ყველაფერი, რაც შიზოფრენიის შესახებ ვიცით, შეიძლება, მცდარი იყოს
როდესაც მწერალმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ყოფილმა ექთანმა, ნეითენ ფაილერმა გაიცნო პაციენტი, რომელსაც დანიშნული მედიკამენტების მიღება არ სურდა, სწორედ მაშინ დაიწყო მისი მოგზაურობა შიზოფრენიის რთულ და წინააღმდეგობრივ სამყაროში.
შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავდროულად ამოუცნობი ფსიქიკური აშლილობაა. იგი ადამიანებში რეალობისგან ჩამოშორებას, იზოლაციას, ბოდვასა და ფსიქოზს იწვევს. შიზოფრენიის მკურნალობის ფორმების ეთიკურობასთან დაკავშირებით უამრავი ცხარე დებატი მიმდინარეობს და თანამედროვე ფსიქიატრები მისი განსაზღვრების სისწორესაც კი აყენებენ ეჭვქვეშ. თავის წიგნში The Heartland: Finding and Losing Schizophrenia, ბრიტანელი მწერალი და ფსიქიკური ჯანმრთელობის ყოფილი ექთანი, ნეითენ ფაილერი, შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტთან მუშაობის, დიაგნოზის გარშემო არსებული დავების, ეთიკური დილემებისა და შიზოფრენიის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ საუბრობს. ქვემოთ ამ წიგნიდან ამონარიდის წაკითხვა შეგიძლიათ.
კარგად მახსოვს პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანს საკუთარი ნების წინააღმდეგ დავალევინე წამლები. ეს 13 წლის წინ იყო, ფსიქიკური ჯანმრთელობის ექთნის კვალიფიკაციის მიღებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ. კარიერა ფსიქიატრიულ განყოფილებაში დავიწყე, სადაც მძიმე ფსიქიკური დაავადებების მწვავე ფაზაში მყოფი ზრდასრული პაციენტების მდგომარეობას ვაფასებდი და დანიშნული მედიკამენტებით ვმკურნალობდი.
იქ ერთ პაციენტი იყო (ან სერვისის მომხმარებელი, ან კლიენტი, ან ძმა, ან მეგობარი - გააჩნია, ვის ჰკითხავთ), რომელსაც ამიტად მოვიხსენიებ. ამიტი მედიკამენტების მიღებაზე თითქმის სამი კვირის განმავლობაში ამბობდა უარს და ამის კარგი მიზეზიც ჰქონდა; მისთვის დანიშნული აბები საწამლავს შეიცავდა. ის იმ ექიმს გამოეწერა, რომელსაც მისთვის ზიანის მიყენება სურდა. მეტიც, ამ ექიმს ამიტის წინა ჰოსპიტალიზაციის დროს მის მიმართ უკვე ეძალადა და ამის გამო სამედიცინო ლიცენზიაც კი შეჩერებული ჰქონდა. ახლა კი საავადმყოფოს განყოფილებაში უკანონოდ აგრძელებდა მუშაობას. ექთნების უმეტესობამ ამის შესახებ იცოდა და ექიმს მიზნის მიღწევშიც ეხმარებოდა.
მედიკამენტების დილის დოზის მიღებისას ამიტი პალატის კარის ზღურბლზე იდგა და დაჟინებით მაკვირდებოდა. წამლების ურიკასთან ჩემი ხელების მოძრაობას თვალი რომ გაადევნა, დაინახა, როგორ ჩავანაცვლე ჩვეულებრივი წამლები საზიანო მედიკამენტით.
მას ღამის სამოსი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რომელთაგან ერთ-ერთი ცალი მხარის ჩაყოლებაზე გარღვეულიყო. ამიტმა იცოდა, რომ მის ოთახში წყალი გამიზნულად იყო დაბინძურებული და ამიტომ ჰოსპიტალიზაციის დღიდან მოყოლებული არ უბანავია. მასთან ამ საკითხზე დალაპარაკებას და შესაფერისი სიტყვების პოვნას მოგვიანებით შევეცდებოდი, მაგრამ იმ მომენტისთვის წამლის დალევინება იყო მთავარი პრიორიტეტი.
