ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სააპელაციო სასამართლოში იმ შეზღუდვების ნაწილს ასაჩივრებს, რომლებიც პირველი ინსტანციის მოსამართლემ დეპუტატს დაუწესა. დღეს, 29 ივნისს საჩივრის შეტანისას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეზღუდვები პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, სადაც გარანტირებულია პარლამენტარის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლება.

საჩივარი შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვების შეზღუდვას. ადვოკატის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა სრულფასოვნად და შეუფერხებლად განახორციელოს მისი უფლებამოვალეობები, მან უნდა აიღოს ნებართვა პროკურორისგან. გარდა ამისა, საჩივრდება სავარაუდო მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვა.

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.