კალიფორნიაში გამართულ 2019 წლის კომიკ-კონზე, მარველის პანელზე Black Widow სკარლეტ იოჰანსონმა დევიდ ჰარბორთან, რეიჩელ ვეიზთან და სხვა კინო-პარტნიორებთან ერთად წარადგინა. შავი ქვრივი 2020 წლის 1 მაისს გამოვა და მარველის მეოთხე ფაზის პირველი ფილმი იქნება.

სან-დიეგოში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელ მსახიობს ქართველი დიზაინერის, დავიდ კომას კოსტიუმი ეცვა.

იოჰანსონის მიერ შერჩეული მოდელი კომამ ერთი თვის წინ წარადგინა ნიუ-იორკში, კრუიზი 2020-ის ჩვენებაზე.

კომას დიზაინით შექმნილი მოდელი ეცვა კომიკ-კონზე ბრიტანელ მოდელსა და მსახიობს, კარა დელევინსაც. მან კოსტიუმი, "პეპლის ფოჩებიანი კაბა" 2019 წლის მოდის კვირეულიდან შეარჩია.

დელევინისა და ორლანდო ბლუმის მონაწილეობით Amazon-ის სერიალი Carnival Row ზაფხულის ბოლოს, 30 აგვისტოს გამოდის.

სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კინოსტუდიები, ტელევიზიები და ვიდეო თამაშების შემქმნელები, სწორედ აქ აანონსებენ თავიანთ გეგმებსა და მიღწევებს. ახალი ტრეილერები, ტიზერები და დემოები სპეციალურად ამ ივენთისთვის იქმნება.