#7აგვისტო — ჰეშტეგი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიებს აერთიანებს
"მახსოვს, დილით მეძინა და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბიძია რეკავდა და სასწრაფოდ დავუძახე ბებიას. ჰკითხა, სად ხარ შვილოო — სადაც საჭიროა, იქ ვარ. ეს იყო დედისთვისთვის ნათქვამი ბოლო სიტყვები... მისი ადგილი კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფილა".
#7აგვისტო — ამ ჰეშტეგით სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისტორიები იწერება. ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, როგორ დაიწყო ომი, რა იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც მიიღეს და ზოგადად, რა განცდა დაეუფლათ ოკუპანტის პირისპირ მყოფებს, საკუთარ ისტორიებს წერენ და ავრცელებენ. მსგავსი კამპანია რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაში დაანონსდა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ინდივიდუალური, თუმცა საერთო ამბავი გააერთიანა.
მარიკა კენჭოშვილი
"2008 წელს პირველად წავედი სოფელში მარტო, მანამდე დედას არ ვშორდებოდი (13 წლის ვიყავი). ის დილაც ისე ცხადად მახსოვს, ჩემი ძმა გააღვიძა ბებიას ზარმა და მახსოვს, ირაკლის სახე. სასოწარკვეთით დაიძახა ''ომი დაიწყო''. დღემდე ყურში ექოსავით მაქვს ეს სიტყვები. ბიძაჩემი სამხედრო იყო და ეს სიტყვები კიდევ უფრო მძიმე და საზარელი მეჩვენებოდა... არც შევმცდარვარ. იმ წამიდან დავიწყეთ ბიძიასთან რეკვა და სასწრაფოდ წავედით ბებიასთან. გზაში ორივე დადუმებულები ვიყავით. მშობლები თბილისში იყვნენ, ჩვენ ვიყავით ჩვენი თავის პატრონნი. წავედით ერთი სოფლიდან მეორეში...
მახსოვს 10 აგვისტოს ზარი, დილით მეძინა და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ბიძია რეკავდა და სასწრაფოდ დავუძახე ბებიას. ჰკითხა, სად ხარ შვილოო — სადაც საჭიროა, იქ ვარ. ეს იყო დედისთვისთვის ნათქვამი ბოლო სიტყვები... მისი ადგილი კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფილა. ვერ ვიტან აგვისტოს და ამ მოგონებებს, რომელიც მგონია, რომ გუშინ მოხდა, კალენდარი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ 11 წელი გავიდა"
თამუნია ბუდაღაშვილი
"11 წლის წინ, აგვისტოში სოფელში ვისვენებდით. ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგები და მომავალი სტუდენტობა იყო.
ჩემი სოფელი ქვემო ჭალაშია, კონფლიქტის ზონასთან ძალიან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში. მახსოვს #7აგვისტო იყო, ბავშვები საღამოს გარეთ ვიყავით, "ვაბირჟავებდით", ვლაპარაკობდით. მთელი სოფელი გარეთ იყო გამოფენილი, როცა არც ისე ცოტა, ჯარისკაცებით სავსე სამხედრო სატვირთომ ჩაგვიარა პირდაპირ ცენტრალურ ქუჩაზე. არ გვქონდა წარმოდგენა რა ხდებოდა.
მალევე გავიგეთ...
მეორე დღეს ამილახვრების კოშკებზე ავძვერით და იქიდან ვისმენდით, როგორ იბომბებოდა გორი. ის დღეები შიშში გავატარეთ. რეაქტიული თვითმფრინავები ჩვენს თავზე იყვნენ.
მერე ხმები გავრცელდა, მარადიორები დადიანო. შამფურები დაგვილაგა დედაჩემმა საწოლთან და გვყარაულობდა. მალევე გამოგვიშვეს თბილისში.
17 წლის ვიყავი და საშინლად მინდოდა ომში წასვლა მედდად, რომ იმ ჯარისკაცებს დავხმარებოდი.
მე მახსოვს აგვისტოს ომი".
