მულტიმილიონერს, რომელმაც სიკვდილის დამარცხება საკუთარი ცხოვრების მიზნად აქცია, განუკურნებელი აუტოიმუნური დაავადება დაუდგინდა.

ბრაიან ჯონსონმა, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის ძიებაში თინეიჯერი შვილის სისხლის გადასხმებს მიმართავდა, გაამჟღავნა, რომ მას აუტოიმუნური გასტრიტი (AIG) აწუხებს.

"ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს", — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დაავადება მაშინ ვითარდება, როდესაც სხეულის იმუნური სისტემა კუჭის ლორწოვანი გარსის ჯანმრთელ უჯრედებს ესხმის თავს. ჯონსმა აღიარა, რომ მიუხედავად მცდელობისა, ის განუკურნებელია. სიმპტომები B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ ანემიას და ანთებად ქსოვილში კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს მოიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი დილის 5 საათზე იღვიძებს და ერთსაათიან ვარჯიშს ასრულებს, რომელიც 25 სავარჯიშოს მოიცავს. ფოტო: მაგდალენა ვოსინსკა

ჯონსონმა თქვა, რომ დაავადება მას მაისში დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცის როდის განვითარდა ის, აცხადებს, რომ ეს მოხდა ბავშვობის პერიოდსა (ამ დროს შაქრიან ბურღულეულსა და სწრაფ კვებას ეტანებოდა) და 20-იანი წლების დასაწყისის შემდგომ პერიოდს შორის, როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა "შეწყვიტა" და წონაში მოიმატა.

"AIG შეუქცევად დაზიანებას იწვევს: კვებით დეფიციტს, ანემიასა და გრძელვადიან პერსპექტივაში, კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს", — დაწერა სილიკონის ველის მაგნატმა სოციალურ ქსელში.

"როდესაც დღეს AIG ვლინდება, სტანდარტული მედიცინა მარცხს აღიარებს და აცხადებს, რომ მდგომარეობის მართვის გარდა სხვა არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რამდენად საშინელი ან სასიკვდილო შეიძლება იყოს მისი შედეგები".

48 წლის ჯონსონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სისხლის ანალიზებს იტარებს "ერთი მილიონი იმუნური უჯრედის" გასაშიფრად, რათა გაარკვიოს, რომელი მათგანი ესხმის თავს მისი კუჭის ლორწოვან გარსს. როდესაც მათ გამოავლენენ, მისი თქმით: "გვეცოდინება, მათ გასანეიტრალებლად თერაპიის რომელ გზას გავყვეთ".

ჯონსონმა 2013 წელს საკუთარი კომპანია 800 მილიონ დოლარად გაყიდა და ეს ქონება დაბერების შეჩერების მიზნის მისაღწევად გამოიყენა.

ცნობილია, რომ მას სამედიცინო ექსპერტთა გუნდი ჰყავს დაქირავებული, რომლის ამოცანასაც მისი სისხლისა და ორგანოების მდგომარეობის შემოწმება წარმოადგენს. ამაში ის წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს ხარჯავს და "არ მოკვდე" ფილოსოფიის შესასრულებლად საკუთარი თავი საცდელ კურდღლად აქცია.

მილიონერი ამტკიცებს, რომ აქვს 37 წლის ადამიანის გული, 28 წლის კანი, 18 წლის ასაკის შესაბამისი ფილტვების მოცულობა და 17 წლის ადამიანის ღრძილები.

ის აცხადებს, რომ ლურჯი სინათლის გასაფილტრად ყოველ ღამით ორი საათის განმავლობაში იკეთებს სპეციალურ სათვალეს, დილის 5 საათზე იღვიძებს ერთსაათიანი ვარჯიშისთვის, რომელიც 25 სავარჯიშოს მოიცავს, იღებს ათობით საკვებ დანამატს და კბილებს ჩაის ხის ზეთით ივლებს.

2023 წელს, უჯრედების დაზიანების შესაბრუნებლად მან თინეიჯერი შვილის, ტალმეიჯის, სისხლის გადასხმებს მიმართა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

მთელი ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. 2024 წლის ნოემბერში, მკაცრი, 1977-კალორიული დიეტით გამოწვეული ჩამომჭკნარი იერის დასაფარად, მან სახეში ცხიმის ინექცია გაიკეთა, რამაც მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვია.

მოგვიანებით მან აღიარა, რომ "Project Baby Face", რამაც სახის შეშუპების გამო იგი პრაქტიკულად დააბრმავა, წარუმატებელი იყო.