თურმე ბაღლინჯოები სისხლს დინოზავრების ეპოქაშიც წოვდნენ
საწოლის ბაღლინჯოები კაცობრიობას უკვე ათასობით წელია ტანჯავენ, დიდი ხანია მიჩნეულია, რომ ევოლუციურად ბაღლინჯოები პარაზიტებად ათეულობით მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, როდესაც ისინი ძირითადად ღამურების სისხლით იკვებებოდნენ. ახლა, მეცნიერებისგან შემდგარმა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა, რომ ბაღლინჯოების საწყისი წარსულში იმაზე უფრო შორს მიდის, ვიდრე გვეგონა. ისინი სათავეს დინოზავრების ეპოქაში იღებენ.
საწოლის ბაღლინჯოებზე საუბრისას შეიძლება გეგონოთ, რომ საქმე ერთ კონკრეტულ სახეობას ეხება, სინამდვილეში ბაღლინჯოების 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა არსებობს. ყველა ეს სახეობა ოჯახ Cimicidae-ს მიეკუთვნება. ამ ოჯახს ერთი რამ აერთიანებს — მასში შემავალ ყველა სახეობას გადასარჩენად მასპინძლის სისხლით კვება სჭირდება. სახეობების უმეტესობა მაღალსპეციფიკურია, ანუ მათ გადასარჩენად ერთი რომელიმე კონკრეტული ტიპის მასპინძელი სჭირდებათ, თუმცა ზოგისთვის მრავალფეროვანი კვებაც მისაღებია.
გავრცელებული თეორიის მიხედვით, ბაღლინჯოებმა თავდაპირველად ღამურების კოლონიზება მოახდინეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ არსებობა დაახლოებით 50-60 მილიონი წლის წინ დაიწყეს, თუმცა, ახალი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოპოვებული ფაქტების საფუძველზე ბაღლინჯოები ბევრად უფრო დიდი ხნის წინ უნდა გაჩენილიყვნენ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ამჟამინდელი ბაღინჯოების გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, ასევე განიხილეს ქარვაში გაქვავებული 100 მილიონი წლის წინანდელი მწერი, რომელიც, დიდი ალბათობით, უშუალო წინაპარი არა, მაგრამ ბაღლინჯოებთან გენეტიკურად ახლოს მდგომი ორგანიზმი უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფრის საშუალებითაც მეცნიერებმა ბაღლინჯოების ევოლუციური ისტორიის აღდგენა შეძლეს.
ამ ცნობებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პირველი პროტობაღლინჯო დაახლოებით 122 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ხოლო თაობათა ხაზი, რომლიდანაც თანამედროვე ბაღლინჯოები გაჩნდნენ, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ უნდა გამოჩენილიყო. ახლა ცარცულ პერიოდზე ვსაუბრობთ, რაც ბევრად უფრო ადრეული ეპოქაა, ვიდრე ღამურების გაჩენის სავარაუდო პერიოდი.
ტულსას უნივერსიტეტის მოლეკულური ეკოლოგი და ბაღლინჯოების ევოლუციის მკვლევარი ვარენ ბუთი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ იყო, აცხადებს, რომ გუნდს მყარგი არგუმენტები აქვს.
"მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწას ასტეროიდი დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დაეჯახა. ბაღლინჯოები კი ბევრად უფრო ადრე არსებობენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ კატასტროფას გადაურჩნენ. დავძენ, რომ ტირანოზავრი დედამიწააზე დაახლოებით 77 მილიონი წლის წინ განვითარდა. ამ შემთხვევაშიც, ბაღლინჯოები დედამიწაზე ტირანოზავრების გაჩენამდე ბევრად უფრო ადრე არსებობდნენ", — აცხადებს ბუთი.
ავტორები აღნიშნავენ, რომ დინოზავრები ბაღლინჯოების სამიზნეები, ალბათ, არ იქნებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დინოზავრები თბილსისხლიანები იყვნენ (დღეს ბაღლინჯოების ყველა მასპინძელი თბილსისხლიანია), ისინი ერთ ადგილას საკმარის დროს არ ატარებდნენ. ბაღლინჯოები კი საკმაოდ ნელა მოძრავი არსებები არიან, მათი გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ მასპინძელი ერთ კონკრეტულ ადგილას პერიოდულად ბრუნდებოდეს.
რაც შეეხება ადამიანზე "მონადირე" ბაღლინჯოებს, მათ, საჭიროების შემთხვევაში სხვა ცხოველებითაც შეუძლიათ თავის გამოკვება, განსაკუთრებით კი ღამურებით. ისინი სავარაუდოდ დანარჩენ ბაღლინჯოებს დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ გამოეყვნენ. ადამიანის სისხლით მკვებავი ბაღლინჯოები, როდესაც ადამიანმა გამოქვაბულებში ცხოვრება დაიწყო, დიდი ალბათობით უკვე არსებობდნენ.
ეს კვლევა ცხადყოფს, თუ რამდენად გამძლეები არიან ბაღლინჯოები. მე-20 საუკუნეში ჩვენ მრავალი პესტიციდი შევქმენით, რომლებმაც ბაღლინჯოები კინაღამ გადააშენა, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულში ბაღლინჯოები ასპარეზზე დაბრუნდნენ, თანაც, ახალი მუტაციებით, რომელთა წყალობითაც მათზე პესტიციდები აღარ მოქმედებს. ავტორები აცხადებენ, რომ მათი კვლევა, შესაძლოა, ბაღლინჯოებთან ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებაშიც დაგვეხმაროს, თუმცა, ბაღლინჯოებთან ბრძოლაში გამარჯვება ადვილი არ იქნება.
ბოლოსდაბოლოს, თუ ბაღლინჯოებს იმ ასტეროიდმა, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, ვერაფერი დააკლო, არსებობს შანსი, რომ მათ წინაშე ჩვენც უძლურები აღმოვჩნდეთ.
კომენტარები