გარეგნობას ხშირად ჩვენი რაობისაგან განცალკევებულად აღვიქვამთ ხოლმე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთ ფიზიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა სიმაღლე ან მიმზიდველობა, ჩვენი პიროვნული თვისებების, ქცევისა და პოლიტიკური მრწამსის განსაზღვრაც კი შეუძლია. ამ ფენომენს ნეირომეცნიერი და ჟურნალისტი, კრისტიან ჯარეტი საკუთარი ბავშვობისდროინდელი გამოცდილების გაზიარებით გვაცნობს.

სკოლა-ინტერნატი, რომელშიც 90-იან წლებში ვსწავლობდი, შესანიშნავ მინი-მოდელს წარმოადგენდა ყველასათვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ მუშაობს დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმი ადამიანებში. პანსიონატში 50-ზე მეტი ცელქი ბიჭი ვცხოვრობდით და თითოეული ჩვენგანი გარიყულობისა და ჩაგვრის თავიდან ასაცილებლად მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებდა. მათ შორის იყო კოალიციების შექმნა ან სხვებისთვის სპეციფიკური ტიპის სარგებლის მოტანა. ჩემი პირადი მიდგომა დაშინების პრინციპს ეფუძნებოდა, რაც თავდადებული კარატისტის რეპუტაციის მოხვეჭას ითვალისწინებდა.

ჩვენ შორის რამდენიმე საშუალოზე მეტად ახოვანი ბიჭიც ერია, რომლებსაც, გამორჩეული აღნაგობის გამო, დიდად არაფერი ედარდებოდათ. ამ ახალგაზრდების ყოყოჩობა და თავდაჯერებულობა არავის უკვირდა - კომუნიკაბელური და გაბედული ხასიათი, თითქოს, მათი ფიზიკურობის ანარეკლი იყო.

შეიძლება, რომ შენი ხასიათი შენივე ფიზიკური მაჩვენებლების საპასუხოდ ჩამოყალიბდეს?

ფოტო: Getty

ჩნდება კითხვა - სხეულისა და ხასიათის ეს ურთიერთშეთანხმება შემთხვევითი კავშირი იყო თუ ბიჭებს პიროვნული თვისებები თავიანთი აღნაგობის გამო ჩამოუყალიბდათ? ერთ-ერთი თეორია ამ უკანასკნელი ვარაუდის სისწორეზე მიუთითებს. პიროვნების ფაკულტატური კალიბრაციის სახელით ცნობილი ამ დაშვების თანახმად, ხასიათი იმ მიმართულებით გვივითარდება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენ მიერ გენეტიკურად მიღებულ მემკვიდრეობას: ზომას, ძალასა და მიმზიდველობას.

პიროვნების ფაკულტატური კალიბრაციის თეორიის დამადასტურებელი მონაცემების რაოდენობა თანდათანობით იზრდება და იმაზეც მიუთითებს, რომ გარეგნობა არა მხოლოდ ჩვენს პიროვნულ თვისებებზე, არამედ რომანტიკული პარტნიორის შერჩევისადმი მიდგომასა და პოლიტიკურ მრწამსზეც კი ახდენს გავლენას (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორია, კორელაციურ და არათანმიმდევრულ მონაცემებზე დამოკიდებულების გამო, ჯერ კიდევ ჰიპოთეზის დონეზეა. გარდა ამისა, მისი გამამყარებელი კვლევების შედეგებს მრავალი ალტერნატიული ახსნაც აქვს; ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, პირიქით, ჩვენი ხასიათის შტრიხები აყალიბებენ ჩვენს სხეულებს).

ამ რაკურსით შევხედოთ ექსტრავერსიას, რაც კომუნიკაბელურობის გარდა თავგადასავლების სიყვარულსა და რისკიანობასაც მოიცავს. ევოლუციის თეორიის გადმოსახედიდან, სტრატეგიულად უფრო გონივრული იქნებოდა, თუ შედარებით ძლიერი და ფიზიკურად განვითარებული ინდივიდები საკუთარი სხეულის უპირატესობებს ექსტრავერტული ქცევის მეშვეობით გამოიყენებდნენ.

გერმანიის გეტინგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სწორედ მსგავსი კავშირი აღმოაჩინა. კერძოდ, დადგინდა, რომ 200-ზე მეტ კაცს შორის ექსტრავერსიას - განსაკუთრებით აზარტულობისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ - ძირითადად, ფიზიკურად ძლიერი ისეთი ინდივიდები ავლენდნენ, რომელთაც მაჩოს ტიპის აღნაგობა, განიერი გულ-მკერდი და ძლიერი ბიცეფსები ჰქონდათ. ძალისა და ექსტრავერსიის ანალოგიური ურთიერთკავშირი კვლევაში მონაწილე ქალებში არ გამოვლენილა.

