როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ თუ უბრალოდ მითის?
უძველესი პრაქტიკა
ასტროლოგია უძველესი პრაქტიკაა, რომელიც ისტორიის განმავლობაში განუწყვეტლივ იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს ის მყარ, უცვლელ პრინციპებს ეფუძნება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეისტორიული ადამიანები, სავარაუდოდ, ღამის ცაზე დანახულ ობიექტებსა და დედამიწაზე თავიანთ ცხოვრებას შორის კავშირს პოულობდნენ, ყველაზე ადრე აღრიცხული ორგანიზებული ასტროლოგიური სისტემა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულით თარიღდება და მესოპოტამიას უკავშირდება. სწორედ ამ დროს დაიწყეს ბაბილონელებმა მზის, მთვარისა და პლანეტების დაკვირვებების ჩაწერა და დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე მათი გავლენის განსაზღვრა.
ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში, ეს პრაქტიკა სხვადასხვა კულტურაში მრავალი მიმართულებით განვითარდა. ასტროლოგიით წინასწარმეტყველებდნენ სამეფოების აღზევებასა და დაცემას, შიმშილობასა და გვალვას და გვთავაზობდნენ ხედვებს იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებმაც ერები ჩამოაყალიბა. ამ ისტორიასთანაა დაკავშირებული მათემატიკის, ასტრონომიის (რომელიც ისტორიულად ასტროლოგიისგან განუყოფელი იყო) და მედიცინის წარმოშობაც კი.
"ასტროლოგი ჰოროსკოპს ადგენს" — რობერტ ფლადის ნაშრომიდან "Utriusque Cosmi Historia", 1617 წელი
და მაინც, დღეს, ეს ოდესღაც პატივსაცემი საქმიანობა სრულიად სხვა რამედ იქცა. ზოგიერთისთვის ის უბრალო გასართობია, რომელიც გაზეთების მკითხავებითა თუ პომპეზური სოციალური ინფლუენსერებითაა წარმოდგენილი, მაშინ როცა სხვები უფრო დახვეწილ ხედვას იზიარებენ და ამ პრაქტიკას ფსიქოლოგიური ინტროსპექციისა და თვითშეფასების წყაროდ მიიჩნევენ. და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი ადამიანი მას განიხილავს, როგორც მხოლოდ ცრუ მეცნიერებას. ასტროლოგია გლობალურად მნიშვნელოვან აღორძინებას განიცდის. რეალურად, შეფასებების თანახმად, ის მხოლოდ აშშ-ში $3 მილიარდიანი ინდუსტრიაა, ხოლო გლობალურად, 2031 წლისთვის, შესაძლოა, $30.5 მილიარდსაც მიაღწიოს.
ცხადია, ღირს ახლოდან განვიხილოთ, ამ სულ უფრო პოპულარულ პრაქტიკაზე მეცნიერება რას ამბობს. და მართლა მოაქვს თუ არა მას რაიმე ზიანი, მაშინაც კი, თუ ის დღევანდელი სტანდარტებით მეცნიერულად არ მიიჩნევა?
ასევე იხილეთ: ასტრონომია და ასტროლოგია — როგორია მათი ისტორია და რატომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში
წინასწარმეტყველებებიდან პიროვნულ თვისებებამდე
ასტროლოგიის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რამდენად ცვალებადია ის ისტორიულად. საუკუნეების განმავლობაში მისი მეთოდები, მნიშვნელობები და მიზნები სხვადასხვა კულტურასა და დროში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოქნილობამ, შესაძლოა, მის ხანგრძლივ გადარჩენას შეუწყო ხელი, ასევე ბადებს კითხვებს მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებითაც.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ასტრონომია რეალური სამყაროს ხელშესახები მოვლენების აქტიურად პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა; დროთა განმავლობაში კი მისი ფოკუსი უფრო პირად და საბოლოოდ, ფსიქოლოგიურ საკითხებზე გადავიდა.
