მეცნიერები დღემდე არ არიან შეთანხმებულნი, თუ რა როლი ითამაშეს პრეისტორიულმა მონადირე-შემგროვებლებმა მამონტებისა და სხვა გიგანტური ბალახისმჭამელების ამერიკიდან გადაშენებაში.

სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობას ეხება ორი ახალი ნაშრომი. ერთ-ერთის მიხედვით, მაშინდელი მონადირე-შემგროვებლები გამყინვარების ხანის "ურჩხულებზე" ნადირობაში განსაკუთრებით იყვნენ გაწვრთნილები. მეორე კვლევის ავტორებმა საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს: მათი აზრით, ადამიანებს მაშინ არც ერთი მამონტი არ მოუკლავთ.

მიიჩნევა, რომ ჰომო საპიენსმა ამერიკას ბერინგიის რეგიონის გავლით მიაღწია, რომელიც დღესდღეობით ჩაძირულია. იგი ციმბირს ალასკასთან აკავშირებდა. თავად ბერინგიაში ადამიანური კულტურის ყველაზე ადრეული ნიშნები დაახლოებით 14 000 წლითაა დათარიღებული.

მეცნიერებმა ამ კულტურებთან დაკავშირებული ცხოველთა ძვლები და პრეისტორიული ხელსაწყოები გააანალიზეს. ერთ-ერთმა გუნდმა დაასკვნა, რომ ადამიანების რაციონი მაშინ ძალიან შეზღუდული იყო და ძირითადად მხოლოდ მეგაფაუნის (50 კგ-ზე მძიმე დიდი ზომის ცხოველები) ხორცისგან შედგებოდა.

მკვლევრების აზრით, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ახალი მიწები აითვისეს, ბერინგიაში ბეწვიანი მამონტების მონადირებაში დაოსტატდნენ, ჩრდილოეთ ამერიკაში — კოლუმბიური მამონტების, სამხრეთ ამერიკაში კი — მეგათერიუმებისა და გომფოტერების. ცნობისთვის, ბოლო ორი სახეობა თანამედროვე სპილოებს ენათესავება.

ამ მოდელის მხარდასაჭერად გუნდი პალეოინდიელების ადრეულ ნასახლარებზე სანადირო და საყასბო ხელსაწყოების სიმრავლეს უსვამს ხაზს. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ადგილებში სხვა სახის ხელსაწყოები ვერ იპოვეს, რომლებიც შეიძლება მცენარეების, თევზების ან უფრო მცირე ზომის ნანადირევის დასამუშავებლად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. გარდა ამისა, იქ ძირითადად გიგანტური ბალახისმჭამელების ნეშტები იპოვეს.

ამ მოსაზრებებს მეორე გუნდი არ ეთანხმება. მათ თხუთმეტივე ნასახლარი შეისწავლეს, სადაც მამონტების ნეშტია აღმოჩენილი. მათი მიზანი იმის გაგება იყო, მონადირე-შემგროვებლებმა ეს ცხოველები თავად მოინადირეს, თუ უკვე მკვდრები შეჭამეს. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ მიაკვლიეს, რაც პირველი გუნდის დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს.

მეორე გუნდის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი არგუმენტი სწორად უნდა გავიგოთ: ისინი არ ამტკიცებენ, თითქოს ამერიკაში ადამიანებს მამონტებზე არასდროს უნადირიათ. მეორე მხრივ, თუ მამონტების ნეშტის ანალიზით იმის დამტკიცება შეუძლებელია, ეს ცხოველი ადამიანებმა მოკლეს თუ უკვე მკვდარი შეჭამეს, მაშინ ვერც იმას დავასკვნით, რომ მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს.

ეს კვლევები გამოცემებში Science Advances და Journal of Archaeological Science: Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.