საფრანგეთში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერეს ხელი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა:

"პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ".

უწყების თქმით, ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.