"ისტორიულად, ასტროლოგია წინასწარმეტყველებას ემსახურებოდა", — ამბობს სამეცნიერო მიმომხილველი და წიგნის, რას ამბობს მეცნიერება ასტროლოგიის შესახებ ავტორი, კარლოს კოსი — "ადამიანები კითხულობდნენ, რა დაემართებოდათ მათ. თავდაპირველად ბაბილონში ან უფრო ადრეულ პერიოდებში, საქმე ეხებოდა იმას, სახელმწიფოს რა ბედი ეწეოდა, სეზონები მოსავალზე როგორ იმოქმედებდა, ეპიდემია იქნებოდა თუ არა, ძლიერი შტორმები იქნებოდა თუ არა და მსგავსი რამეები".
შემდეგ, ბერძნებსა და რომაელებთან ერთად, ის პირად წინასწარმეტყველებებად ტრანსფორმირდა. რა მოგივა შენ? ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ადამიანები რომაულ პერიოდში ყველაზე ხშირად სვამდნენ, იყო 'როდის მოვკვდები?'
— კარლოს ორსი.
თუმცა, შემდეგ ასტროლოგია პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც იქცა. რომის იმპერიის პერიოდში, რამდენიმე იმპერატორმა, მათ შორის ავგუსტუსმა, ტიბერიუსმა, ვიტელიუსმა, კონსტანციუს II-მ და ჰონორიუსმა, ასტროლოგები ან რომიდან გააძევა, ან საქმიანობა შეუზღუდა. განსაკუთრებით კი იმპერატორის სიკვდილის შესახებ წინასწარმეტყველება აიკრძალა. ამ ზომების მიზანი იყო, ამბიციურ ელიტებს ასეთი პროგნოზები სახელმწიფო გადატრიალების გასამართლებლად ან დასაგეგმად არ გამოეყენებინათ.
როდესაც ასტროლოგია ისლამური სამყაროდან (სადაც ის მკვლევართა თაობებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს და განავრცეს) შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელდა, ის ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენებულ ყოვლისმომცველ და გავლენიან პრაქტიკად იქცა. მას ექიმები, მათემატიკოსები, ასტრონომები (რაც კვლავ ერთმანეთს შერწყმული საქმიანობა იყო) და ალქიმიკოსები (ადრეული ქიმიკოსები) იყენებდნენ. ასტროლოგები სამეფო კარის განუყოფელ ნაწილად იქცნენ, განსაკუთრებით მე-14 და მე-15 საუკუნეებში, სადაც ისინი მონარქებისთვის ჰოროსკოპებს ადგენდნენ. ისევე, როგორც რომაულ პერიოდში, ეს სადავო პრაქტიკა იყო, რის გამოც პოლიტიკური არასტაბილურობის დროს ზოგიერთი მმართველი და რომის პაპი მონარქის სიკვდილზე წინასწარმეტყველებას კრძალავდა.
რენესანსის ეპოქაში ასტროლოგიის მიმართ ინტერესი განახლდა. ეს, სავარაუდოდ, მისი კულტურული ზენიტის დრო იყო. როდესაც ქრისტიანულ დოქტრინასა და განვითარებად ბუნების ფილოსოფიას შორის დაძაბულობა წარმოიშვა და შემდეგ დარეგულირდა, ასტროლოგია პირადი მოხმარებისთვის სულ უფრო პოპულარული გახდა. ამავდროულად, უძველესი ფილოსოფიური ტრადიციები აღორძინდა, როგორიცაა ნეოპლატონიზმი, რამაც ხელი შეუწყო რწმენას, რომ ადამიანებს კოსმოსური გავლენების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეეძლოთ. ამ ჩარჩოში, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასტროლოგია უაღრესად პატივსაცემ ინტელექტუალურ საქმიანობას წარმოადგენდა.
პტოლემეოსი დიდებული ასტროლოგი იყო. მან ეს უზარმაზარი მათემატიკური სტრუქტურა შექმნა, რომელმაც გეოცენტრულ სამყაროს მუშაობის საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ეს მცდარი იყო
— კარლოს ორსი.
მეცნიერული რევოლუციისა და შემდგომი განმანათლებლობის ეპოქის განვითარებასთან ერთად, ასტროლოგიის გავლენამ თანდათან კლება დაიწყო. მიამიტებისა და ირაციონალურობისკენ მიდრეკილ ადამიანთა საქმიანობად შერაცხული ასტროლოგია, მის მეცნიერულად დასაბუთებულ ტყუპისცალს, ასტრონომიას გამოეყო. მე-17 საუკუნის ბოლოდან ის მარგინალურ ტრადიციად რჩებოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე, როდესაც მან კიდევ ერთი აღორძინება განიცადა. სწორედ აქ დაიბადა თანამედროვე ასტროლოგია.
