როკვარსკვლავი ჰიჯაბით — შინეიდ ო’კონორის ცხოვრების გზა
ხელოვანების ცხოვრება ყოველთვის უჩვეულო კალაპოტში მიედინება: მათი უმეტესობის ყოველდღიურობა, როგორც წესი, რუტინულის ნაცვლად ბოჰემურად უფრო წარმოგვიდგენია - თავაშვებული და საზოგადოებრივ ნორმებთან წინააღმდეგობრივი. არადა, რა უცნაურია ეს მოვლენა - ისინი, ვინც ქმნიან კულტურას, ვის შემოქმედებასაც ვუსმენთ, ვუყურებთ ან ვკითხულობთ ისე, რომ ხშირად ჩვენს მსოფლმხედველობასა და ღირებულებებზეც კი წარუშლელ კვალს ტოვებს, თითქმის ყოველთვის თავიანთი ცხოვრების გამო იმ დევიანტებად მიიჩნევიან, რომლებმაც "ნორმალური" ადამიანების ცხოვრებაზე უარი თქვეს. მხოლოდ, ალბათ, მათი გარდაცვალებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ ვახვევთ მათ პირად ცხოვრებას ეგზოტიკურობისა და რომანტიკულობის საბურველში: იქნება ეს მათი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, მფლანგველობა, რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები, თავისუფალი სექსუალური ცხოვრება თუ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, მხოლოდ მერე, გვიანღა იქცევა ერთმანეთისთვის აღფრთოვანებული ტონით მოსაყოლი საგმირო ამბების თემად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია ხელოვნების სამყაროში ვინმე გააკვირვო, აღაფრთოვანო ან გააბრაზო შენი პიროვნული თავისებურებით, თანაც დღეს, როცა ისედაც დაღლილები ვართ შოუდ ქცეული გადაჭარბებული ექსცენტრიკულობითა თუ ვარსკვლავების პორნოვიდეოების ინტერნეტში ლამის ყოველდღიურად გაჟონვით. ამის მიუხედავად, ბოლო სამი ათწლეულია ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო’კონორი ეტაპობრივად მუდმივად ახერხებს ერთდროულად მთელი მსოფლიო უზომოდ დაასევდიანოს, გააღიზიანოს ან, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გაამხიარულოს კიდეც. ერთი შეხედვით, როგორი ოქსიმორონიცაა გამოყენებული სათაურში - "როკვარსკვლავი ჰიჯაბით" - მისი სწორედ ასეთივე ურთიერთსაწინააღმდეგო და კონტრასტული ემოციებით სავსე ცხოვრების შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში.
სანამ მისი ხმა მილიონობით მსმენელს მონუსხავდა
მსოფლიოში აღიარებული ამ მომღერლის სრული სახელი და გვარი შინეიდ მარი ბერნადეტე ო’კონორია, რომელიც 1966 წლის 8 დეკემბერს დუბლინში დაიბადა. ის ოთხ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა, თუმცა ერთ დროს ეს დიდი ოჯახი მათი მშობლების განქორწინებამ დაშალა: როცა შინეიდი რვა წლის იყო, მამამისი, შონ ო’კონორი ცოლს გაშორდა და სხვა ქალზე იქორწინა. შინეიდი მათი მესამე შვილი იყო და განქორწინების შემდეგ დედასთან, მარი ო’კონორთან სწორედ პირველი სამი შვილი დარჩა, დანარჩენი ორი უმცროსთაგანი კი მამამ წაიყვანა.
როცა შინეიდ ო’კონორს ცამეტი წელი შეუსრულდა, მამასთან გაიქცა და მასთან ცხოვრობდა, სანამ თხუთმეტი წლისას მაღაზიაში ქურდობისას არ გამოიჭირეს და მარიამ მაგდალინელის სახელობის ქალთა გამოსასწორებელ კათოლიკურ თავშესაფარში თვრამეტი თვით არ გამოკეტეს. როგორც თვითონ მოგვიანებით იხსენებდა, ის პერიოდი მუდმივ შიშსა და აგონიაში გაატარა, თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო პირველად მუსიკაზე ფიქრი.
