ბათუმში მშენებარე კორპუსთან, სადაც დღეს ლიფტი ჩაწყდა და ოთხი ადამიანი დაშავდა პირველი არხის ოპერატორს ქვა ესროლეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში იყო.

კადრებში ისმის ჟურნალისტის ხმა, რომ შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, სავარაუდოდ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, ქვების სროლა დაიწყეს და ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე არიან.

დღეს, 29 ივლისს ბათუმში, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ლიფტში ოთხი ადამიანი იყო, ერთი ქალი და სამი კაცი. მათგან ორს მოტეხილობა აქვს, ერთს კი მსუბუქი დაზიანება.