ცხრილში მისი დოზა გადავამოწმე, ორი ტაბლეტი გამჭვირვალე პლასტმასის ჭიქაში ჩავყარე და გავუწოდე. ამიტი ჭიქას მიაშტერდა. მეც მივაშტერდი. დამამშვიდებელი სიტყვების წარმოთქმა ვცადე. "ვიცი, ამ მომენტში გიჭირს, მენდო, ამიტ. კარგად მესმის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობ". იცოდა, რომ ვატყუებდი. "ჩემს ოთახში დავლევ", - თქვა მან. ვიცოდი, რომ ცრუობდა. "ხომ იცი, ასე არ გამოვა. მაპატიე, მაგრამ უნდა ვნახო, როგორ მიიღებ".
მან ფრთხილად გამომიწოდა ხელი და ჭიქა ჩამომართვა. შიგნით ჩაწყობილი ტაბლეტები შეანჯღრია. თითები თამბაქოსგან ჰქონა გაყვითლებული. "არა. არაა საჭირო", - თქვა ბოლოს, ჭიქა წამლების ურიკის თავზე დადო და უკან ისე დაიხია, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. როდესაც გრძელ დერეფანში თავისი საძინებლის მიმართულებით გაუჩინარდა, ცხრილში მისი სახელის და გვარის გასწვრივ მოვნიშნე, რომ წამლის მიღება იუარა. რა თქმა უნდა, იაუარა. რატომ არ იუარებდა? მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი.
თუმცა, ის კი არ ვიცი, ისეთივე ღირსებით თუ შევძლებდი მკურნალობაზე უარის თქმას, როგორც მან ნაშუადღევს მოახერხა, როცა მის ოთახში C&R ჯგუფი შევიდა.
C&R კონტროლსა და გაკავებას ნიშნავს. ის იმ კანონით დაშვებულ (თუმცა სადაო) მეთოდებს მოიაზრებს, რომლის გამოყენებაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ექთნებს პაციენტის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის აღკვეთისას ევალებათ. წლების მერე ამ მეთოდს სახელი შეუცვალეს და ძალადობისა და აგრესიის პრევენცია და მართვა უწოდეს, რაც ალბათ ზუსტი დახასიათებაა, თუ ადამიანი პალატას ამტვრევს ან ვინმეს ზიანის მიყენებით ემუქრება. მაგრამ ამიტის მსგავს შემთხვევებში, თავს დავდებ, რომ პირველი განმარტება უფრო გულწრფელია.
ჯგუფს წინასწარ შეკრებაზე დაედგინა, რომ ეს იყო ბოლო დღე, როდესაც ამიტს ორალურად მისაღებ მედიკამენტზე უარის თქმა შეეძლო და ახლა საინექციო პრეპარატის გამოყენების დრო დამდგარიყო. ფსიქიატრიულ ენაზე ეს ნიშნავდა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ამიტს უკვე კარგად იცნობდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში; ეს კი მისი დაავადების განვითარების ტიპური გამოვლინება იყო. თუ მისთვის მედიკამენტების სტაბილური დოზის მიწოდებას შევძლებდით, მკურნალობა დიდი ალბათობით სასურველ შედეგს მოიტანდა.
ამიტი თავის საწოლზე იჯდა, ეწეოდა და პორტატულ რადიოში გამართული სიხშირის პოვნას ცდილობდა. იგი ისეთ ვიღაცას ესაუბრებოდა, ვისი დანახვაც ჩვენ არ შეგვეძლო. ზემოთ ამოიხედა. ჩვენ ხუთნი ვიყავით.
"უნდა შეგევედროთ?" - იკითხა მან.
ჩემმა კოლეგამ მას სიტუაციის განვითარების რამდენიმე ალტერნატივა შეულამაზებლად გააცნო. მაგრამ მე მაინც მის სიტყვებზე მეფიქრებოდა. უნდა შეგევედროთ? ამიტომ იყო, რომ როდესაც ამიტი საწოლზე გააკავეს და მე ინექცია გავუკეთე, ხელების კანკალს ვერაფერი მოვუხერხე. შეწინააღმდეგება არ უცდია. ჩვენ არ ვახდენდით ძალადობის და აგრესიის პრევენციასა და მართვას. ეჭვიც არ მეპარება, ამიტის გადმოსახედიდან, ჩვენ თავად ვიყავით ძალადობის ჩამდენნი. იმ მომენტში, რამდენადაც კეთილი მიზნები უნდა მქონოდა, მე გამიზნულად ვმონაწილეობდი მის ტანჯვაში.
