რუსთავი 2-იდან ჟურნალისტების წასვლის შემდეგ არხის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას თანამშრომლების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჟურნალისტების ნაწილმა ემოციური გადაწყვეტილება მიიღო და პოზიტიურ ცვლილებებს უახლოეს დღეებში გაგვაცნობს.

როგორც მან განცხადებაში აღნიშნა, არხზე განვითარებული მოვლენები იმის მტკიცებულებაა, რომ ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია კომპანიას ანგრევდნენ:

"ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო".

მისივე თქმით, მან ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა და ობიექტურ, მიუკერძოებელ მაუწყებელში მუშაობა შესთავაზა. როგორც ხალვაში აღნიშნავს, ზოგიერთი ჟურნალისტის წასვლა თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ეს "გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული":

"მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღქმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა".

რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა "სიცრუითა და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობით" არხს დარტყმა მიაყენეს.

"მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპიზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანაჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე, ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ, ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ რუსთავი 2-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად", — ვკითხულობთ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ხალვაში აცხადებს, რომ ყველაფერს იზამს "არხის რეაბილიტაციისთვისა" და ისევ იმ კურიერის დაბრუნებისთვის, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს:

"სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსთავი 2 არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!"

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.