საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევრის თავზე, საქართველოს პოზიტიური შედეგები აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვაში, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.

TI-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები მთლიანობაში ნეგატიურად აფასებენ კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას, ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საზოგადოების ამგვარი განწყობა, სავარაუდოდ, განპირობებულია სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური რეაგირებით ბოლო პერიოდში გახმაურებულ კორუფციის არაერთ შესაძლო შემთხვევაზე. კერძოდ:

  • ე.წ. „ომეგას“ საქმე - სკანდალი, რომელსაც სათავე 2018 წლი სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებმა და გასაჯაროებულმა ფარულმა აუდიოჩანაწერებმა დაუდო;
  • ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების (მათ შორის პარლამენტის წევრების, მინისტრების და მოსამართლეების) ძვირადღირებული ქონების შესახებ;
  • ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის მრავალი შემთხვევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელთა ბენეფიციარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო და რომლებიც ქმედითი რეაგირების გარეშე დარჩა;
  • თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ხელისუფლება აიძულებდა მას გადაედგა ნაბიჯები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ;
  • ჟურნალისტური გამოძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით;
  • ჟურნალისტური გამოძიება ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის საეჭვო და არადეკლალირებული ქონების შესახებ;
  • პროკურატურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის საქმე;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ (და ფარცხალაძის შემდგომი თავდასხმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე);

TI-ს განცხადებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური მუშაობა, პირველ რიგში, განპირობებულია პოლიტიკური სისტემის ამჟამინდელი ხასიათით. კერძოდ, ძალაუფლების კონცენტრირებით ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, რაც მათი თქმით, მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, არაჯეროვანი გავლენა მოახდინოს ამ და სხვა საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ სისტემური პრობლემების დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და მისი დაცულობა პარტიული გავლენისგან, ხოლო, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. მათი თქმით, ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის არჩევის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.