ეს დაახლოებით ის დრო იყო, რომანის წერის ცდა რომ დავიწყე (პიტერ კუკის ერთი ციტატაა, რომელიც შესანიშნავად აღწერს ჩემს იმდროინდელ გამოცდილებას: "წვეულებაზე კაცი გავიცანი. 'მე რომანს ვწერ', - თქვა მან. 'ოჰ, მართლა? არც მე', - ვუპასუხე მე'"). შუა ბრისტოლში პატარა ბინაში ვცხოვრობდი. ცვლებს შორის ბევრ საათს ვატარებდი ჩემს მაგიდასთან და წარმოვიდგენდი ახალგაზრდა კაცის ცხოვრებას, რომელსაც უცნაური და საყოველთაოდ გაუგებარი ავადმყოფობის (ან დაავადების, ან მდგომარეობის, ან ტრავმის, ან ფენომენის, ან წყევლის, ან წყალობის - გააჩნია, ვის ჰკითხავთ) სიმპტომები ტანჯავდა. ვფიქრობდი ამ კაცის ოჯახსა და მეგობრებზეც. ჩემთვის იმის წარმოდგენა, თუ რას განიცდიდა ეს პერსონაჟი, წარმოსახვის ერთგვარი გავარჯიშება იყო. სხვანაირად რომ ვთქვათ: თანაგრძნობას ვიწვრთნიდი.
ეს არის ის, რაც რომანების წერასა და პაციენტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას აერთიანებს. ორივე საქმე უზომო ემპათიას, სხვა ადამიანების გრძნობების გაგებისკენ სწრაფვას მოითხოვს. რა თქმა უნდა, როგორც მხატვრული ტექსტის ავტორი, მე თავად ვიყავი იმ პრობლემების შექმნაზე პასუხისმიგებელი, რომელთა გამოც ემპათიის გაღვიძება მიწევდა. თუმცა ახლა, ამიტზე ფიქრისას, ვხვდები, რომ ალბათ იმავეს ექთნის პოზიციიდანაც ხშირად ვაკეთებდი.
გადავწყვიტე, ჩემი რომანის გმირისთვის დიაგნოზი არ დამესვა, თუმცა ეს რომ გამეკეთებინა, სავარაუდოდ, შიზოფრენიაზე შევჩერდებოდი. როგორი სიტყვაა, არა? ბერძნული ტერმინებიდან, skhizein (გახლეჩა) და phren (გონება), მომდინარეობს. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ გახლეჩილი პიროვნების ხატი, რომელსაც ორი ან მეტი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი აქვს, ასე ერთიანად შემორჩა საზოგადოების წარმოსახვაში. არადა, ეს სრული აბსურდია.
მინდა, ყველაფერი თავიდანვე აშკარა იყოს: შიზოფრენია არც გახლეჩილ პიროვნებას ნიშნავს და არც - პიროვნების გაორებას. თუმცა, იმის თქმა, თუ რა არ არის შიზოფრენია, გაცილებით მარტივია, ვიდრე იმის მტკიცება, თუ რა არის ის. ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის, გენეტიკის, ნეირომეცნიერების დარგებსა და ფსიქიკური ჯანრმთელობის უამრავ საქველმოქმედო და სამოქმედო ჯგუფს შორის ამ კონდიციის გამომწვევი მიზეზების, რისკ-ფაქტორების, კატეგორიზაციის და მკურნალობის გზების შესახებ არგუმენტირებული და მწვავე კამათი მიმდინარეობს. აგრეთვე, ის კითხვაც ისმის, ამოწურა თუ არა დიაგნოზმა სარგებლიანობა (თუ დავუშვებთ, რომ ის ოდესმე იყო სასარგებლო) და საჭიროა თუ არა მისი თავიდან განსაზღვრა ან სულაც - მთლიანად მიტოვება.