მუსიკალური კარიერის დასაწყისი
თავშესაფრიდან თავის დაღწევის შემდეგ ო’კონორმა სწავლა სკოლაში გააგრძელა და ბენდი შექმნა, სახელწოდებით Ton Ton Macoute. სწორედ ამ პერიოდში ის ერთ-ერთმა გავლენიანმა პროდიუსერმა შენიშნა, მისი ხმით მოიხიბლა და თინეიჯერობის დასასრულს მიღწეულ ამ გამოუცდელ მომღერალს თანამშრომლობაც შესთავაზა. ასე ჩაწერა მან 1987 წელს სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra, რომელმაც პირველი აღიარება მოუტანა. როგორც თავად ამბობდა, მის პირვანდელ შემოქმედებაზე დიდი გავლენა ბობ მარლის, დევიდ ბოუისა და ბობ დილანის მუსიკამ იქონია.
ვიდეოკლიპი, რომლითაც მთელმა მსოფლიომ დაიმახსოვრა
მართალია, ახალგაზრდა მომღერალს პირველმა ალბომმა გრემის დაჯილდოების ნომინაცია მოუტანა და მუსიკალურ წრეებშიც მეტ-ნაკლებად გაიცნეს იგი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც 1990 წელს მისი მეორე ალბომის I Do Not Want What I Haven't Got გამოსვლას მოჰყვა თან. უფრო გულწრფელად რომ ვთქვათ, არა იმდენად მთლიანად ალბომმა, არამედ მასში შემავალმა ერთმა სიმღერამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო: ალბომში მეექვსე სინგლი ცნობილი ამერიკელი მომღერლის, პრინცის მიერ თავისი ბენდისთვის The Family 1985 წელს დაწერილი სიმღერის Nothing Compares 2 U ქავერი იყო, რომლის ორიგინალისთვისაც თავის დროზე დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. მეტიც, თავად პრინცსაც კი არასდროს უმღერია ეს სიმღერა მანამდე საჯაროდ და პირველად მხოლოდ 1993 წელს შეასრულა ცოცხლად.
სიმღერის ალტერნატიულ ვერსიასთან ერთად განსაკუთრებული მოწონება ვიდეოკლიპმა დაიმსახურა - შავ, სადა ფონზე თავგადახოტრილი შინეიდ ო’კონორის სილამაზემ მთელი მსოფლიო დაატყვევა. მართალია, მომღერალმა თავი კარიერის დასაწყისშივე გადაიპარსა, რადგან არ სურდა მუსიკალურ ინდუსტრიაში გამეფებულ სტანდარტულ სექსუალიზირებულ ფემინურ სილამაზეს მისი, როგორც ხელოვანის, სათქმელი გადაეფარა, მაგრამ ამის თავიდან არიდება ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა: მისი შემოქმედება შეიყვარეს, თუმცა, ამავდროულად, ყველას მისი გამორჩეული მშვენიერებაც დაამახსოვრდა.
სიმღერამ ათეულობით ქვეყნის ჩარტები დაიპყრო, ვიდეოკლიპი კი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ მოვლენად ითვლება. 1991 წელს ის ჟურნალმა Rolling Stone-მა წლის შემსრულებლად დაასახელა, ხოლო გრემის დაჯილდოებაზე ოთხი ნომინაცია მიიღო და მათ შორის ერთ-ერთში - საუკეთესო ალტერნატიული მუსიკა - გამარჯვებულიც კი გახდა, თუმცა შინეიდ ო’კონორი დაჯილდოების ცერემონიალზე არ გამოცხადდა და პრიზის მიღებაზეც უარი განაცხადა, რადგან, როგორც თავად ხსნიდა თავის ამ საქციელს, მუსიკის ინდუსტრიაში გამეფებული ყალბი მატერიალისტური ღირებულებების გაზიარება არ სურდა. ის პირველი მომღერალი იყო ისტორიაში, რომელმაც გრემისნაირ პრესტიჟულ ჯილდოს პროტესტი გამოუცხადა, შემდგომში კი სხვადასხვა დროს მსგავსად მოიქცნენ ჯეი ზი, ქენიე უესტი და სხვები.
