გადმოუხვიე ნენსკრას ხეობისკენ — ჭუბერში
სვანეთი უნიკალური ბუნებით, მთებით, კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული მხარეა. ძველი კოშკების, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად ტურისტების უმეტესობა მესტიასა და უშგულში ჩადის, თუმცა სვანეთს კიდევ ერთი გამორჩეული მხარე აქვს — მდინარე ნენსკრასა და ნაკრას ხეობა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
მაშ ასე, სვანეთის გზაზე, საგერგილის ხიდს როგორც კი გაივლით, მარცხნივ, ნენსკრას ხეობისკენ გადაუხვიეთ და ჩვენ მოგიყვებით, რა უნდა ნახოთ, თუ სვანეთის გაცნობა მართლა გინდათ.
ჭუბერი
ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული ზუგდიდიდან 80 კილომეტრში, ნენკსრას ხეობაში მდებარეობს. მას გარშემო კავკასიონის ქედები აკრავს და მთების კალთებზე 10 სოფელია განლაგებული. სოფლებს და სახლებს შორის მდინარე ნენსკრა მოედინება. სახელ ჭუბერზე სვანეთში ორი ვერსიაა გავრცელებული, ერთის თანახმად ჭუბურ მეგრულად წაბლს ნიშნავს და, რადგან ამ ტერიტორიაზე ბევრი წაბლის ხეა სახელიც ასე დაარქვეს. მეორე ვერსიით, მთას, საიდანაც მდინარე ნენსკრა მოედინება, აზავჭიბერ ჰქვია, ამიტომ ეძახიან სვანები ნენსკრას ჭუბრულას და თემს ჭუბერს.
ჭუბერში დღეს 13 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, მათ შორისაა "ნენსკრა", რომელმაც აქ ჩამოსულ ტურისტებს პირველმა უმასპინძლა. სასტუმროს 69 წლის მელორ ცინდელიანი ცოლთან და შვილთან ერთად ხელმძღვანელობს.
On.ge-სთან საუბრისას მელორი გვიყვება, რომ თავდაპირველად მეზობლები მის წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა შემდეგ ყველა რჩევას ეკითხებოდა.
კითხვაზე, რა არის ერთი რამ, რაც ჭუბერში ყველამ უნდა ნახოს მელორი გვპასუხობს:
"ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, ქართველისთვის დამახასიათებელია, რომ სტუმარი ღვთისაა, ასე მიგვაჩნია ყველას, მაგრამ ეს ყველაზე ძვალში გამჯდარი არის სვანეთში და სვანეთიდან კიდევ ჭუბერში. ჭუბერი ოდითგანვე გამორჩეული სოფელი იყო მთელ რაიონში თითით საჩვენებელი... მიუხედავად იმისა, რომ რაიონის ზედა სოფლებში კოშკები არის და კარგი ხედები იქაცაა, იქიდან ჩამოსულები აქ რომ მოდიან აშკარად აღიარებენ აქაურ უპირატესობას, რომ ბუნება აქაურზე უკეთესი არსად არ არის".
უფრო ზუსტად, რისი ნახვა შეგიძლიათ ნენსკრას ხეობაში:
- უთვირის უღელტეხილის ტურისტული მარშრუტის
- ლთნარის ტბის
- ლამხატობის ტბის
- ტობულდარის
- საჯიხვეების
- საკალმახეების
- და, რა თქმა უნდა, ულამაზესი ბუნების
ტობულდარი, ლამხატობისა და ლთნარის ტბები უთვირის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. ტობულდარი 2 300 მეტრის სიმაღლეზეა, აქედან კიდევ 5 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ, რომ ლთნარის ტბამდე მიხვიდეთ. თვითონ უთვირის უღელტეხილის სიმაღლე 2 770 მეტრია, კიდევ უფრო ძნელად მისასვლელია ლამხატობის ტბა, რომელიც დაახლოებით 3 500 მეტრზე მდებარეობს.
რჩევები, სანამ ნენსკრას ხეობას დავლაშქრავთ:
ტურისტები ნენკსრას ხეობის დასალაშქრად საფეხმავლო მარშრუტებს იყენებენ. სამანქანო გზა აქ მხოლოდ ტობულდარამდე ადის და ისიც ისეთი რთულია, რომ გამოცდილი მძღოლისა და შესაბამისი მანქანის პოვნაში უნდა გაგიმართლოთ.