ჯაბა ზარქუა
"11 წლის წინ #7აგვისტო გავატარე თბილისში. მეგობრის მეგობართან ვსვამდით. 20 წლის ვიყავი. აქა-იქ ნიუსები გვესმოდა, რომ სროლები იყო, მაგრამ ომის პრელუდიად ვერ ვაფასებდით ამ ამბავს და დიდად გულთან ახლოს ვერ მიგვქონდა. მორიგი დაძაბულობა გვეგონა, რომელიც განიმუხტებოდა. ღამით, 12-ის მერე კომპიუტერთან ვიჯექი და ძმაკაცმა დამირეკა, გაიგე რომასთვის დაურეკავთ და ომში გაუწვევიათო. "ვაჰ–მეთქი, შიგ ხო არ გაქვს, რა ომი, რას ითარსები კაცო, ჩემთვის არავის დაურეკავს—მეთქი". მაინც ვერ მივიღე სერიოზულად.
ორიოდე საათში (შუაღამე) ვიღაც გოგოს ხმა გავიგე ყურმილში, სახლის ტელეფონზე დარეკა. "ჯაბა ზარქუა ხარო", — მკითხა. "კი-მეთქი". ლოკომოტივის სტადიონზე მოდიო, რეზერვისტების მობილიზაციააო. აბა რა, მეთქი.
უცბად, ყველა ის ბაქი-ბუქა სიტყვები გამახსენდა, რასაც აქამდე ვლაპარაკობდი ომთან დაკავშირებით მეგობრებთან. მილიტარისტი ვიყავი უბედურის ერთი ამ დრომდე და მივხვდი, რომ ჩემს სიტყვას ოდესმე რამე ფასი თუ მინდა ჰქონდეს, ყველა ვარიანტში უნდა წავსულიყავი, სხვა გზა არ იყო.
მას მერე მილიტარისტი ვეღარ ვარ დიდად. მურტალია, სიკვდილზე ფიქრი რომ გიწევს 20 წლის ასაკში, მაშინ როცა შენხელები გოგოებს უნდა დასდევდნენ და რამე თავგადასავლებს გეგმავდნენ. თუმცა ამას ვინ ჩივის — სიცოცხლე შეწყვიტეს 20 წლის ბიჭებმა ამ ომში.
დავურეკე ბიჭებს, "ხოდზე" იყვნენ. ღადაობა-ღადაობით შევიკრიბეთ და ავედით ლოკომოტივის სტადიონზე. სანამ აბრევში, სიცხეში, გაშლილ ველზე ნამდვილი მეომრების გვერდით არ ამოვყავი თავი, მანამდე არ მჯეროდა ჯერ კიდევ, რომ მართლა ომი იყო. ჩვენ ყველანი ცოცხლები დავბრუნდით 11 აგვისტოს და გადავნაწილდით კლინიკებში დამხმარე ექიმებად, ექთნებად და ა.შ. ჩემხელა ბიჭები ვერ დაბრუნდნენ..."
რუსკა უსტიაშვილი
"#7აგვისტო-ს ბორჯომში ვიყავი. ელენე პატარა მყავდა, 10 თვის. ომი რომ დაიწყო, თავიდან თითქოს კარგად ვერ გავიაზრე, მაგრამ თბილისში მომინდა ყოფნა საშინლად. ჩემი დებიც ჩემთან ერთად ისვენებდნენ. ყოველ საათში ჩემი და რადიოს რთავდა ტელეფონში, შემოვუსხდებოდით და მდუმარედ ვუსმენდით ინფორმაციას. ოჯახის წევრები გეგმას სახავდნენ, თუ ბორჯომსაც საფრთხე დაემუქრებოდა, როგორ უნდა გადავსულიყავით ახალციხით სომხეთისკენ. არსად არ მინდოდა წასვლა, თბილისში მინდოდა.
მერე სხვა ომიც დაიწყო. ბორჯომის ტყეს ცეცხლი წაუკიდეს. ბორჯომის ცა შავი ღრუბლებით იყო დაფარული. გარეთაც ვეღარ გავდიოდით. ფანჯრებს ვერ ვაღებდით, ისეთი კვამლის სუნი იდგა. ციდან ფერფლი ცვიოდა. რამდენიმე ათეულ კილომეტრში ადამიანები იხოცებოდნენ. აქეთ ხეები იწვოდა. ღამე შუქს არ ვანთებდით. ცეცხლის ჩასაქრობი ვერტმფრენების ხმაზე შეშინებულები ვიყურებოდით ცაში. ჩემმა დებმა ვეღარ გაძლეს და შემოვლითი გზით თბილისში წავიდნენ. მეც მინდოდა, ვერ წავიდოდი, ელენეს გამო. მერე ხმა გავრცელდა ბორჯომისკენ წამოვიდა რამდენიმე სამხედრო მანქანაო. პანიკა ძლიერდებოდა. გააბრუნეს ის მანქანები.
12 აგვისტოს საომარი მოქმედებები დასრულდა. რაღაცნაირი დამარცხებული და შეშინებული გავხდი 22 წლის 13 აგვისტოს.
2008 წლის ომიდან ეს ორი კადრი მახსოვს ყველაზე მძაფრად:
— როგორ ცვივა ბორჯომის კვამლით დაფარული ციდან შავი ფერფლი
— 12 თუ 13 აგვისტოა, ახალციხის სამხედრო ბაზისკენ ბორჯომის გავლით ბრუნდებიან ჯარისკაცები. ერთი სამხედრო მანქანა მაღაზიასთან ჩერდება. ბორჯომელი ბიჭები მაღაზიაში შერბიან, სიგარეტები და წყლები გამოაქვთ და ძარაზე მყოფ დაღლილ, დამარცხებულ ჯარისკაცებს უხმოდ აწვდიან. ტროტუარებზე შეგროვებულ ხალხს თითქოს რაღაცის კითხვა უნდათ, ერთმა ქალმა გაბედა, შვილო რა ხდებაო. ხმის ამოღება არავის უნდა. ერთი ჯარისკაცი ამოიხედავს, მშვიდობაა, მშვიდობა.. გაბზარული ხმით ამბობს და ისევ დაბლა ხრის თავს..
აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
რუსეთი ორას წელზე მეტია, ოკუპანტია".
ლექსო მღებრიშვილი
"#7აგვისტო ამ დღეს სოფელში ვიყავი, კერძოდ უფლისციხეში, რომელიც გორთან ძალიან ახლოსაა. მოგეხსენებათ, რომ გორი დაბომბეს და ამ ადგილის სიახლოვეს მიწევდა ყოფნა. დილა ხმაურიანად დაიწყო, ხალხი ბობოქრობდა. მე 4 წლის ვიყავი და მიჭირდა გააზრება მოცემული ვითარების, უბრალოდ გაკვირვებული ვუცქერდი ხალხის ამგვარ მოქმედებებს.
დედამ გვითხრა, ჩალაგდითო, თუმცა თვითონაც არ იცოდა რა ექნა, ძალიან ნერვიულობდა და გამოსავალს ეძებდა. მაშინ მანქანა არ გვყავდა, მხოლოდ მე, ჩემი ძმა, და, დედაჩემი და დიდი ბებია ვიყავით სოფელში. მამაჩემი ამ დროს საქართველოში არ იყო. დედაჩემი უშედეგოდ ცდილობდა დაკავშირებოდა პაპაჩემს, რომელიც ერთადერთი მხსნელი შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ვითარებაში ჩვენთვის, თუმცა ტელეფონის დაჭერა ძალიან გართულდა და მხოლოდ მეზობლების იმედზეღა ვიყავით.
მე და ჩემი ძმა გარეთ გავედით და ამ დროს ცაში ვერტფრენები შევნიშნეთ. ჩვენ თითქოს გვართობდა ვერტფრენების დანახვა, რომელიც აქამდე მხოლოდ ტელევიზორებში გვყვავდა ნანახი და აღტაცებული შევცქეროდით მათ ცაში მოძრაობას.
მაშინ, როდესაც დედაჩემის და ჩემი დიდი ბებიის დიალოგი მოვისმინე, გავიგე რეალურად რაც ხდებოდა, მაშინ მივხვდით, რომ ეს ომი იყო, სადაც უდანაშაულო ადამიანები იხოცებოდნენ და ჩვენც შეიძლებოდა მათ სიაში ჩავწერილიყავით, თუ ამ ჯოჯოხეთს ჩქარა არ გავექცეოდით, მაშინ შეიძლებოდა, რომ ჩვენც იგივე ბედი გაგვეზიარებინა, რა ბედიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიზიარეს, რომლებიც წარბშეუხრელად ამოწყვიტეს, დაწვეს და აწამეს.