თუ ჩვენ ფრთხილად ჩავერთვებით ამ დისკუსიაში, პირველი, რასაც აღმოვაჩენთ, იქნება, რომ ფსიქიკურ დაავადებებზე საუბრისას საყოველთაოდ მიღებული ენა არ არსებობს და თავად ფრაზასაც, ფსიქიკური დაავადება, მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამ ტერმინის წინააღმდეგ გამოთქმული მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ის არამედიცინურია. მსგავსი დავის სხვა მაგალითი ის კრებითი არსებითი სახელია, რომელიც მკურნალობის პროცესში მყოფ ადამიანებს მიემართება. თუ თქვენ სარგებლობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით და იზიარებთ შეხედულებას, რომ თქვენს ტვინში ჩაბუდებული დამზაფრავი აზრები და გრძნობები, სავარაუდოდ, ამავე ორგანოსთან დაკავშირებული ფიზიკური დაავადების სიმპტომია, მაშინ შეიძლება საკუთარი თავი პაციენტად აღიქვათ. მართლაც, თუ თქვენ არაფრით განსხვავდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მოტეხილობის, ფილტვების ანთების, კიბოს, დიაბეტის ან გულმკერდის ინფექციებისთვის გადიან მკურნალობას, მაშინ რატომ უნდა გიწოდონ სხვა სახელი?
თუმცა, თუ თქვენ უამრავი სხვა ადამიანის, მათ შორის ექიმების, იმ ხედვას იზიარებთ, რომ თქვენი თუნდაც ყველაზე შემაშფოთებელი აზრები, ხასიათის ყველაზე უკიდურესი ცვლილებები და ყველაზე უჩვეულო ქცევებიც კი არა რაიმე ავადმყოფობის ნიშანი, არამედ, ბუნებრივი პასუხია გადაულახავ ტრავმაზე, მტკივენულ მოვლენებსა ან თუნდაც სიღარიბეზე, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ამ ყველაფრის სამედიცინო ტერმინოლოგიაში იმგვარად შეფუთვა, რომ პაციენტი გეწოდოთ. სწორედ ჩემი საექთნო წვრთნების დროს გაჩნდა პირველად დღეისათვის დამკვიდრებული ტერმინი - სერვისის მომხმარებელი. იგი იმიტომ ამჯობინეს, რომ უფრო ნეიტრალურად ჟღერდა. მაგრამ რა ტერმინი შეეფერება ამიტისნაირ ადამიანებს? ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იძულებით აკავებენ საავადმყოფოებში და საკუთარი ნების წინააღმდეგ მკურნალობენ? ნუთუ, სწორია, რომ ისინიც სერვისის მომხმარებლის კოლექტიური სახელით მოვიხსენიოთ? შეგვიძლია კი სრული სინდისით ვთქვათ, რომ ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობენ? სავარაუდოდ, არა.
დღეს ჯერ კიდევ უმცირესობაში მყოფი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ორივე ტერმინზე უარს ამბობენ და საკუთარ თავებს მებრძოლებად მოიხსენიებენ, სულ უფრო იზრდება. ამის პარალელურად კი ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის საბჭო ტერმინ პაციენტს დაუბრუნდა. თუ ფიქრობთ, რომ ეს ამბავი ჩახლართული და პოლიტიზირებულია, ნამდვილად არ ცდებით.
როგორც ყველა ცხარე დებატის დროს, აქაც ყველა მხარე რაღაც დოზით ცრურწმენათა გავლენის ქვეშაა. მიუხედავად ამისა, პრობლემის უგულებელყოფა დიდი შეცდომა იქნებოდა. დიახ, ეს არის კამათი ტერმინების გარშემო, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამყაროში ენა ყველაფერია. ბევრი არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზთა ვრცელი სპექტრი სისხლის ანალიზით თუ ტვინის ტომოგრაფიით ვერ დგინდება. ეს შეუძლებელია. ამ კონდიციათა დამდგენი ტესტები, უბრალოდ, არ არსებობს. სანაცვლოდ, ეს იმ სიტყვებზე დაკვირვებით ხდება, რომლებსაც ადამიანები წარმოთქვამენ ან არ წარმოთქვამენ. დიაგნოზის დასმის საუკეთესო გზა პროფესიონალების მიერ ამ სიტყვების შესწავლა და ინტერპრეტირებაა.
დიაგნოზის ენას კი ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვლის ძალა აქვს. თუ ისეთი უვნებელი სიტყვაც კი, როგორიცაა პაციენტი, მსგავსი დავის საგანია, შეგვიძლია ცხადად წარმოდვიდგინოთ, რამდენად ცხარე დისკუსია იარსებებს ისეთ, მართლაც რომ ამოუწურავ, ცნებაზე, როგორიც შიზოფრენიაა.
