რას შეცვლის თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდის კვირეულის მოახლოებასთან ერთად იზრდება ჰომოფობიური ნარატივი. ძალადობრივი ჯგუფები მობილიზებას აცხადებენ და იმუქრებიან, რომ შეზღუდავენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას — გამოხატვის თავისუფლებას. შედეგად, თბილისი პრაიდის მონაწილეებს მუდმივი ზეწოლისა და შეურაცხყოფის ქვეშ უწევთ კვირეულისთვის მზადება. სჯერათ, რომ წინააღმდეგობის ფონზე დაწყებული მოძრაობა, საბოლოოდ, შედეგს გამოიღებს.
ივნისი ლგბტქ სიამაყის თვეა. ამ თვეში ცნობიერების ამაღლების მიზნით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ შორისაა პრაიდი. წელს პირველად ლგბტქ პრაიდის კვირეული საქართველოშიც დაიგეგმა და სამ ღონისძიებას მოიცავს:
- კონფერენცია;
- სოციალური სპექტაკლი;
- ღირსების მარში.
პრაიდს ძირითადად საზეიმო ხასიათი აქვს იმ ქვეყნებში, სადაც თემის უფლებრივი მდგომარეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთესია. ბოლო რამდენიმე წელია პრაიდი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მოლდოვასა და უკრაინაში იმართება. თუმცა, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, აქ მსვლელობას ნაკლებად საზეიმო ხასიათი აქვს. ასე იქნება საქართველოშიც.
უსაფრთხოების მიზნით, სამივე ღონისძიების დრო და ლოკაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. პრაიდის გუნდმა კვირეული რამდენიმე თვით ადრე დააანონსა და ივნისამდე რიგი შემეცნებითი აქტივობები განახორციელა.
"ერთი ნაბიჯით წინ..."
ანტიჰომოფობიური აქციები თბილისში არაერთხელ გამართულა. თემს მათივე უსაფრთხოებისთვის შეკრება წინასწარ და მკაცრად გასაიდუმლოებულ ადგილებში უწევდა. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა ანაფორით შემოსილმა პირებმა და აგრესიულმა ჯგუფებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, თემმა პოლიციის კორდონისა და დაცვის გარეშე აქციის ჩატარება ვერ შეძლო. თბილისი პრაიდის ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, სწორედ ეს გარემოებები გახდა კვირეულის ორგანიზების საფუძველი. მისი განცხადებით, უკვე წლებია თემი 17 მაისთან დაკავშირებით ერთ წრეზე ტრიალებს და ერთდღიანი შეკრებებით მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ახდენს.
"შეზღუდული ფორმით ქუჩაში გასვლა და მედიაყურადღება არსებით გავლენას ვერ ახდენდა. ეს იყო ძირითადი განმაპირობებელი, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ პრაიდი დაგვეორგანიზებინა. იმ გაცვეთილ გზას არაეფექტურად მივიჩნევდით და რაღაც ახლის თქმა გვინდოდა, ერთი ნაბიჯით წინ...", — ამბობს თაბაგარი.
მისივე განცხადებით, შესაძლოა, ერთსაათიანმა მარშმა, მნიშვნელოვნად, არაფერი შეცვალოს, მაგრამ უფლებრივად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება — თემი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ისარგებლებს. ის ხაზს უსვამს, რომ ხალხთან და ხელისუფლებასთან საუბრის პროცესი ოთხი თვის თავზე ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
"მე არ მახსენდება მსგავსი მასშტაბის კამპანია, რაც ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში გვქონდა... პრაიდთან დაკავშირებით კრიტიკულმა აზრმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩვენს თვალწინ გაიზარდა მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებიც არ ერიდებიან პირველ პირში საუბარს. ვერავინ ვერ დამისახელებს სხვა მსგავს მასშტაბურ კამპანიას... ეს უკვე იმხელა მონაპოვარია, რომ ამის უარყოფა და არდანახვა არ შეიძლება", — აცხადებს თაბაგარი.
23 ივნისს ღირსების მარშზე თბილისი პრაიდის მთავარი მოთხოვნა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იქნება. თაბაგარის განმარტებით, ღირსეულ ცხოვრებაში ბევრი რამ ერთიანდება, მათ შორის თანასწორობა და საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმღებლობა.
"ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულები არიან, არ უნდა ეშინოდეთ, რომ მოქალაქეები თავს დაესხმებიან, ან დაჩაგრავენ. ჩვენი სათქმელი იქნება, რომ სიძულვილის ადგილი ამ საზოგადოებაში არ არის და ჩვენ მრავალფეროვნება უნდა წავახალისოთ. პრაიდი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ ქვეყანაში ადამიანების დამოკიდებულების შესაცვლელად... საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ მათ გვერდით ცხოვრებენ ქვიარ ადამიანები", — ამბობს თაბაგარი.
თბილისი პრაიდის კიდევ ერთი ორგანიზატორი მარიამ კვარაცხელია წლებია იცავს ლგბტ თემის უფლებებს და თავადაც თემის წევრია. მას კარგად ესმის ის პრობლემები, რომელსაც თბილისი პრაიდის ორგანიზების განმავლობაში ლგბტ პირები აწყდებიან. ის ფიქრობს, რომ პრაიდი საზოგადოებასთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი მეთოდია.
"პრაიდი მნიშვნელოვანი იარაღია, რომ ხელისუფლებას რაღაცები შევაცვლევინოთ. გვჯერა, რომ წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვა. შედეგად, ხელისუფლება გვაღიარებს ანგარიშგასაწევ ძალად და ცვლილებებს განახორციელებს", — ამბობს კვარაცხელია.
მისივე თქმით, უპრეცედენტოა, რომ პრაიდის სარეკლამო ვიდეოებში 30-მდე ადამიანმა თავის სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ისაუბრა. კვარაცხელია ამბობს, რომ "ნინო ბოლქვაძის გარდა არ იყო ქალი, რომელიც ღიად პოზიციონირებას დათანხმდებოდა. პირველად, პრაიდის ვიდეოში მოხერხდა, რომ დაახლოებით, რვა ქალი სახეს აჩენს და პირველ პირში საუბრობს".
კვარაცხელია იმედოვნებს, რომ შემდეგ წლებში პრაიდის მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება და კონტრდემონსტრანტების — შემცირდება.
"ხალხს რომ დაველაპარაკებით, დაინახავენ, ვინ ვართ, რომ არაფერი არ არის საშიში... ღირსების ამბავია, რომ გამოვიდეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი აი, ამ ჭიდაობას, რომ თითქოს ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ და არ გამოგვესვლება ქუჩაში. ეს არის ძალიან დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და აღარ ვაპირებთ, ამას შევეგუოთ", — ამბობს კვარაცხელია.
აზრთა სხვადასხვაობა თემში
საერთო მიზნების მიუხედავად, თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ლგბტ თემში აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილი პრაიდის ჩატარებას უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო ეწინააღმდეგება. მათ შორისაა თანასწორობის მოძრაობა.
ორგანიზაციაში არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, "მხოლოდ ერთი დღით მანიფესტაციისთვის ლგბტ ადამიანების უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომელიც დანარჩენ 364 დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს".
მათი ძირითადი არგუმენტი 2013 წლის 17 მაისის გამოცდილებაა, რომლის პოსტტრავმული ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა.
"ცხადია, თანასწორობის მოძრობას სურს, რომ თბილისის პრაიდის კვირეული მშვიდობიანად დასრულდეს. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, ვისაც სურთ პრაიდის ღონისძიებებში მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ პრაიდის ორგანაზიტორებიც აცნობიერებენ საფრთხეებს და ისე დაგეგმავენ ამ პროცესს, რომ თემის წევრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
პრაიდს ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილიც გაემიჯნა. ტრანსგენდერი ქალი, გაბრიელა აცხადებს, რომ უარს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ამბობს.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვთვლით, რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა, ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძნებას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს", — აცხადებს გაბრიელა.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს არ უკვირთ, რომ თემში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. გიორგი თაბაგარის თქმით, 17 მაისის მოვლენების გამო ქვიარ თემმა ემოციური დარტყმა მიიღო და რთულია, ამ მოცემულობიდან გამოსვლა.
"ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური საფუძველი, რომ გვეშინოდეს, ეს შიში არ არის დასაძრახი, ძალიან ნორმალური შეგრძნებაა, მით უმეტეს ასეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში", — ამბობს თაბაგარი.
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ღირსების მარშზე მანიფესტაციის წაკითხვას გეგმავენ. მანიფესტის შინაარსი მიმართული იქნება "საზოგადოებაში ხიდების აშენებისკენ".
"მანიფესტში ვიღაცებს ბნელებსა და ჰომოფობებს არ ვეძახით... ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას, რომ ვართ თქვენი თანამოქალაქეები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ნათესავები, ახლობლები, ჩვენ ვართ თქვენ".
ამავე თემაზე:
კომენტარები