მრავალი თვალსაზრისით, ამისთვის მადლობა ერთ ადამიანს უნდა გადავუხადოთ. უილიამ ფრედერიკ ალანმა, ბრიტანელმა ეზოთერიკოსმა და მეწარმემ, რომელიც ალან ლეოს პროფესიული სახელით მოღვაწეობდა, მე-20 საუკუნის ასტროლოგიის პიროვნებაზე ორიენტირებული პერსპექტივით ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როგორც ჟურნალ Modern Astrologer-ის გამომცემელი, არაერთი წიგნის ავტორი და ლექტორი, ლეო ამ სფეროში ერთგვარ ავტორიტეტს წარმოადგენდა. ლეომ ხელი შეუწყო ასტროლოგიის იმ ფორმის პოპულარიზაციას, რომელიც ადამიანის მზის ნიშანზე იყო დაფუძნებული — ზოდიაქოს ნიშანზე, რომელშიც მზე მისი დაბადების მომენტში იმყოფებოდა.
"ზოდიაქოს კაცი" — ადამიანის სხეულისა და ასტროლოგიური სიმბოლოების დიაგრამა, თანდართული ინსტრუქციებით, რომლებიც ასტროლოგიის მნიშვნელობას სამედიცინო თვალსაზრისით განმარტავს. XV საუკუნის უელსური ხელნაწერიდან
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ნაცნობია ეს კონცეფცია დღეს ჩვენთვის, ეს ნაბიჯი ევროპული ტრადიციის თითქმის 2000-წლიანი ისტორიიდან რადიკალურ გადახვევას წარმოადგენდა. მზის უპირატესობის ხაზგასმა ასტროლოგიის პოპულარიზაციისთვის შესანიშნავი ნაბიჯი იყო, რადგან მან სხვა მხრივ დახვეწილი და რთული თემა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ლეო ასევე აქტიური თეოსოფოსი იყო. ეს მე-19 საუკუნის სპირიტუალური მოძრაობაა, რომელიც რელიგიის, ფილოსოფიისა და მისტიციზმის ელემენტების გაერთიანებას ცდილობდა და ფარული ღვთაებრივი ცოდნისა და სულიერი ჭეშმარიტებების სწამდა. შესაბამისად, მისმა ფოკუსმა მზეზე, როგორც თანამედროვე ასტროლოგიის მთავარ ელემენტზე, ის აღმოსავლური ეზოთერული ტრადიციებიდან აღებული თეოსოფიური სპირიტუალური და კარმული კონცეფციებით გაამდიდრა.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ლეოს მიერ ასტროლოგიის რებრენდინგი, რათა ის წინასწარმეტყველების ნაცვლად ფსიქოლოგიაზე ფოკუსირებულიყო, ძალიან პრაქტიკულ მიზანს ემსახურებოდა: მან გვერდი აუარა კანონს. 1824 წლის მაწანწალობის აქტის საფუძველზე, ლეოს "მკითხაობისთვის" გამუდმებით სდევნიდნენ. ფსიქოლოგიურ საკითხებზე ფოკუსირებით, ლეომ შეძლო, ასტროლოგიის იმ ფორმის პოპულარიზაცია გაეგრძელებინა, რომელმაც სულიერი თვითდახმარების სასარგებლოდ წინასწარმეტყველება გვერდზე გადადო.
"და ამან იმუშავა", — განმარტავს ორსი — "ეს ასტროლოგებს მკითხაობის შესახებ კანონის პრობლემის გადალახვაში დაეხმარა. შემდეგ ის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში განვითარდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 1960-იან და 70-იან წლებში New Age მოძრაობა გამოჩნდა და ფსიქოლოგია ასტროლოგიის პოპულარობის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა".
აცდენილი ვარსკვლავები
ისტორიული არათანმიმდევრულობის გარდა, ასტროლოგია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძირგამომთხრელი პრობლემის წინაშე დგას: იმ რწმენის საპირისპიროდ, რომელმაც ის დააფუძნა, უცვლელი ზეცა შეიცვალა და შესაბამისად შეიცვალა ჩვენი ცოდნაც კოსმოსის შესახებ.
