საქართველოში ქალს, თავისივე სურვილით, აბორტის სერვისით სარგებლობა ორსულობიდან პირველი 12 კვირის განმავლობაში შეუძლია. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია 22 კვირამდეც, თუ არსებობს შესაბამისი სამედიცინო ან სოციალური ჩვენება.

თუ ორსულობა ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, შეწყვეტა შესაძლებელია 22 კვირის განმავლობაში. იგივე ვადა არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ ორსულობა დადგა 15-წლამდე და 49 წლის შემდეგ. ამ შემთხვევაში აბორტი, შესაძლოა, უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ორსულობის ბოლომდე მიყვანა. 22-კვირიანი ვადა ვრცელდება გაუპატიურების შემთხვევაზეც, რომელიც სასამართლომ უნდა დაადგინოს.

საქართველოში აბორტის თემა სტიგმატიზირებულია; მცირეა იმ გინეკოლოგების რაოდენობა, რომლებიც აბორტს აკეთებენ; სახელმწიფო ხარჯებს არ ფარავს; ექიმების ნაწილი არ ინარჩუნებს კონფიდენციალურობას — აბორტთან დაკავშირებით ქალებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების ჩამონათვალი ვრცელია. ეს ყველაფერი კი ქალს უბიძგებს, აბორტი არალეგალური გზით გაიკეთოს.

ბარიერები

გვანცა კვინიკაძე

ფოტო: Gvantsa Kvinikadze / Facebook

გენდერის მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაციის რეალური ხალხი, რეალური ხედვა წარმომადგენელი, გვანცა კვინიკაძე იმ ბარიერებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქალს აბორტის სერვისით სარგებლობაში უშლის ხელს. მისი თქმით, საქართველოში გინეკოლოგების დიდი ნაწილი მომსახურების გაწევაზე უარს ამბობს.

კვინიკაძე აღნიშნავს, რომ ქალს აბორტის გაკეთების სურვილის შემთხვევაში ექიმის მოსაძებნად "გამოძიების ჩატარება" უწევს. ამ მიზეზით სერვისით სარგებლობა ჭიანურდება და, შესაძლოა, ქალმა კანონით განსაზღვრული ვადა ვერ გამოიყენოს.

ჯანდაცვის სპეციალისტი, ესმა იმერლიშვილი კვინიკაძის მიერ დასახელებულ პრობლემებთან ერთად ექიმების "რელიგიურ და ეთიკურ შეხედულებებზეც" ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ექიმების ნაწილი ამ მოტივით უარს ამბობს აბორტის გაკეთებაზე და ქალს სხვა ექიმთანაც არ ამისამართებს, რისი ვალდებულებაც აქვს.

იმერლიშვილი დასძენს, რომ ექიმების ტრენინგებზე აბორტის თემას დრო არ ეთმობა და არ არსებობს ეროვნული გაიდლაინი, რომლითაც ექიმი იხელმძღვანელებს.

"აბორტის თემაზე ქართული სამედიცინო ლიტერატურა მწირია, რის გამოც ექიმები, ხშირ შემთხვევაში, არ ფლობენ ინფორმაციას, როგორ უნდა გააკეთონ აბორტი თანამედროვე მეთოდებით", — ამბობს იმერლიშვილი.

თუ ქალი ექიმს იპოვის, მას აბორტის გაკეთებამდე "5-დღიანი მოსაცდელი ვადა" ეძლევა. კანონის ამ ნორმას კვინიკაძე და იმერლიშვილი ქალის არჩევანის ეჭვქვეშ დაყენებად და უფლებების დარღვევად მიიჩნევენ.

კბილს რომ ვიღებ, არავინ მეკითხება, ნამდვილად მინდა თუ არა კბილის ამოღება და 5-დღიან ვადას არ მაძლევს, თუ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას გადავწყვეტ...

ჯანდაცვის სპეციალისტი

ის აღნიშნავს, რომ ამ მხრივ რეგიონებში უფრო რთული მდგომარეობაა. სერვისი ყველგან ხელმისაწვდომი არაა, რეგიონიდან ზოგიერთი ქალი, საზოგადოებაში არსებულის სტიგმის გამო, მალულად ჩადის ქალაქში.

"დასარჩენიც არ აქვს ზოგს და ექიმი ეუბნება, რომ 5 დღე უნდა მოიცადოს და მერე გაუკეთებს. შეიძლება მეორედ ვეღარც ჩამოვიდეს", — ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი.

სექსუალური განათლება = აბორტების რიცხვის შემცირებას

ესმა იმერლიშვილი

ფოტო: Esma Imerlishvili / Facebook

ესმა იმერლიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში აბორტების რიცხვის შემცირება წარმატებული ჯანდაცვის ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს. მიზანი სექსუალური განათლებით, სერვისების მიწოდებითა და თავდაცვის საშუალებებზე წვდომით მიიღწევა:

"სწორი განათლებითა და გარკვეული სერვისების შეთავაზებით სახელმწიფოს შეუძლია, რომ შეამციროს სტიგმა, გაზარდოს ხელმისაწვდომობა და შეამციროს აბორტების რაოდენობა ქვეყანაში, რასაც დღეს ვერ აკეთებს".

