შესაძლოა, მეცნიერებმა რომაელების მიერ 2 100 წლის წინ აგებულ არხს მიაკვლიეს

ფოტო: iStock
მეცნიერები საფრანგეთში დიდი ხნის დაკარგული არხის აღმოჩენასთან ძალიან ახლოს არიან. ის რომაელებმა ორი ათასწლეულის წინ ააშენეს, როდესაც კელტებთან იბრძოდნენ.
ეს სანაოსნო კალაპოტი, რომელსაც მარიუსის არხი ეწოდება, დაახლოებით 2 100 წლის წინ მდინარე რონას დელტაში ააგეს. ეს პირველი მნიშვნელოვანი რომაული ჰიდრავლიკური ნაგებობა იყო, რომელიც კაშხლებს, წყალქვეშა წისქვილებს და არხებს წინ უსწრებდა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, არხი ძვ. წ. 104-102 წელს იულიუს კეისრის ბიძის, გენერალი გაიუს მარიუსის, ჯარების მიერ აშენდა. მისი აშენების მიზანი კიმბრიული ომების მხარდაჭერა იყო, რომლებიც რომის რესპუბლიკასა და კელტურ ტომებს შორის მიმდინარეობდა.
ამ დროს რომის რესპუბლიკა თავის ახალ პროვინციას, გალიას, იცავდა. ეს რეგიონი დღევანდელი საფრანგეთის, ბელგიისა და დასავლეთ გერმანიის ტერიტორიებზეა გადანაწილებული. კელტების გაფართოებამ ამ მიწასა და მთელ რომის რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნა.
"რომის გენერალი მარიუსი ძვ.წ. 104 წელს სამხრეთ გალიაში ჩავიდა, რათა კიმბრებისა და თუტონების ტომები გალიდან და ესპანეთიდან იტალიაში არ გადასულიყვნენ", — თქვა სიმონ ლუზბიმ Live Science-თან. ის შეფილდის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის ლექტორია, რომელიც თავად კვლევაში ჩართული არ იყო. "ის ძალიან დიდ სამხედრო ძალას მეთაურობდა, რომლის სასწრაფოდ აღჭურვაც საჭირო იყო. ამიტომ, მარიუსმა არხის აშენება ბრძანა, რათა მისი ჯარის მომარაგება უზრუნველეყო".
არხი თავიდან იმ საშიშროებას აიცილებდა, რომელიც მდინარე რონას შესასვლელებიდან მოდიოდა. მდინარე ქალაქ არლს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებდა, რაც ნავების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. საბოლოოდ არხი წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო რომაელებმა ძვ.წ. 101 წელს კიმბრებისა და თუტონების დამარცხება მოახერხეს.
მოგვიანებით არხი რეგიონში რომის მოკავშირე ბერძნულ კოლონია მასალიას, დღევანდელ მარსელს, გადაეცა. კოლონიამ, სავარაუდოდ, მისი ჭკვიანურად გამოყენებით დიდი შემოსავალიც მიიღო, თუმცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ არხი ისტორიული ჩანაწერიდან გაქრა.
"მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ჩატარებული მრავალი კვლევისა, მარიუსის არხი ვერ აღმოაჩინეს", — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯო იუნკერმა. ეს არხი ბოლოს რომაელმა ავტორმა პლინიუს უფროსმა პირველ საუკუნეში ახსენა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი თითქმის სრულად გაქრა.
2013 წელს არლის სამხრეთით გეოფიზიკური გამოკვლევის შედეგად წყალქვეშა სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელსაც მეცნიერებმა ჰიპოთეზურად უძველესი არხი უწოდეს. შემდგომი გათხრებისას, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, 69 რომაული კერამიკული ნიმუში აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ნიმუშების ნაწილი პირველი და მეოთხე საუკუნეებით თარიღდება, ზოგი აღმოჩენა კი ძვ.წ. პირველ საუკუნეს მიაწერეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მარიუსის არხს იყენებდნენ.
ამ აღმოჩენის შემდეგ 12 წლის განმავლობაში მკვლევრები მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობენ. მათ უნდათ, დაამტკიცონ, რომ მარიუსის არხი ზუსტად ამ ტერიტორიაზე იყო. ახალ კვლევაში იუნკერმა და მისმა გუნდმა ძველი არხი და მისი ნაპირები გათხარეს, შეაგროვეს კერამიკის ნიმუშები და ზომები, რომლებსაც 2013 წელს ჩატარებულ გეოფიზიკურ გამოკვლევებს შეადარებდნენ.
"არქაული არხის სიგრძე, სიგანე, მიმართულება, ნალექი და დათარიღება ადასტურებს, რომ ეს რომში გადასაადგილებელი არხი იყო", — განაცხადა იუნკერმა.
მდინარეების ბუნებრივი შენაკადები ჩვეულებრივ სიგანეში დაახლოებით 110-180 მეტრია. ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ მარიუსის არხი მეტად ვიწროა, დაახლოებით 30 მეტრი. ეს სხვა რომაულ არხებს ზუსტად შეესაბამება. "ასეთ სიგანეში დიდ რომაულ გემებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ", — განაცხადეს კვლევის ავტორებმა გამოცემაში Journal of Archaeological Science: Reports.
"ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ამ ადგილას არხი ნამდვილად იყო", — განაცხადა ლუზბიმ — "ეს რომაული შესაძლებლობების კიდევ ერთი ნიშანია. ისინი ტექნოლოგიური შეზღუდვების მიუხედავად სწრაფად შეიმუშავებდნენ და ახორციელებდნენ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს".
როგორც ლუზბი, ისე იუნკერი იმედოვნებს, რომ მომავალი არქეოლოგიური კვლევები იმის შესახებ უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის, მართლა არის თუ არა ეს მარიუსის არხი. დამატებითი გათხრები მკვლევრებს დაეხმარება, რომ არხის გამოყენების ხანგრძლივობა გაიგონ.
"გეოარქეოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ბევრ პოტენციალს იძლევა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დამატებითი კვლევების გარეშე ამ არხის მარიუსთან დაკავშირება ჯერჯერობით შეუძლებელია", — განაცხადა იუნკერმა. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კომენტარები