საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე 29 მაისს, 12:00 საათზე ასოციაციის ოფისში (თბილისი, კოსტავას ქ 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული) პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციის თემაა საავტორო უფლებების სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ: რუსეთის მიერ შექმნილი საეჭვო ორგანიზაცია, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია, აქტიურად უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეებს (კაფე-ბარებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ა.შ.) და მოითხოვს მათგან მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისთვის ლიცენზიის გაფორმებას და ჰონორარის გადახდას. ეს ორგანიზაცია, ასევე ჰპირდება საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრ ავტორ/შემსრულებლებს, რომ, თითქოს, მათ სახელზე რუსეთში შეგროვებულია ჰონორარი და ასოციაციის რიგების დატოვების და მათთან გაწევრიანების სანაცვლოდ გადაუხდის ამ ჰონორარს.

ამ ორგანიზაციის მოთხოვნა, როგორც ჰონორარის გადახდაზე, ასევე დაპირება მის გაცემაზე არის უკანონო. ამ ორგანიზაციას კანონით არ გააჩნია არც ჰონორარის შეგროვების და არც მისი გადახდის უფლებამოსილება. საქართველოში მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე ნებართვების გაცემის და ჰონორარის შეგროვება/განაწილების უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, აღნიშნულს, გარდა ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა, ადასტურებს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის 2019 წლის 24 მაისის წერილიც, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოში, ერთადერთი კოლექტიურ საფუძვლზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

პრესკონფერენციაზე, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებებით მოსარგებლეებს, ასევე ასოციაციის წევრ ავტორ/შემსრულებლებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონდარღვევა და ამით გამოწვეული შედეგები.