ის, თუ რამდენად ექსტრავერტულები ვართ, ჩვენს აღნაგობაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული.

ფოტო: Getty

სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკურად შედარებით ძლიერი კაცები მეტი აგრესიისა და ნაკლები ნევროტულობისაკენ არიან მიდრეკილნი. ეს მიმართება უფრო ლოგიკური ჩანს, როცა პიროვნულ თვისებებს საადაპტაციო სტრატეგიად განვიხილავთ - თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, სიფრთხილემ და მოსალოდნელი საშიშროებისადმი გამახვილებულმა ყურადღებამ, შესაძლოა, სიცოცხლეც კი გაგიხანგრძლივოს. ხოლო თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ, საკუთარი თავისთვის რისკზე წასვლის უფლების მიცემის ფუფუნება გაქვს.

ამ თეორიასთან დამაინტრიგებელი პარალელის გავლების საშუალებას ქცევითი ეკოლოგიის იმ მეცნიერთა აღმოჩენები გვაძლევს, რომლებიც ცხოველებს იკვლევენ. მათ შენიშნეს, რომ ბევრ სახეობაში ცხოველის "ხასიათი" (მისი მიდრეკილება გამბედაობის ან გაუბედაობისადმი) აღნაგობის შესაბამისად ვლინდება. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით დიდი ზომის მხტუნავი ობობები პოტენციური თავდამსხმელის პირისპირ უფრო გულადები არიან, ვიდრე - მათი მცირე ზომის თანამოძმეები.

მარტივად შესამჩნევია, რომ ადამიანებში ფიზიკურ ძალასა და ექსტრავერსიას შორის კავშირის გამოსავლენად ჩატარებული კვლევების უმრავლესობა კაცებზეა ფოკუსირებული. ეს იმიტომ, რომ ევოლუციური თეორიის თანახმად, ფიზიკური ძალა და ბრძოლის უნარი უპირატესობას კაცებისათვის უფრო წარმოადგენს, რადგან მათ მეწყვილის მოსაპოვებლად ერთმანეთისათვის კონკურენციის გაწევა უწევდათ. სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ ფიზიკური ძალისა და ექსტრავერსიის ჩვეული კავშირი როგორც კაცებზე, ასევე ქალებზე დაკვირვებისას აღმოაჩინა, მაგრამ იგი კაცების შემთხვევაში გაცილებით გამოხატული იყო.

იმავე კვლევამ გაზომა მონაწილეთა მიმზიდველობაც - მორიგი ფიზიკური ატრიბუტი, რომელსაც, თეორიულად, შეუძლია, ადამიანს ექსტრავერტული ტიპის ქცევები შესძინოს. შედეგებმა აჩვენა, რომ, რამდენადაც ქალებში, იმდენადვე კაცებში, მეტი მიმზიდველობა მჭიდრო კავშირში იყო ექსტრავერტულობასთან. შესაბამისად, დადგინდა, რომ სხეულისა და პიროვნული თვისებების ურთიერთდამოკიდებულებამ ქალებს შორისაც შეიძლება იჩინოს თავი.

"ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ინდივიდებს შორის ექსტრავერსიის მხრივ განსხვავებების გასაოცრად დიდი ნაწილი ფიზიკური ძალისა და მიმზიდველობის ფაქტორს შეგვიძლია მივაწეროთ", - აღნიშნავენ მკვლევრები.

ფიზიკურად ძლიერი კაცები აგრესიისკენ მეტად მიდრეკილები არიან.

ფოტო: Getty

ექსტრავერსია და ნევროტულობა არ არიან ერთადერთი მასახიათებლები, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ ატრიბუტებთან ასოცირდება. ერთ-ერთი კვლევის ვარაუდით, თქვენი მიდგომა რომანტიკული ურთიერთობებისადმი, შესაძლოა, ასევე სტრატეგიული ადაპტაციის ისეთი გამოვლინება იყოს, რომელზეც თქვენი სახისა და სხეულის მახასიათებლები ახდენს გავლენას - განსაკუთრებით მაშინ, თუ კაცი ხართ. მაგალითად, ასობით სტუდენტზე ჩატარებულ კვლევაში აარონ ლუკაზევსკმა ლოიოლა მერიმაუნთის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, კრისტინა ლარსონმა და ქელი გილდერსლივმა, აღმოაჩინეს, რომ ის კაცები (მაგრამ არა - ქალები), რომლებიც სიმძიმეების აწევაში უფრო ძლიერები და, ამავდროულად, მიმზიდველებიც იყვნენ, მეტად დადებითად იყვნენ განწყობილები უსიყვარულო სექსუალური კავშირის დამყარების იდეისადმი. მათმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სექსი ისეთ ადამიანთანაც სიამოვნებით ექნებოდათ, რომელსაც კარგად არ იცნობდნენ.