დასავლური ზოდიაქო სათავეს ბაბილონელებისგან იღებს, რომლებმაც მზის გზა 12 თანაბარ ნაწილად დაყვეს, რაც წლიურ ციკლს შეესაბამებოდა. ეს დაყოფები ზოდიაქოს ნიშნებად გადაიქცა, რომლებიც მოგვიანებით აითვისეს და კიდევ უფრო განავითარეს ძველმა ბერძნებმა. მათ თანავარსკვლავედების სისტემისა და მასთან დაკავშირებული სიმბოლოების სტანდარტიზაციას (ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი და ა.შ.) შეუწყვეს ხელი.
თუ დედამიწის ცენტრსა და მზის ცენტრზე ხაზს გავავლებთ იმის სანახავად, რომელ ვარსკვლავებს კვეთს ეს ხაზი, ეს არ იქნება ის ვარსკვლავები, რომლებიც ადრეული ასტრალური რუკების მიხედვით იქ უნდა იყოს
— კარლოს ორსი.
ეს იყო გეოცენტრული მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაბილონელებს სწამდათ, თითქოს დედამიწა კოსმოსის ცენტრში იმყოფებოდა, მზე, ვარსკვლავები და პლანეტები კი მის გარშემო ბრუნავდა. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-2 საუკუნეში, ბერძენ-ეგვიპტელმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლემეოსმა ასტროლოგია დახვეწა და წარმოადგინა, როგორც სწორედ ამ გეოცენტრულ მოდელზე დაფუძნებული რაციონალური სისტემა.
პტოლემეოსის "ტეტრაბიბლოსის" 1484 წლის ასლი, პირველი გვერდი — ლათინურად თარგმნილი პლატონ ტივოლელის მიერ
პტოლემეოსის სისტემა საუკუნეების განმავლობაში ციური სხეულების მოძრაობის შესწავლის საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა მე-16 და მე-17 საუკუნეებში სამყაროს გეოცენტრული მოდელი საბოლოოდ ჰელიოცენტრულმა მოდელმა ჩაანაცვლა, რომელშიც მზე ის ცენტრალური წერტილია, რომლის გარშემოც პლანეტები ბრუნავს. კერძოდ, ნიკოლოზ კოპერნიკის, გალილეო გალილეის, იოჰანეს კეპლერისა და ისააკ ნიუტონის დაკვირვებებმა დედამიწაზე ორიენტირებული შეხედულებები დაამსხვრია. სამყაროში ჩვენი კონცეპტუალური ადგილის ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიუხედავად, დასავლური ასტროლოგია კვლავ პტოლემეოსის მიერ დაფუძნებულ კონცეპტუალურ ჩარჩოს ეყრდნობა.
ამ მნიშვნელოვან პრობლემას ემატება ის ფაქტიც, რომ სხვა ასტრონომიულ ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი ბუნიობის პრეცესიასთან, ასტროლოგია სრულად არ ადაპტირებულა.
დედამიწის ღერძი ბურთივით არ ბრუნავს, ის ბზრიალასავით ტრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ირხევა. ეს რხევა მზისა და მთვარის გრავიტაციული მიზიდულობითაა გამოწვეული, რაც არათანაბარ მბრუნავ მომენტს წარმოქმნის. დროთა განმავლობაში ამან გამოიწვია ის, რომ დედამიწა ზოდიაქოს თანავარსკვლავედების მიმართ ეფექტიანად ინაცვლებს უკან და ყოველ 2 150 წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 30 გრადუსით გადაადგილდება.
"ეს ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ხდება. ამიტომ დღეს, დედამიწის ცენტრსა და მზის ცენტრზე ხაზს თუ გავავლებთ იმის სანახავად, რომელ ვარსკვლავებს გადაკვეთს ეს ხაზი, ეს არ იქნება ის ვარსკვლავები, რომლებიც ადრეული ასტრალური რუკების მიხედვით იქ უნდა იყოს", — გვიხსნის კარლოს ორსი.