- წინ დიდი გზა გაქვთ და უმჯობესია, ლაშქრობა დილით ადრე დაიწყოთ
- თან გქონდეთ სალაშქრო აღჭურვილობა
- არ დაივიწყოთ შესაბამისი ფეხსაცმელი, რადგან მთაში ამინდი ხშირად იცვლება
- ყოველთვის თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი
- უმჯობესია წასახემსებლად საჭმელიც წაიყოლოთ ალპურ ზონაში კენკრის გარდა არაფერი შეგხვდებათ.
თუ უკვე მზად ხართ, შეგიძლიათ ბილიკს ჩვენთან ერთად დაადგეთ. ტობულდარისკენ მიმავალი გზა მთლიანად ტყეში ადის, ბილიკის ორივე მხარეს მთები და მათ ფერდობებზე გაშლილი შერეული ტყე გხვდებათ. აქ ყველას თავისი ადგილი აქვს, ქვემოთ ფერადი ყვავილები, შემდეგ ველური თხილი, უფრო ზემოთ ფოთლებშეყვითლებული ხეები და ცალკე მარადმწვანე წიწვოვნები. გზად რამდენიმე ადგილას მთიდან ბუნებრივად გამომავალ, სუფთა, ცივ წყალსაც შეხვდებით. შესვენების ადგილად ალბათ იმ ერთადერთ ვაკეს შეარჩევთ, რომელიც ტყის ბოლოს გვხვდება. ეს ადგილი მთლიანად მთებითაა გარშემორტყმული, ჩრდილოეთით მოშიშვლებული, დათოვლილი ალპური ზონა ჩანს, დანარჩენ მხარეს კი ტყით დაფარული კალთები. აქ მწვანე ფერის ყველა გრადაცია შეგხვდებათ და კარვების გასაშლელადაც მშვენიერი ადგილია.
ტობულდარისკენ მიმავალ გზას თუ გააგრძელებთ, მალე მიხვდებით, რომ უნიკალური ტყეები უკან მოიტოვეთ. დანიშნულების ადგილას მხოლოდ ბალახში ჩაკარგული მთის ყვავილიები, შავი მოცვი და ხის ქოხი დაგხვდებათ. ამ ქოხს სვანები კარავს ეძახიან, ის დასარჩენად არა, მაგრამ 15 კილომეტრის გავლის შემდეგ დასასვენებლად გამოგადგებათ.
ასეთ შენობებს ძირითადად მწყემსები იყენებენ, ჩვენ კი შიგნით გერმანული და ინგლისური წიგნებიც დაგვხვდა.
უთვირის უღელტეხილის გზაზე გულის ფორმის პატარა ტბაც შეგხვდებათ, რომელიც ივლისის შემდეგ შრება და გაზაფხულამდე "იძინებს". ტობულდარიდან ლთნარის ტბამდე 5 კილომეტრი უნდა იაროთ, თუმცა ამ სანახაობისთვის კიდევ 5 კილომეტრი ნამდვილად ღირს.
ლამხატობის ტბამდე ასვლა თუ გადაწყვიტეთ, ამ ტბაზე ერთ ამბავს გიამბობთ. ლამხა სვანურად გასაავდრებელ ტბას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ამ ტბას მაშინ იყენებდნენ, როცა გვალვიანი პერიოდი იყო. ტბაზე ასულები შიგნით ტოტს ან ქვას აგდებდნენ და მაშინვე იღრუბლებოდა, წვიმაც იმდღესვე მოდიოდა ხეობაში.
უთვირის უღელტეხილისკენ მიმავალ მარშრუტზე გზადაგზა შეგხვდებათ ქვებზე, ხეებზე ან მორებზე დატოვებული ნიშნები, რომლებიც გაფრთხილებთ, რომ წინ ძნელი გზაა.
ტურისტებისთვის მარკირებას ტრანსკავკასიური ბილიკის წევრები აკეთებენ, რომლებიც ტობულდარიდან მომავალ გზაზე შემთხვევით შეგვხვდნენ. ბრიტანეთიდან ჩამოსულმა უილიმ გვითხრა, რომ საქართველოზე რეკომენდაცია ავსტრალიელი მეგობრებისგან მიიღო. აქ მთების გამო ჩამოვიდა, სიმწვანე და კენკრა კი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ამერიკიდან ჩამოსული დეივისთვის ქართული კულტურა, ხალხი და განსხვავებული საჭმელი ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. საქართველო სამი წლის წინ, CNN-ზე პატარა სტატიით აღმოაჩინა და მას შემდეგ ჩამოსვლაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ასევე ამერიკელი მეგანის აზრით, უთვირის უღელტეხილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, რაც საქართველოში უნახავს.
"მე მიყვარს სვანეთი, რადგან უზარმაზარი, ლამაზი და მრავალფეროვანია და მიყვარს საქართველო, რადგან ხალხი ძალიან კეთილი, თბილი და სტუმართმოყვარეა. ვიცი, რომ აქ ბევრი ადამიანი არ ჩამოდის და ბევრმა არ იცის ამ ადგილის შესახებ. ზოგჯერ ძნელია ამ ბილიკებზე ასვლა, ჩვენ ვეხმარებით, შევაკეთოთ ეს გზა და იმედია, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და ნახავს საქართველოს ამ ლამაზ მხარეს", — უთხრა On.ge-ს მეგანმა.
მეგობარი ტურისტები კარვებში დავტოვეთ და გზა სოფელ ტიტასკენ გავაგრძელეთ. ეს ადგილი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც თევზი და თევზაობა უყვარს. ტიტაში გია ვიბლიანს საოჯახო სასტუმროსთან ერთად საკალმახეც აქვს. როგორც მოგვიყვა, ვისაც თევზის დაჭერა არ უნდა, სურვილს იფიქრებს და საკალმახეში "ოქროს თევზებს" უშვებს. გია ვიბლიანი ვიზიტორებს 2008 წლიდან მასპინძლობს და ერთდროულად 40 ტურისტის დატოვება და კვებით უზრუნველყოფა შეუძლია.
"მაშინ აქ საერთოდ არ იყო ტურიზმი განვითარებული, თუმცა ჩვენს ხეობას დიდი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, სილამაზით, ნენსკრას ხობით, ტურისტებისთვის საინტერესოა თავისი საჯიხვეებითა და მყინვარებით. გასაგებია, რომ ჩვენ კოშკები და მუზეუმები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ბუნება, სიმშვიდე, სიწყნარე", — თქვა გია ვიბლიანმა.
ნენსკრას ხეობის მონახულებას თუ გადაწყვეტთ, ადგილობრივები საფეხმავლოსთან ერთად საცხენოსნო ტურებსაც შემოგთავაზებენ. ხოლო თუ საჭირო იქნება, თქვენი ჯგუფისთვის გიდი მესტიიდან ჩამოვა. ასე რომ, მთავარია გარშემო ლაშქრობის მოყვარულები შემოიკრიბოთ და სანამ აცივდება, ჭუბერს ეწვიოთ.
ბონუსად ერთი მითი ჭუბერიდან
სვანეთი ყველა სილამაზესთან ერთად მითების და ლეგენდების მხარეცაა. აქ დღემდე სჯერათ წინაპრების მოყოლილი ამბების და ყველაზე ცნობილი ლეგენდა ნადირობის ქალღმერთ დალის უკავშირდება. სვანები ამბობენ, რომ დალის გამორჩეული ვაჟკაცები უყვარს და ნადირობის დროსაც ეხმარება. მთავარი პირობა ისაა, რომ თუ დალის გათქვამ, დაიღუპები. ჭუბერში მოგვიყვნენ, რომ ნიშნიანი, [შუბლზე თეთრი ბეწვით] ჯიხვი დალის სამწყემსოში შედის, ამიტომ ყველა მონადირეს აკრძალული აქვს მისი მოკვლა. თუ მონადირეები ამ წესს დაარღვევენ, არა მხოლოდ დალის, არამედ სამართალდამცავების რისხვასაც დაიმსახურებენ, რადგან ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი. ამ ლეგენდას მონადირეები შვილებს უყვებიან და ისინიც ბავშვობიდანვე სწავლობენ ბუნებისა და ცხოველების პატივისცემას.
სვანეთში ყველა მითი და ლეგენდა რეალობასთან თანაარსებობს. ამ ველებზე ხეტიალისას მზად ხარ, ყველა ის კანონი დაივიწყო, რომელიც ჭინკებისა და ქალღმერთების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. გამონაგონი ისტორიასთან ირევა და ზღვრის გავლება შეუძლებელი ხდება, თუმცა ამაში ცუდი არაფერია. მთავარი ისაა, რომ სანამ ამ ჰაერს სუნთქავ, თავადაც ლეგენდის ნაწილი ხარ ჭუბერის მაცხოვრებლებთან, მდინარე ნენსკრასთან და ფერდობზე შეფენილ ღრუბლებთან ერთად.
კომენტარები