მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
ფოტო: Mark Garlic
პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელების მეშვეობით გამოითვალეს, მაქსიმუმ რამდენ ხანს იცოცხლებს დედამიწის ვეგეტაციური ბიოსფერო, ანუ მცენარეები. სიმულაციების მიხედვით, ჩვენს პლანეტაზე ბოლო მცენარე შეიძლება 1.87 მილიარდ წელში მოკვდეს. ამ დროისთვის მზე 20%-ით უფრო კაშკაშა იქნება, რაც, დიდი ალბათობით, დედამიწის მწვანე საფარზე გამანადგურებლად იმოქმედებს.
მცენარეები ჩვენი პლანეტის მთლიანი ბიომასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მათ საკმარისი სხივები, წყალი და ნახშირორჟანგი მიეწოდება. მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა სამგანზომილებიანი მოდელი გამოიყენეს, რათა მომდევნო 2 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის მოსალოდნელი კლიმატი განესაზღვრათ. ყურადღება მზის სიკაშკაშესა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობაზე გაამახვილეს.
დედამიწის ბუნებრივი კარბონატ-სილიკატური ციკლის დროს ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან მუდმივად ოკეანეებში გადადის (თუ არ ჩავთვლით სამრეწველო ემისიებით გამოწვეულ ზედმეტ რაოდენობას). ის ფსკერზე ილექება და ქვად იქცევა, შემდეგ კი ვულკანური ამოფრქვევებისას და ტექტონიკური პროცესებისას ისევ ზედაპირზე ხვდება. უცნობია, რამდენადაა ეს ყველაფერი ხმელეთის ტემპერატურაზე დამოკიდებული, ამიტომ მეცნიერებმა სუსტი და ძლიერი ციკლის სიმულაციები შექმნეს.
ასევე, იხილეთ: ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა შეიძლება მზის სიკვდილს გადაურჩეს
მეორე მოდელში დედამიწაზე ტემპერატურამ სტაბილურობა შეინარჩუნა, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მკვეთრად შემცირდა. ამ სცენარის მიხედვით, მცენარეებს ნახშირორჟანგი მოაკლდება, ამიტომ დაახლოებით 1.84 მილიარდ წელში ისინი განადგურდება; სუსტი ციკლის მოდელში ამ ნაერთის შემცველობა არ შეცვლილა, მაგრამ ტემპერატურა 65 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. ასეთ პირობებში მცენარეთა სიცოცხლის დარჩენილ ხანგრძლივობად 1.87 მილიარდი წელი განისაზღვრა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სხვა კვლევების უმეტესობაში დაუდგენიათ.
თუ მართლაც ასე მოხდება, ფოტოსინთეზური ბიოსფერო იმ დრომდე შენარჩუნდება, როცა დედამიწა წყლის დაკარგვას დაიწყებს. ისიც საგულისხმოა, რომ სიმულაციებში მცენარეთა ევოლუცია ან რაიმე ტექნოლოგიური წინსვლის პოტენციალი არ გაუთვალისწინებიათ. ამ ფაქტორებმა კი, შესაძლოა, მომავალში მცენარეთა ბედი შეცვალოს.
მაგალითად, არაა გამორიცხული, მცენარეებმა ევოლუციისას ტემპერატურისა და წნევის დარეგულირების უნარი შეიძინოს, რაც შეცვლილ კლიმატთან ადაპტაციაში დაეხმარება. ისიც შესაძლებელია, რომ ისინი მაღალ მიდამოებში უფრო გავრცელდეს და იქიდან სტრატოსფეროში გადაინაცვლოს, შემდეგ კი — კომეტებსა და მთვარეზეც კი.
ტექნოლოგიის მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მეთოდები, როგორიც ამრეკლავი აეროზოლები ან მზის გამოსხივებისგან დამცავი ორბიტალური "ფარია". უფრო სპეკულაციური იდეებია, მაგალითად, თავად დედამიწის ორბიტის შეცვლა და მზის სიკაშკაშისა და ტემპერატურის კონტროლი.
შესაბამისად, მომავალში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და მცენარეთა სიცოცხლე უფრო გახანგრძლივდეს ან — პირიქით (თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფა მოხდება). ასეა თუ ისე, ახალი კვლევა იმედს იძლევა, რომ მცენარეები დედამიწაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება.
ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Atmospheres გამოქვეყნდა.

კომენტარები