გვანცა კვინიკაძე აღნიშნავს, რომ თუ ქალები და კაცები ხარისხიან სერვისსა და ცოდნას მიიღებენ, როგორ დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისგან, ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აბორტთან "ბრმად ბრძოლა".

მეორე ბოლოდან ვიწყებთ ბრძოლას, რაც არავითარ შემთხვევაში სასურველ შედეგამდე არ მიგვიყვანს

გენდერის მკვლევარი

აბორტის აკრძალვის შედეგი

საფრთხისშემცველმა აბორტმა, შესაძლოა, ქალის რეპროდუქციასა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ქალთა უფლებადამცველები და საზოგადოების ნაწილი თანხმდება, რომ აბორტის კანონით აკრძალვა დემოგრაფიას ხელს ვერ შეუწყობს და ეს ქალებისთვის, ისედაც სტიგმატიზირებულ გარემოში, სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს.

"აბორტის აკრძალვა ქალების გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებს. არასასურველ ორსულობასთან ბრძოლის მეთოდს ქალები ყოველთვის პოულობენ, რა სივრცეშიც არ უნდა იყოს ეს აკრძალვა, როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს და როგორი სასჯელიც არ უნდა მოიფიქრონ ამისთვის", — ამბობს გენდერის მკვლევარი, გვანცა კვინიკაძე.

ის აღნიშნავს, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივების არსებობის მიუხედავად, არასასურველი ორსულობა შეიძლება მაინც დადგეს და ამ სერვისზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. მისი თქმით, აკრძალვა წაახალისებს საფრთხისშემცველი აბორტების რაოდენობას.

ამავე პოზიციაზეა ჯანდაცვის სპეციალისტიც. მისი თქმით, აბორტის აკრძალვა არ ამცირებს აბორტების რაოდენობას, თუმცა ზრდის საფრთხისშემცველი აბორტების წილს.

სახელმწიფოს ვალდებულება

ელენე ქაიხოსროშვილი

ფოტო: Elene Kaikhosroshvili / Facebook

აბორტის სერვისის დროს შექმნილი ბარიერების შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის კონსულტანტის, ელენე ქაიხოსროშვილის თქმით, ექიმების ნაწილი არ აკეთებს აბორტს და მას "დაბალი დონის სერვისად" მიიჩნევს. გარდა ამისა, მათ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იმ ექიმების მიმართ, რომლებიც ქალებს ამ სერვისს აწვდიან. მისი შეფასებით, თუ პრობლემები არ აღმოიფხვრება, ამ მიმართულების სპეციალისტების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გამოიკვეთა შემთხვევები, როცა სერვისპროვაიდერები არაეთიკური გზით ცდილობდნენ ქალს აბორტის გაკეთება გადაეფიქრებინა.

"ექიმმა ქალს უთხრა, რომ მისი საშვილოსნოს კედლები სუსტი იყო და ვერ გაუძლებდა აბორტს", — ასახელებს ერთ-ერთ მაგალითად ქაიხოსროშვილი.

მისივე თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ თუ ქალს აბორტის გაკეთება უნდა, იკეთებს, მიუხედავად იმისა, ეს კანონით აკრძალულია თუ არა. მისი შეფასებით, აკრძალვა ყველაზე მძიმედ დაბალი შემოსავლის მქონე ქალებზე აისახება.

ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ის მოახერხებს ქვეყნიდან გასვლას. ქალები, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ, მიმართავენ ისეთ გზებს, რომელიც საფრთხის ქვეშ ჩააგდებს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

სახალხო დამცველის კონსულტანტი

სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციაა, ექიმებისთვის ამ მიმართულებით უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულო გახდეს და ლეგიტიმური მიზნის არარსებობის გამო კანონში "5-დღიანი მოსაცდელი ვადის" შესახებ ჩანაწერი გადაიხედოს.

აპარატში მიაჩნიათ, რომ აბორტების რაოდენობის შემცირება საზოგადოების კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმირებით შესაძლებელია. ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნაცვლად დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.

სახალხო დამცველის კონსულტანტის თქმით, სკოლა არის ერთადერთი საშუალება, სადაც შესაძლებელია, მოზარდებს კონკრეტული ინფორმაცია სისტემატიზირებულად მიეწოდოს.

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არამხოლოდ ბავშვების განათლება, არამედ მშობლების მეტი ჩართულობაც — ინფორმირებულობის გაზრდა, რას ნიშნავს ე.წ. სექსუალური განათლება, რათა საზოგადოებაში არსებული შიშები შემცირდეს. ჩვენი კვლევით დადასტურდა, რომ არსებობს საზოგადოებაში გარკვეული მზაობა ამ სექსუალური განათლებისთვის. მზად არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც გარკვეულწილად და ძალიან ბევრი მშობელიც. უბრალოდ, ამაზე საჭიროა გარკვეული მუშაობა, რათა ამდენი წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს".

სტატია მომზადებულია ორგანიზაციასთან რეალური ხალხი, რეალური ხედვა თანამშრომლობით, Safe Abortion Action Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.