ეს იდუმალებით მოცული დიაგნოზი, თავისი მაცდური სახელით, ტრადიციულად, ფსიქიატრიის ღერძად მიიჩნეოდა - ფაქტობრივად, ამ კონდიციამ განსაზღვრა კიდეც დისციპლინა. და სწორედ ამ ღერძის გარშემოა გაჩაღებული ბრძოლის ველი, სადაც სიგიჟისა და მისი განმარტების შესახებ ყველაზე მძვინვარე იდეოლოგიური დავები მიმდინარეობს. სიტყვაზე მენდეთ, ეს დავები მართლაც მძვინვარეა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს წინააღმდეგობა დიდწილად ორ მხარდამხარ მომუშავე და ერთმანეთთან იმდენად დაახლოებულ პროფესიონალურ გილდიას შორის არსებობს, რომ ბევრი ადამიანი მათ ვერც კი განარჩევს. მე მონათესავე, მაგრამ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ დარგებზე, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაზე ვსაუბრობ.
თუმცა, ფსიქ-ით დაწყებულ ყველა სიტყვათა შორის მცდარი შეხედულებებით ყველაზე მეტად ფსიქოზია დახუნძლული. ფსიქოზი, ზოგადად, ეგრეთ წოდებული შიზოფრენიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არ არის ზედმიწევნით ზუსტი, მისი ყველაზე ფართო და მარტივი განმარტებით ის აღწერს იმ მდგომარეობას, როდესაც ინდივიდი კარგავს კავშირს რეალობასთან - ან იმასთან მაინც, რასაც სხვა ადამიანთა უმეტესობა რეალობას უწოდებს.
ფსიქოზი, თავისთავად, ავადმყოფობად ან დაავადებად არ არის მიჩნეული, თუმცა რომელიმე დაავადების სიმპტომი ნამდვილად შეიძლება იყოს. მაგალითად, იგი დემენციის უმრავლესი გამოვლინების ტიპური მახასიათებელია. ბევრი ჩვენგანი ფსიქოზს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ერთხელ მაინც გამოცდის; ჩვენ, შეიძლება, მიზანმიმართულადაც კი მივისწრაფოდეთ ამისკენ. ფსიქოზი უამრავი რეკრეაციული ნარკოტიკის სასურველი ეფექტია. თუ თქვენ ელესდეს მიიღებთ და ის რადიკალურად არ შეცვლის რეალობის თქვენეულ აღქმას, სამართლიანად ჩათვლით, რომ გამიზნულ შედეგს ვერ მიაღწიეთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის რასაც ფსიქოზს ვეძახით, შესაძლებელია, ძლიერ სტრესსა ან ტრავმაზე საპასუხო რეაქცია იყოს. ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც გარკვეული ფსიქოლოგიური ადაპტაცია, დაძლევის სტრატეგიის დამახინჯებული ფორმა ან აუტანელ ცხოვრებისეულ მოვლენებთან გასამკლავებლად არარსებული ამბების გონებაში შეთხზვა. რაც უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზი, ფსიქოზი ხშირად ჰალუციანაციებითა და ბოდვით ხასიათდება. ამიტის რწმენას, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვიყავით შენთქმულები, შეგვიძლია, ბოდვა ვუწოდოთ. მაგრამ ასევე შეგვიძლია, ეს სრულიად გასაგებ რეაქციად აღვიქვათ იმაზე, რაც მის გარშემო ხდებოდა.
იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელთაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვთ დასმული, რეალობისგან ამგვარ გაუცხოებას განიცდის. ხშირად - მაგრამ არა ყოველთვის - ეს მდგომარეობა ადამიანში შიშს იწვევს და უჩვეულო ქცევებით ვლინდება; ასეთ დროს ინდივიდი გადასხვაფერებულ, მტრულ სამყაროში ცდილობს თვითგადარჩენას.
