საარჩევნო ბლოკის, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, წევრი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა და ჩვეულებრივი ძალადობა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. პარტიის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ On.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათთვის ქალები და კაცები არ განსხვავდებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

"ჩვენ დავიცავთ ადამიანების უფლებას და ის ნორმები, რომლებიც კანონში წერია, უნდა აღსრულდეს თანაბრად ყველას მიმართ. ამაში არის ჩვენი ხედვა. მე, ზოგადად, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ისეთ დაყოფას, როგორიც არის ოჯახში ძალადობა.

მე, ზოგადად, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ისეთ დაყოფას, როგორიც არის ოჯახში ძალადობა

იაგო ხვიჩია

ძალადობაა ჩვენთვის ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც და ორივე უნდა ისჯებოდეს თანაბრად. მე საერთოდ ტერმინის - ოჯახში ძალადობა - მნიშვნელობაც არ მესმის და ამ ტერმინის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით ასეთ დარღვევას. დღევანდელ კანონმდებლობაში გასაუქმებელია ოჯახში ძალადობის მუხლები და დასატოვებელია მხოლოდ ძალადობის მუხლები".

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანონში ფემიციდის განსაზღვრა არის ხელოვნური წინასაარჩევნო ამბავი და "ვიღაცის გულის მოგება":

"მე ვიცი ქალები სწორედ კაცებზე ძალადობენ და პირიქით შემთხვევებიც. რომელი მეტია და რომელი ნაკლებია, ამის თვლას აზრი არ აქვს, ორივეს მიმართ კანონი უნდა იყოს თანაბარი."

კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს პარლამენტში, ფემიციდის კანონში განსაზღვრის შესახებ კანონპროექტს, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნებოდა მათ შორის იმაზე, თუ რა სანქციებს ითვალისწინებს კონკრეტული მუხლი:

"თუ იგივეს ითვალისწინებს, რასაც ჩვეულებრივი ძალადობა, მაშინ დავუჭერდით, შეიძლება არაფერი დიდი არ დაშავდეს ამით. აქ არსი არის ის, თუ პრინციპების დონეზე რომელი უფრო სწორია, პრინციპი კი ისაა, რომ ყველას მიმართ კანონი თანაბრად უნდა აღსრულდეს".

გირჩი ასევე ეწინააღმდეგება შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას, რომელიც მხოლოდ გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებდა:

"შსს-ში სპეციალური ქვედანაყოფის შექმნა აბსურდია. ამ ქვედანაყოფს რომ დაენახა კაცებზეა ძალადობა ქალების მხრიდან, ჯიბეში უნდა ჩაეწყო ხელი და შორიდან შეეხედა თუ რა უნდა გაეკეთებინა? ამით ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები სხვანაირი ადამიანები არიან. გასაგებია, რომ პრობლემა არსებობს ქვეყანაში უფრო მეტად ქალების მიმართ, ვიდრე კაცების, მაგრამ საზოგადოების პრობლემაც არსებობს".

იმის გასაგებად, თუ რა პოლიტიკა აქვთ ოჯახში ძალადობასთან, ფემიციდთან და გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, On.ge წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრა. მათ მოსაზრებებს უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში.