საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.

"20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", — ნათქვამია განცხადებაში.

20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა #სირცხვილია საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის სლოგანია "ერთად ერთის წინააღმდეგ".

#სირცხვილია და 20 ივნისის აქცია

სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები აქციებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ის 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამ დღიდან კი აქციაზე გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.