ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო HBO-ს დრამატულ სერიალ ჩერნობილს განიხილავს, რუსეთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტრაგიკული ისტორიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობენ.

როგორც გამოცემა Unian წერს, რუსული სერიალი სახელისუფლებო არხ NTV-ზე ამ წელს გამოვა. სერიალის მთავარი გმირი არა ავარიის ლიკვიდატორი, არამედ საბჭოთა სპეცსამსახურის თანამშრომელი იქნება. სერიალში მოთხრობილი იქნება ამბავი აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, თვითონ აფეთქება და ტრაგედიის რამდენიმე თვის შემდგომი პერიოდი. უშუალოდ სიუჟეტი კი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის, ალბერტ ლენცის გარშემო აიგება. მთავარი გმირი კი კონტრდაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი იქნება. ის შეეცდება, რომ ჩერნობილის აფეთქებაში უცხოური კვალი იპოვოს.

ფოტო: კადრი სერიალიდან / Tjournal

სერიალისთვის კულტურის სამინისტრომ თანხა 2014 წელს გამოყო. ის ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა ვადებმა 2019-სთვის გადაიწია. შეფერხება კი ინვესტორების მოძიებით ახსნეს.

რუსული ჩერნობილის გადაღებები 2018 წელს ბელორუსულ ქალაქებში მიმდინარეობდა. ამ ეტაპისთვის ინტერნეტში არაოფიციალური ტრეილერი იძებნება, თუმცა NTV-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის სერიალის კადრების მიხედვით არის აწყობილი.