ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ტელევიზიასა და ონლაინმედიაში შეიცვალა დირექტორი, მფლობელი ან ორივე ერთად. ცვლილებები აჭარის ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც დირექტორი ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გადააყენეს, ბოლო სიახლეები კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ განვითარდა. რუსთავი 2-ის მფლობელისა და დირექტორის შეცვლასთან ერთად დაანონსდა ორი ახალი არხის გახსნა.

აჭარის ტელევიზია

"პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა TV პირველი და აჭარის ტელევიზია... საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რომელიც თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით ამ სამი წლის განმავლობაში პროგრესს აჩვენებდა. არხი მიუკერძოებლად აშუქებდა პოლიტიკურ ძალებს, თუმცა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა ამბების ზედაპირულად გაშუქება", — ამონარიდი ქარტიის სამწლიანი მონიტორინგის ანგარიშიდან.

19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.

არხის დირექტორი სამი თვეა ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ კი პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.

მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

იმედი

"2016, 2017 წლებში იმედის მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული", — ამონარიდი ქარტიის სამწლიანი მონიტორინგის ანგარიშიდან.

5 ივლისს ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ყოფილი ტელევიზიის (მე-9 არხი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიხურა) დირექტორი, ელდარ მდინარაძე. ის ასევე მუშაობდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზიის, მზის დირექტორად.

მდინარაძის არხზე მისვლასთან ერთად საინფორმაციო გუნდში აღარაა ხელმძღვანელი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ნანა ლეჟავა. ასევე ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, ხელმძღვანელად კი კვირის გადაცემისა და ტოქ-შოუს წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე.

რუსთავი 2

"2016 წლის მსგავსად 2017 წელსაც ხელისუფლებისადმი კრიტიკული რჩებოდა რუსთავი 2, რომლის ლოიალური დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ კიდევ უფრო გამოიკვეთა", — ამონარიდი ქარტიის სამწლიანი მონიტორინგის ანგარიშიდან.

18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს დარღვევა არ დაუდგინდა. ცვლილებები რეესტრში იმავე დღეს, რამდენიმე საათში აისახა. მფლობელის შეცვლიდან რამდენიმე საათში არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც გადააყენეს. არხის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მფლობელთან და დირექტორთან ერთად შეიცვლება არხის სარედაქციო პოლიტიკაც.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ საქართველოში ორი ტელევიზიის გახსნის შესახებ გახდა ცნობილი. ერთს რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ხსნის, მეორეს კი ამავე კომპანიის კონტრაქტორი ფორმულა კრეატივი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით.

ლიბერალი

23 ივნისს ლიბერალი ყველა ჟურნალისტმა და რედაქტორმა დატოვა. ამას წინ უსწრებდა ჟურნალისტებსა და მფლობელს შორის კომუნიკაცია. რედაქცია მედიასაშუალების განვითარებისთვის ლიბერალის გადაცემას ითხოვდა, პასუხად კი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და პოზიციონირებასთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღეს.

"რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, ლიბერალში ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა", — აცხადებდნენ რედაქციიდან წამოსული ჟურნალისტების საერთო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან ორ დღეში მედიასაშუალებიდან ჟურნალისტების წამოსვლის შესახებ განთავსებული მასალა მოიხსნა. მფლობელმა ეს ტექნიკური ხარვეზით ახსნა და ვებგვერდზე მასალა ისევ გამოჩნდა.

adjaranet.com

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ adjaranet.com გაიყიდა. პორტალი ITDC ჯგუფმა (სს აი თი დი სი) შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საიტები: Myvideo.ge; iMovies.ge; amindi.ge. კომერსანტის ინფორმაციით, TDC ჯგუფმა Pos TV-იც შეიძინა, თუმცა, ამ საკითხზე კომპანიაში არ საუბრობენ.