კვლევის ეს მიგნებები შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომ ჩვენს მამრობითი სქესის წინაპრებს შორის უკეთეს ფიზიკურ ფორმაში მყოფნი ხშირი და ვალდებულებებისგან თავისუფალი სექსის მეშვეობით მეტ რეპროდუქციულ წარმატებას აღწევდნენ; შემდგომში კი ეს სექსუალური სტრატეგია ფიზიკური სიჯანსაღის თანმდევ მიდრეკილებად ჩამოყალიბდა. "ბოლო აღმოჩენები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ შედარებით ძლიერ და მიმზიდველ კაცებს მეტი სექსუალური პარტნიორი ნაწილობრივ იმის გამო ჰყავთ, რომ ვალდებულებებისგან თავისუფალი შეჯვარების შესაძლებლობების ძიებისკენ არიან მიდრეკილნი", - წერენ მკვლევრები.

მაინც, რამდენად შორს მიდის კავშირი ჩვენს გარეგნობასა და ხასიათს შორის? კაცების შემთხვევაში ეს კავშირი პოლიტიკურ შეხედულებებზეც კი შეიძლება ვრცელდებოდეს. გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც პოლიტოლოგებმა გააანალიზეს მონაცემები 12 ქვეყნიდან, რომელთა შორისაც აშშ, დანია და ვენესუელაც ერია, მიუთითებს, რომ ძლიერი, დაკუნთული კაცებისაგან უფრო მოსალოდნელია ანტიეგალიტარიანისტული მისწრაფებების გამოვლენა. ამ ფაქტის ახსნა იმით შეიძლება, რომ ჩვენს პრეისტორიულ წარსულში ასეთი კაცები მეტ წარმატებას იმ საზოგადოებებში აღწევდნენ, სადაც ყველა საკუთარი თავისათვის იბრძოდა. ქალების შემთხვევაში კვლევის შედეგები შერეული აღმოჩნდა. ზოგი მათგანი ძალასა და ეგალიტარიანიზმის მხარდაჭერას შორის კავშირზე მიუთითებდა, ზოგი კი სრულიად საპირისპირო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა.

ჩვენი შეხედულებები და ღირებულებებიც კი შეიძლება, რომ ფიზიკური მახასიათებლებით იყოს განსაზღვრული.

ფოტო: Getty

"პოლიტიკის მსგავს კონფლიქტებით გაშუალებულ სფეროში, როგორც ჩანს, ადამიანების ქცევასაც ისევე განსაზღვრავს ფიზიკური ძალა, როგორც - სხვა ცხოველებისას მათთვის მნიშვნელოვანი კონფლიქტური სიტუაციების - შეჯვარებისა და ტერიტორიებისათვის ბრძოლის დროს ", - წერენ მკვლევრები.

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ პიროვნული თვისებები და რწმენა-წარმოდგენები ჩვენი შინაგანი რაობის გამოხატულებაა; რომ სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას სიმორცხვისა თუ კომუნიკაბელურობის, თავისუფალი ურთიერთობებისა თუ ერთგულების, მემარცხენეობისა თუ მემარჯვენეობის მიმართ. და ჩვენ მოგვწონს იმის წარმოდგენა, რომ ეს თვისებები გონებრივი, მორალური ან სულაც სულიერი წყაროებიდან მომდინარეობს.

მოსაზრება, რომ ჩვენი პიროვნების ეს ასპექტები, სინამდვილეში, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი ფიზიკური ზომისა და გარეგნობის მიხედვით შემუშავებული სტრატეგიული ადაპტაციის ანარეკლი იყოს, ჯერჯერობით სადავო თეორიად რჩება. მაგრამ იგი, ცელქი ბავშვებით სავსე პანსიონატის მსგავსად, მოკრძალებულად გვახსენებს ჩვენს ცხოველურ წარმომავლობას.