ამის მიუხედავად, დასავლელი ასტროლოგების უმეტესობა, ვარსკვლავების რეალური პოზიციების ნაცვლად, სეზონურ დაყოფებზე დაფუძნებული ამ ფიქსირებული ზოდიაქოს გამოყენებას აგრძელებს. ამრიგად, თუ მიმდინარე დასავლური ასტროლოგიის მიხედვით თქვენ ხართ ვერძი (როგორც წესი, მარტის ბოლოდან აპრილამდე), თანავარსკვლავედებთან მიმართებაში დედამიწის ამჟამინდელი პოზიციის გათვალისწინებით, სინამდვილეში თევზები უნდა იყოთ. თუმცა, დასავლელი ასტროლოგებისთვის ეს უმნიშვნელო საკითხად მიიჩნევა.
ინდური ასტროლოგიური ტრაქტატის გვერდი, დაახლ. 1750 წელი
"არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ვარსკვლავები იქ აღარ არიან", — ამბობს ორსი, რადგან ასტროლოგები ცის იმ ნაწილზე ფოკუსირდებიან, სადაც თანავარსკვლავედები იყო. "განმარტების მიხედვით, ის ფიქსირებულია", — ამბობს ის. თუმცა, თუ ინდოეთში წახვალთ, იქ ასტროლოგიის ისეთ ვარიანტს იყენებენ, რომელიც ამ ცვლილებების ასახვისთვის უკვე "შესწორდა".
"პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეუთავსებელი უნდა იყოს. თუმცა დასავლელი ასტროლოგები ამაზე არ საუბრობენ. და ვფიქრობ, ეს არის ასტროლოგიისა და სხვა ცრუ მეცნიერებების ერთ-ერთი მახასიათებელი. მე მიყვარს მათი შედარება ისეთ გამოგონილ სამყაროებთან, როგორიცაა სუპერგმირების ფილმებში. მათ შინაგანი თანმიმდევრულობის იერსახე აქვთ, მაგრამ სრულიად წარმოსახვითია.
შეგიძლიათ, სუპერგმირი ერთ ფილმში მოკლათ და ამბის გასაგრძელებლად მომდევნოში გააცოცხლოთ, თან რაღაც გიჟური ახსნაც მოიგონოთ. ცრუ მეცნიერებაც ასე მუშაობს. ის ერთგვარი შინაგანი თანმიმდევრულობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად. ემპირიული რეალობის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია
— კარლოს ორსი.
ასტროლოგების აბსურდი
ზემოაღნიშნული საკითხები იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც ასტროლოგიის ლეგიტიმურობის შესახებ პრეტენზიებზე გავლენას ახდენს. ასევე არსებობს ურანის, პლუტონისა და ნეპტუნის საკითხი — როცა თავდაპირველი ასტრალური რუკები შეადგინეს, ეს სამი პლანეტა ბაბილონელი, ვედური თუ ბერძენი მეცნიერებისთვის ხილული არ იყო. თუმცა, მათი შემდგომი აღმოჩენა და ასტროლოგიაში ჩართვა კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ის ნაკლებად ფუნქციონირებს როგორც კოსმოსის რეალური სტრუქტურით განპირობებული სისტემა და უფრო მეტად მოქნილ, ინტერპრეტაციულ და ისტორიულად დაფუძნებულ ჩარჩოს წარმოადგენს. ჩარჩოს, რომელიც ახალ აღმოჩენებს მხოლოდ მათი გაკეთების შემდეგ ერგება, ნაცვლად იმისა, რომ თავის პრინციპებს მათგან იღებდეს.
ყველა ეს პრობლემა კონკრეტულად ასტროლოგიას, როგორც სისტემას, ეხება, ისინი თანამედროვე ასტროლოგიასა და მის მტკიცებებზე ნაკლებს გვეუბნება. მეცნიერებმა ესეც შეისწავლეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასტროლოგია ამდენად მიმზიდველია, ისაა, რომ ის თითქოს რაღაც ღრმააზროვან რამეს ამბობს, სინამდვილეში კი თითქმის არაფერს გვეუბნება.
"ერთი რამ, რითაც ასტროლოგიაში უნდა აღვფრთოვანდე, არის ის, როგორ დახვეწეს იმ განცხადებების შექმნის უნარი, რომლებიც წარმოთქმისას ზოგადი და თითქმის ტავტოლოგიურია, შესაძლოა უაზროც კი, მაგრამ მოსმენისას ღრმად პერსონალური ხდება", — ამბობს ორსი.
ჩემი საყვარელი განცხადება ასე ჟღერს: 'თქვენ გაქვთ პოტენციალი, რომელიც თქვენ სასარგებლოდ ჯერ კიდევ ვერ გამოიყენეთ'. ეს ხომ ყველასთვის მართალია?