ფსიქოზი, შესაძლოა, ეგრეთ წოდებული შიზოფრენიის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი იყოს, მაგრამ ის სრულ სურათს ნამვილად ვერ ასახავს. ამ მდგომარეობის სხვა შესაძლო სიმპტომებია აზროვნების პროცესის ნგრევა, დარღვეული მეტყველება, დარღვეული ქცევა, შეუსაბამო ემოციური რეაქციები, შეზღუდული ყურადღება და სოციალური იზოლაციისკენ სწრაფვა. ერთ-ერთ პოპულარულ TED talk-ში ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი და პროფესორი ელინ საკსი, რომელიც თავადაც შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობს, ამტკიცებს: "შიზოფრენიული გონება არა გახლეჩილი, არამედ - დამსხვრეულია". შიზოფრენია აგრეთვე განმაცვიფრებლად გავრცელებული მდგომარეობაცაა. სტატისტიკური მონაცემი, რომელიც წლებია, არსებობს, გვეუბნება, რომ შიზოფრენია ყოველ მეასე ადამიანს ემართება.
სულ რაღაც ცხრა წლის შემდეგ, რაც კომპიუტერთან პირველად დავჯექი და ცარიელ გვერდს უიმედოდ მივაშტერდი, ჩემი რომანი - დაცემის შოკი - რაღაც სასწაულის წყალობით დასრულდა. იმ დროს ექთნობა უკვე მიტოვებული მქონდა და ბრისტოლის უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევებზე ვმუშაობდი. ამავდროულად, მეყოლა ქალიშვილიც, დავქორწინდი და იმის ფიქრი ამეკვიატა, ღირდა თუ არა მეორე წიგნის დაწერის ცდა. მერე კი იმეილებმა იწყეს მოსვლა.
შეტყობინებებს ის ადამიანები მიგზავნიდნენ, რომელთაც არასდროს შევხვდროდი, მაგრამ შიზოფრენიით დაავადებულ ახალგაზრდა კაცზე ჩემი გამოგონილი ამბავი წაეკითხათ. მათ გადაწყვიტეს, ჩემთვის თავიანთი ისტორიებიც მოეყოლათ. უმეტესობა სევდიანი იყო, ზოგიც -იმედიანი. იშვიათად თუ მოდიოდა ისეთი ტექსტი, რომელსაც სტრუქტურულად გამართული დასაწყისი, განვითარება და დასასრული ექნებოდა და როგორის შექმნის ფუფუნებაც მე, მწერალს, მქონდა. იმ უცნაური ფენომენის შესახებ სიმართლე, რასაც ჩვენ ფსიქიკურ ავადმყოფობას ვუწოდებთ, ისაა, რომ ის არეული და ქაოტურია; მასში ბოლომდე გარკვევა ძალიან რთულია, თუმცა ამის გამო მცდელობაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ყველა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა ფაქიზია. ამ თემაზე საუბარი ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლოა.
გავაცნობიერე, რომ უფრო მეტი უნდა მეფიქრა ისეთ ცნებებზე, როგორიცაა სტიგმა (და რატომ ვერ აღწევენ მიზანს სტიგმათა წინააღმდეგ მიმართული კამპანიები); ფსიქიატრიული დიაგნოზი (და რატომ არის ამის მიღმა არსებული მეცნიერება მცდარი); ფსიქიკური აშლილობების გამომწვევი მიზეზები (და რატომ შეიძლება, რომ ის, რაც "გამოსასწორებელია", სულაც არ იყოს ინდივიდის მახასიათებელი); ბოდვა და ჰალუცინაციები (და როგორ შეიძლება, ეს ყველა ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყოს); და ფსიქიატრიული მედიკამენტები (წამლის გამოწერის დღევანდელი პრაქტიკის ნაკლოვანებების ჩათვლით).
ჩემი პირველი სამუშაო დღე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თამბაქოს მოსაწევ უღიმღამო ოთახში სერვისის მომხმარებლებთან ჩაის სმაში გავატარე. ვიღაცამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და მითხრა, რომ სანამ კლინიკაში მოათავსებდნენ, არც იცოდა ასეთი დაწესებულების არსებობის შესახებ. ვერ მივხვდი, რა მეპასუხა და, სავარაუდოდ, არაფრის თქმით საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. მე ვუსმენდი. ყოველთვის არ არის შესაძლებელი შესაფერისი სიტყვების პოვნა, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ჩავერთოთ დისკუსიაში. შეგვიძლია, სულ ცოტა ხნით ამ ადამიანების მხარდამხარ ვიაროთ, გვერდით დავუსხდეთ, მოვუსმინოთ.
კომენტარები