ასეთი გასაოცარი წარმატების მიუხედავად, შინეიდ ო’კონორს ეს სიმღერა სძულდა, რადგან მას უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ თავისი ავტორობით შექმნილი სიმღერების ნაცვლად წარმატება სხვისი სიმღერის შესრულებამ მოუტანა. ეს მოსაზრება არც იყო რეალობისგან ძალიან შორს, რადგან 1990 წლის შემდეგ მან კიდევ რვა ალბომი ჩაწერა, თუმცა მათგან ვერც ერთმა ვერ გაიმეორა იგივე წარმატება და აღარც ერთი სიმღერა გამხდარა ისეთი ჰიტი, როგორიც Nothing Compares 2 U იყო. 2015 წელს ისიც განაცხადა, რომ ცოცხლად აღარასდროს შეასრულებდა ამ სიმღერას, რადგან, როგორც მომღერალმა, მასთან ემოციური კავშირი დაკარგა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, 2019 წლის 6 სექტემბერს თავისი სიტყვა გატეხა და The Late Late Show-ში ხელახლა შეასრულა ეს საკულტო სიმღერა: ოღონდ ოცდაცხრამეტი წლის შემდეგ ტრანსგრესიულად გადახოტრილი თავი ამჯერად ჰიჯაბით ჰქონდა შემოსილი.
სკანდალი, რომელმაც მისი კარიერა გადაფარა
სანამ ჰიჯაბით შემოსილი მომღერლის საოცრად ემოციური შესრულება იქნებოდა, მანამდე ათეულობით წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში სხვა არაერთი გარდამტეხი მოვლენა მოხდა. ზევით უკვე აღინიშნა, რომ მეორე ალბომის შემდეგ შინეიდ ო’კონორს აღარ გაუმეორებია ის კარიერული წარმატება, რაც 1990 წელს ხვდა წილად, თუმცა ეს მთლიანად იმან კი არ განაპირობა, რომ მან ვეღარ შეძლო ღირებული მუსიკის შექმნა, არამედ უფრო იმან, რომ ის, როგორც მომღერალი და როგორც პიროვნებაც, უბრალოდ შეიძულეს. აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:
1992 წლის 22 სექტემბერს უკვე სახელგანთქმული მომღერლის მესამე ალბომი Am I Not Your Girl? გამოვიდა და ისევ ყურადღების ცენტრში მოქცეული ახალგაზრდა ვარსკვლავი მალევე, 3 ოქტომბერს გადაცემა Saturday Night Live-ში მიიწვიეს, სადაც ბობ მარლის სიმღერა War შეასრულა. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ პერფორმანსის ბოლოს, ისე, რომ ამის შესახებ შოუს ავტორებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, შინეიდ ო’კონორმა პირდაპირ ეთერში იმდროინდელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის სურათი დახია და ეს უზომოდ გავლენიანი სასულიერო პირი კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე პრაქტიკად ქცეული სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვაში საჯაროდ დაადანაშაულა.
ამ ფაქტმა ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოუდგენელი აღშფოთება გამოიწვია. ტელეარხ NBC-ში, რომელზეც გავიდა ეს გადაცემა, ჯამში 4,400 გაბრაზებული მაყურებლის ზარი შევიდა. მომდევნო კვირას გასულ გადაცემაში კი ახალმა სტუმარმა, მსახიობმა ჯო პეშმა თავის მონოლოგში მაყურებლებს ბოდიშის მოხდის მიზნით რომის პაპის გამთლიანებული ფოტო წარუდგინა და ისიც განაცხადა, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, შინეიდ ო’კონორს ამ საქციელის გამო დაარტყამდა კიდეც.
მომღერალმა იმ რაოდენობის აგრესია, ლანძღვა და შეურაცხყოფა დაიმსახურა, რომ სულ რამდენიმე საუკუნით ადრე ალქაჯად შერაცხავდნენ და კოცონზე დაწვავდნენ. და რისთვის? ცხრა წლის შემდეგ თავად რომის პაპმაც აღიარა იმ წარმოუდგენელი დანაშაულების რეალურობა, რომელთაც ათასობით კათოლიკე მღვდელი ეკლესიის წიაღქვეშ სჩადიოდა. როცა 2002 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ო’კონორს ჰკითხეს, ნანობდა თუ არა ათი წლის წინანდელ საქციელს, მან მიუგო: "რა თქმა უნდა, არა. ახლაც იმავეს გავიმეორებდი."
კიდევ ნაწილი იმ საქმეებისა, რითიც შინეიდ ო’კონორი პერსონა ნონ გრატა გახდა
- ის ოთხმოციანების ბოლოსა და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მხარს უჭერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ორგანიზაციას ირლანდიის დროებით რესპუბლიკურ არმიას, რომლის მიზანიც დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის სრულიად დამოუკიდებლობა იყო. ისინი ამისთვის ხშირად რადიკალურ და ძალადობრივ მოქმედებებს მიმართავდნენ.
- 1990 წელს ნიუ ჯერსიში გამართული კონცერტის წინ შინეიდ ო’კონორმა მანამდე დამკვიდრებულ ტრადიციაზე, ამერიკის ეროვნული ჰიმნის ჩართვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ამით გადაჭარბებული პატრიოტიზმისა და რასიზმის გაპროტესტება სურდა. ამის გამო არაერთმა რადიომ მისი სიმღერები აკრძალა, ხოლო ფრენკ სინატრამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამის გამო მას კარგად "შემოსცხებდა".
- მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურებისთვის მხოლოდ კაცები დაიშვებიან, 1990-იანი წლების ბოლოს ის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა კათოლიკურმა გაერთიანებამ მღვდლად აკურთხა.
- 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ო’კონორმა პრინცზეც ისაუბრა: Nothing Compares 2 U-ის ქავერის წარმატების შემდეგ ის მომღერალმა თავისთან სახლში მიიწვია და ურჩია, ინტერვიუს დროს უხამსი სიტყვების გამოყენება შეეწყვიტა, რაზეც, როგორც ო’კონორმა განაცხადა, მას უხეშად მოაკეტინა. პრინცის უარყოფით კონტექსტში ხსენება მას ბევრმა ფანმა არ აპატია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ შინედ ო’კონორმა ის ძალადობაშიც კი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პირველად შეხვედრისას მისი ცემა სცადა.
- 2018 წელს ისლამის მიღების შემდეგ მომღერალმა ტვიტერზე ყველა, ვინც მის მრწამს არ იზიარებდა, საჯაროდ გალანძღა: "აღარ ვაპირებ ურთიერთობა მქონდეს თეთრკანიან არამუსლიმ ადამიანებთან". ცოტა ხნის წინ კი ამ ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა: "ჩემ გარშემო არსებულმა ისლამოფობიამ მაიძულა მაშინ იმ სიტყვების თქმა, მაგრამ ახლა ღმერთმა იცის, რომ ამას ვნანობ."
მოგონებები დედაზე - შინეიდ ო’კონორის გულახდილი აღიარება
Nothing Compares 2 U-ს ვიდეოკლიპის ბოლოს მომღერალი ტირის, რაც ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ხუთწუთიან ვიდეოში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს დაგეგმილი სულაც არ ყოფილა: სიმღერის ტექსტის იმ მონაკვეთში, რომელშიც დედაა ნახსენები, (All the flowers that you planted, mama, in the back yard; All died when you went away), ო’კონორს დედამისი გაახსენდა, რომელიც ავტოავარიაში მაშინ გარდაიცვალა, როცა იგი ცხრამეტი წლის იყო. ამ დროს მათ ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდათ და შინეიდ ო’კონორს გული იმაზე სწყდებოდა, რომ მასთან დამშვიდობება ვერ მოახერხა.
ამ ერთი შეხედვით საოცრად ემოციური ფრაგმენტის მიღმა, დედა-შვილის ურთიერთობაში გაცილებით მძიმე და შოკის მომგვრელი დეტალები იმალება. მომღერალი ადრეულ წლებშიც საუბრობდა ბავშვობაში გადატანილ ძალადობის ფაქტებზე, რის გამო გაიქცა სწორედ ცამეტი წლის ასაკში დედის სახლიდან მამასთან, თუმცა 2017 წელს Dr. Phil-ის გადაცემაში საუბრისას მან სულ მცირე ასაკიდან გადატანილი წარმოუდგენელი საშინელებების შესახებ ღიად და დეტალურად ისაუბრა: "ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებები დედაზე მისი სიტყვებია, რომ მე არ უნდა დავბადებულიყავი, რადგან მას მე არ ვსურდი: მას ვაჟი სჭირდებოდა. ამის გამო ის პატარაობიდანვე ბიჭივით მაცვამდა და თავს ბოლომდე მხოტრავდა."
ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთად, ო’კონორმა დედის მიერ ჩადენილ გაუგონარ ფიზიკურ ძალადობაზეც ისაუბრა: "ის ყოველდღიურად მცემდა და ამ დროს ბოლომდე მაშიშვლებდა, შემდეგ კი იატაკზე მაწვენდა და მუცელში მირტყამდა, რომ ჩემი საშვილოსნო გაენადგურებინა. მას უნდოდა, რომ ჩემში ქალურობა მოეკლა. ამ დროს კი თან მაიძულებდა მეყვირა, რომ არარაობა ვიყავი, თვითონ კი იღიმოდა - ჩემი ტკივილი მას სიამოვნებას ანიჭებდა."
როცა ტელეწამყვანმა ჰკითხა, თუ რისი მიღება სურდა ყველაზე მეტად მომღერალს დედისგან, შინეიდ ო’კონორმა მიუგო: "ჩახუტება, სიყვარული, მოფერება, მასთან ერთად ძილი, საჩუქრები - მსგავსი არაფერი მღირსებია. მიუხედავად ამისა, მაინც მძულს იმის გაცნობიერება, რომ მისი შეყვარება ვერ შევძელი, მასზე ზრუნვა არ შემეძლო, არადა მას არავინ ჰყავდა, ვინც მხარში ამოუდგებოდა. მონსტრი იყო, მაგრამ მაინც მინდოდა მასზე მეზრუნა და მეთქვა, რომ მიყვარს და ყველაფერი კარგად იქნება."
ხოლო შემდეგ კითხვაზე, თუ ყველაზე მეტად რა უყვარს დედამისში, ასე უპასუხა: "ის, რომ მკვდარია. უცნაურია, მაგრამ პირველი სწორად ეს გამახსენდა - მიხარია, რომ მკვდარია. ეს მისგან ძალიან დიდი სიკეთეა. თუმცა, მე ის ამავდროულად საშინლად მენატრება და ალბათ, ეს ხსნის სწორედ ჩემს სუიციდურ სურვილს: მე მასთან ყოფნა მინდა."
როგორ გახდა ფსიქიკური ჯანმრთელობა დაცინვის საგანი
შინეიდ ო’კონორმა გააღიზიანა მორწმუნე კათოლიკეები პაპის შეურაცხყოფით, გააბრაზა პატრიოტი ამერიკელები ეროვნული ღირებულებების დამცირებით და გადაიმტერა პრინცის გულშემატკივრები საკულტო მომღერლის სახელის ლაფში ამოსვრით, მაგრამ არავისთვის არაფერი დაუშავებია თავისი ჯანმრთელობის პრობლემებით, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ამის გამოც მოიძულეს და დაუსრულებელი დაცნვის ობიექტად გახადეს.
მომღერალმა პირველად 2007 წელს ოპრა უინფრის შოუში ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ ექიმებმა მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს. მან ისიც აღიარა, რომ თავის ოცდამეცამეტე დაბადების დღეზე, 1999 წლის 8 დეკემბერს თვითმკვლელობაც სცადა. ამის შემდეგ ის 2016 წელს ორჯერ დაიკარგა და ახლობლები შიშობდნენ, რომ მას თვითმკვლელობა სურდა, თუმცა პოლიციამ მომღერალი ორჯერვე უსაფრთხოდ იპოვა. 2017 წელს მას თავის ცამეტი წლის ვაჟზე მეურვეობა ჩამოართვეს, ამ ფაქტიდან მალევე კი შინეიდ ო’კონორმა თავის ფეისბუქგვერდზე თორმეტწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმაზე საუბრობდა, თუ როგორ აქცია ზურგი ყველამ:
"სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანები, რომლებსაც უნდა ვყვარებოდი და ჩემზე უნდა ეზრუნათ, არარაობასავით მექცევიან. ჩემ გარშემო აღარავინ დარჩა ჩემი ფსიქიატრის გარდა - ყველაზე კეთილი ადამიანი სამყაროში, რომელიც მუდმივად მიმეორებს, რომ მისი გმირი ვარ. და ის, რომ მისი გმირი ვარ, ერთადერთი რამაა, რაც სიცოცხლეს მაგრძელებინებს... რა საცოდაობაა."
რა რეაქცია შეიძლება გვქონდეს ამ ფაქტზე? გეტყვით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უმეტესობას: ამ ვიდეოს კომენტარებში თუ მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის განხილვისას ადამიანების უმეტესობა უკეთესს შემთხვევაში უნდობლობას გამოხატავდა, უარეს შემთხვევაში კი მომღერლის მენტალურ ჯანმრთელობას დასცინოდა და უბრალოდ ყურადღების მიქცევის უნიჭო მცდელობაში ადანაშაულებდა. შინეიდ ო’კონორის შემთხვევა ძალიან კარგად გვაჩვენებს იმას, თუ რა მცირედით შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: ჩვენ შეიძლება ჰომოსექსუალი ადამიანი ცოდვილი აღარ გვგონია, არათეთრკანიან ადამიანებს დაბალგანვითარებულებად აღარ აღვიქვამთ და ქალები კაცებზე სუსტებად არ მიგვაჩნია, მაგრამ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ ჩვენი წარმოდგენები ისევ შიშით, გულგრილობით ან დაცინვითაა სავსე . ამასთან დაკავშირებით თავად მომღერალმაც ისაუბრა 2013 წელს ჟურნალ TIME-ში:
"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ადამიანის უფლებების ნაწილია და ამ უფლებების დარღვევის შემზარავი გამოცდილება გვაქვს: მედია და პაპარაცები ლინჩის წესით ასამართლებენ ახალგაზრდა ვარსკვლავებს, ისეთ ცნობილ ქალებს, როგორებიც არიან, მაგალითად ბრიტნი სპირსი, ამანდა ბაინსი თუ ლინდსი ლოჰანი, ან ნებისმიერი სხვა, ვისაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათ დასდევენ ქუჩებში და ცდილობენ აღბეჭდონ, თუ რა საშინლად გამოიყურებიან ისინი, შემდეგ კი ამ სურათებს მიჰყიდიან გაზეთებს, სადაც დამამცირებელ ან თითქოს კურიოზულ ისტორიებს წერენ მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს წარმოუდგენლად საზიანო და საშიშია ამ ადამიანებისთვის, რადგან, რაც ითქვა ან დაიწერა, არ რჩება მხოლოდ იმ ფურცლებსა თუ ეკრანებზე - ის, თუ როგორ გექცევიან ადამიანები, შენში სამუდამოდ ილექება. სამწუხაროდ, მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებით კვლავ არსებობს დიდი სტიგმა, რის გამოც შეუძლიათ არარაობასავით მოგეპყრონ ან დაგამცირონ, რასაც ფიზიკური პრობლემების შემთხვევაში არ გააკეთებდნენ. გოგონებს, რომლებსაც ფეხი აქვთ მოტეხილი, პაპარაცები არ მოექცეოდნენ ასე უმოწყალოდ და არ დაწერდნენ: "რა საშინლად გამოიყურებიან, არა? მოდი ყველამ ერთად დავცინოთ მათ, რადგან ფეხი აქვთ მოტეხილი."
ისლამი, როგორც კიდევ ერთი "შეცდომა"
ხომ ყველამ ვიცით ის ყოვლად გაცვეთილი და ყბადაღებული ფრაზა: "რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?" ზუსტად მაგ პათოსით რომ ვიკითხოთ - რას ვერ აპატიებდი თეთრკანიან ევროპელს? პასუხს შინეიდ ო’კონორის გამოცდილება გვაჩვენებს: ისლამის მიღებას.
მართალია, ო’კონორი წლების განმავლობაში მორწმუნე ქრისტიანობას იჩემებდა, მეტიც, კათოლიკურ ეკლესიაში სიწმინდის დასაცავადაც კი იბრძოდა, მაგრამ 2018 წელს მოულოდნელად ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რელიგია შეიცვალა:
"როცა ყურანის მეორე თავი წავიკითხე, მაშინვე გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, მთელი ცხოვრება მუსლიმი ვყოფილვარ და ეს არ მცოდნია."
მან ამავდროულად სახელიც შეიცვალა - შუჰადა დაირქვა და ჰიჯაბით შემოსილმა სელფიც გაავრცელა წარწერით: "ბედნიერი ვარ".
ყველასგან მიტოვებულმა, ფსიქიკური პრობლემებით გატანჯულმა და საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენელი გაკიცხვით დაღლილმა შინეიდ ო’კონორმა, ალბათ, მართლაც იპოვა ისლამში ის ბედნიერება, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე მას ყოველდღიურობას შეუმსუბუქებდა. თუმცა ამ ფაქტმა უმეტესობა კიდევ უფრო დაარწმუნა იმაში, თუ როგორი "გიჟია" მომღერალი. არადა, ხომ არავის ექნებოდა მსგავსი რეაქცია რომელიმე ავღანელი, სუდანელი ან ინდოელი რომ გამხდარიყო მოულოდნელად საჯაროდ ქრისტიანი? ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გამოძახილია დასავლურ კულტურაში მიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებით ატეხილი პანიკისა, რომლის ფარგლებშიც ისლამი ტერორიზმს, ჩამორჩენილობასა და ანტიევროპულობას უკავშირდება.
სხვადასხვა დროს ჯულია რობერტსმა ინდუიზმი, ორლანდო ბლუმმა ბუდიზმი და ჯეინ ფონდამ ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ არცერთი მათგანის გადაწყვეტილება არ გამხდარა ისეთი ქილიკის, დაცინვისა და შეშფოთების ღირსი, როგორიც შინეიდ ო’კონორისა. თანაც, რაც უნდა ჩვენი სუბიექტური თუ ობიექტური დამოკიდებულება გვქონდეს ისლამის მიმართ, როცა ვიცით ამ საჯარო პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რა გვიბიძგებს, რომ მისი ყოველი ნაბიჯი მაინც აუცილებლად საყოველთაო განხილვისა და გაკიცხვის საგნად ვაქციოთ? მეტიც, მის შესახებ ცრუ ინფორმაციებსაც კი ავრცელებენ, რათა მის გადაწყვეტილებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი კომიკურობა შესძინონ: მაგალითად, როდესაც შინეიდ ო’კონორმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისლამი მიიღო, რამდენიმე დღეში ინტერნეტში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მომღერალმა ახალ რელიგიაზე რამდენიმე დღეშივე თქვა უარი, როცა გაიგო, რომ ისლამი ალკოჰოლის მიღებას კრძალავს. ამ ყოვლად დამამცირებელ, ყალბ და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირის ღირსების შემლახავ "სიახლეზე" დიდი ხნის განმავლობაში იცინოდნენ ადამიანები ისე, რომ მისი სანდოობის გადამოწმება ბევრს არც უცდია: გიჟია და იზამდა რა, რატომაც არა.
მაინც რა დააშავა შინეიდ ო’კონორმა?
მიუხედავად იმ არაადამიანური მოპყრობისა, რომლის ატანაც შინეიდ ო’კონორს ადრეული ასაკიდანვე მოუწია, მან დედამისის თანაგრძნობაც კი შეძლო: "...მაინც მძულს იმის გაცნობიერება, რომ მისი შეყვარება ვერ შევძელი, მასზე ზრუნვა არ შემეძლო, არადა მას არავინ ჰყავდა, ვინც მხარში ამოუდგებოდა. მონსტრი იყო, მაგრამ მაინც მინდოდა მასზე მეზრუნა და მეთქვა, რომ მიყვარს და ყველაფერი კარგად იქნება." და ვინ ჰყავს ახლა გვერდით მას, ამ "შეშლილ" მომღერალს, რომელსაც, თითქმის ყველამ სხვადასხვა ფორმით აქცია ზურგი? ვინ ეტყვის მას, რომ ამდენი დამცირებისა და შეურაცხყოფის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება?
2014 წელს გამოშვებულ თავის ბოლო ალბომში (I'm Not Bossy, I'm the Boss) არის ერთი სიმღერა, რომელშიც მსგავს სიტყვებს ამბობს:
თუ ამ სიმღერას ნებისმიერი ვინმე გულდასმით მოუსმენს და დაფიქრდება, თუ რამდენ შეცდომას ვუშვებთ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად, ამ გზააბნეულ ქალსაც გაუგებს, რომელსაც, ალბათ, როგორც ჩვენ ყველას, უბრალოდ უნდა, რომ ვინმე ჩაეხუტოს და უთხრას: ყველაფერი კარგად იქნება.
კომენტარები