— კარლოს ორსი.
ბუნდოვან განცხადებებში ღრმა აზრის პოვნის ამ ტენდენციას ბარნუმის ეფექტი ეწოდება, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ მიკერძოებას წარმოადგენს. ჩვენი ტვინი ბუნებრივად ცდილობს წერტილების დაკავშირებას, რათა ზოგად განცხადებებში, შემთხვევით, აზრი იპოვოს. იმის მიუხედავად, ეს განცხადებები გაზეთების სვეტებში კეთდება თუ ონლაინ აპლიკაციებში, დღეს ასტროლოგების მიერ გაკეთებული განცხადებები მუდმივად ამ ეფექტს ეყრდნობა. და რადგან ასტროლოგია სულ უფრო პოპულარული ხდება (რაც, როგორც წესი, გაურკვევლობის პერიოდში ხდება), ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ჩვენი დრო კი ნამდვილად გაურკვეველია.
"ჩვენ ძალიან გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ, არა? ყველაფერი გამუდმებით იცვლება. გვქონდა პანდემია და ახლა გვაქვს AI-ის საფრთხე. შეშლილი ადამიანები გვყავს, რომლებიც ყველგან ომებს იწყებენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში მიმართულების დაკარგვის შეგრძნება ასტროლოგიას უფრო პოპულარულს ხდის, ის სტრუქტურის ილუზიას გვთავაზობს", — ამბობს ორსი.
ვფიქრობ, ცრუ მეცნიერება არის რაღაც, რაც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რეალობის გასაგებად ის ისეთივე რელევანტურია, როგორც მეცნიერება. რატომ ვეკიდებით მეცნიერებას სერიოზულად? იმიტომ, რომ მეცნიერების იგნორირება არ შეგვიძლია, ხომ ასეა? ფიზიკის კანონების უგულებელყოფით შენობას ვერ ავაშენებთ
— კარლოს ორსი.
მაგრამ, იმის საპირისპიროდ, რასაც ზოგიერთი ფიქრობს, ამ სისტემებისადმი ნდობას გარკვეული საფრთხეებიც ახლავს.
"რაც შეეხება ასტროლოგიას, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ის შეიძლება საზიანო იყოს", — აღნიშნავს ორსი.
2020 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ჩინეთში დასავლური ასტროლოგიური ნიშნები შევიდა, ამან ქალწულის ნიშნის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები შექმნა და ადამიანები პაემნებზე სიარულის ან სამსახურის პოვნისას დისკრიმინაციას აწყდებოდნენ. ერთ-ერთ კვლევაში ჩინელი რესურსების მენეჯერები ნაკლებ მზაობას გამოხატავდნენ, სამსახურში აეყვანათ ქალწულის ნიშნის მქონე კანდიდატი, ვიდრე ზუსტად იმავე მონაცემების მქონე ლომის ნიშნის კანდიდატი.
"მას ასევე შეუძლია გაამართლოს ირაციონალური ქცევა, როგორც ეს ლინდა გუდმენის შემთხვევაში მოხდა", — განმარტა ორსიმ — "ის იმ ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ასტროლოგიის პოპ-კულტურის, მასმედიის ფენომენად ქცევაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. 70-იან წლებში მან ორი თუ სამი ბესტსელერი წიგნი დაწერა, რომლებშიც ფართო საზოგადოებას ასტროლოგიას უხსნიდა. ქალიშვილი ჰყავდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ გუდმენმა მისი ცხედრის ნახვა ვერასდროს შეძლო. უარი თქვა, დაეჯერებინა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, რადგან ჰოროსკოპი ეუბნებოდა, რომ გოგო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო".
გუდმენს რომ ასტროლოგიის არ დაეჯერებინა, მიიღებდა თუ არა ის ქალიშვილის სიკვდილს? გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია, მაგრამ ნათელია, რომ ასტროლოგიამ მას საკუთარ ილუზიებზე ჩამოსაკიდებლად არაჯანსაღი საყრდენი მისცა. რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გაზეთში ჰოროსკოპს კითხულობს ან ასტროლოგიურ აპლიკაციას იწერს, ამას არ გამოცდის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მაინც სრულიად გამოგონილი ამბებია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები