი მარჯნის რიფებით, თევზებით, დიდი ხამანწკასებრი სახეობებითა და ზღვის შროშანებით იყო სავსე. მილიონობით წლის განმავლობაში ინგლისის ეს ნაწილი წყლის ზედაპირზე "ბორცვებიან სამოთხედ" გადაიქცა.

დერბიშირი მცირე ნამარხებითაა მდიდარი — აქ ყველაზე ხშირად მხარფეხიანები და ზღვის შროშნები გვხვდება. ისინი ოდესღაც იმ ლერწმებში ბინადრობდნენ, რომლებიც დღეს კირქვის კლდეებია. ტროპიკული ზღვები ჩრდილოეთის მდინარეების დელტებიდან წამოსული ტალახითა და ქვიშით იყო დაფარული.

დორსეტი იურული სანაპიროს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. იგი გაერთიანებულ სამეფოში ნამარხების შეგროვებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია, რადგან იქ ამონიტებს ძალიან ხშირად აწყდებიან. პროფესორმა ლაიდონმა სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ეს ნამარხები მეტლოკს არ უნდა ეკუთვნოდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.