მაშინ მივხვდი, რეალურად, რა იყო ომი, თუ რა საშინელი რამის გადატანა გვიწევდა და ეს ყველაფერი რისთვის ხდებოდა? ჩვენ რატომ უნდა გადაგვეარა ეს საზიზღარი დღეები? ამაზე პასუხი არ გვქონდა. მაშინ შევხედე სამყაროს სხვა თვალით, ვიყურებოდი გარეთ და ვხედავდი, როგორ გარბოდნენ ჩვენი მეზობლები, მათ წამით არ უფიქრიათ ჩვენზე და არ გამოუწვდიათ დახმარების ხელი, ისინი მხოლოდ თავისთავზე ფიქრობდნენ და რა ბედი გვეწეოდა ჩვენ, ეს მათი ინტერესის არეალში არ შედიოდა. ეს კადრი ყველაზე კარგად ჩამრჩა იმ საშინელი დღისგან. ვისხედით და ველოდებოდით მოვლენების განვითარებას.
დამხმარე? არავინ ჩანდა, ჩვენ მარტო ვიყავით დარჩენილი სოფელში. საბოლოოდ კი პაპამ შეძლო ჩამოღწევა და ჩვენი წაყვანა. ბებია სოფელს არ ტოვებდა, ამბობდა მეც ამ სახლთან ერთად მირჩევნია დავიმარხო, მაგრამ არ დავტოვებ აქაურობასო, მაგრამ საბოლოოდ ძალდატანებით ბებიაც ჩავსვით მანქანაში და ყველამ ერთად გავაღწიეთ იმ ჯოჯოხეთს.
და, საბოლოოდ, ეს ომი ჩვენი არ იყო, ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავდით...".
ზუკა ბერძენიშვილი
"11 წლის წინანდელი #7აგვისტო რომ დადგა, ბახმაროში ვისვენებდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პირველად რომ ვიღაცამ თქვა, რუსეთმა ომი დაგვიწყოო, ალბათ წამში გამიარა თვალწინ ყველა ბრუტალურმა კადრმა, რაც ეკრანზე ოდესმე მენახა, მაგრამ ელვის სისწრაფით მივაყოლე ამ ინფორმაციას წიხლი, ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი... მაშინ მეგონა, ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ ვიღაცები, და მით უმეტეს ბავშვები, ისედაც ათას სიგიჟეს ამბობდნენ ხოლმე... განსაკუთრებით გაიშვიათებულ ჰაერზე.
აშკარა იყო, იმ ყურებს შორის უცებ-უცებ ჩატარებულ ინფორმაციას მთლად უკვალოდ ვერ გაევლო. შიგნიდან მღრღნიდა რაღაც, მაგრამ არც იმაში ვუტყდებოდი თავს, რა იყო ჭია, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა... იმ მომენტში ბახმაროს ცენტრში ვიყავი, რაც სოციალიზაცია-გართობის ეპიცენტრი და საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ ყველაფრის ხალისი წამში დამეკარგა და სახლისკენ გამიწია... ჩვენს კოტეჯამდე, რომელიც გაღმა ფერდობზე მდებარეობდა, მინიმუმ ნახევარი საათის გზა მაინც იქნებოდა. არადა ახალმისულები ვიყავით, იმის გამხელაც არ შემეძლო, რა ბზიკმა მიკბინა, მაგრამ სახლში არწასვლა კიდევ უფრო არ შემეძლო.
რაღაცნაირად აღმოჩნდა და გამოირკვა, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე, სახლისკენ წამოსვლა ჩემს მეგობარსაც უნდოდა, ოღონდ რატომ, ისიც ვერ ამხელდა... ჩვენ სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით ამგვარი ინფორმაციის მისაღებად მანამ, სანამ ის ყველანაირად არ დასაბუთდებოდა, ჩვენ ამგვარი ინფორმაციის დასაშვებადაც კი არ ვიყავით მზად, მისი მიუღებლობის გაცნობიერებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ... გზაში უხმოდ მოვდიოდით. ეს დიდი იშვიათობა იყო. ისტერიულად ვებრძოდი ყველა ფიქრს, რომელიც ჭიისთვის ნიღბის ჩამოხსნასა და გონს მოსვლას ემსახურებოდა... (სრული ვერსია)
კომენტარები