ტანზანიაში გიგანტური ხეები აღმოაჩინეს — შესაძლოა, მათი ასაკი 3000 წელი იყოს
ვარაუდობენ, რომ ახალი ჯიშის ზოგიერთმა ხემ გაზრდა მანამდე დაიწყო, სანამ რომი დაარსდებოდა.

ფოტო: Phytotaxa
ტანზანიის მთებში ახალი, უზარმაზარი და მრავალსაუკუნოვანი ხის ჯიშის აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ხანდახან ასეთი გიგანტების არსებობაც კი შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს.
აქამდე უცნობი სახეობა უდზუნგვას მთების ტროპიკულ ტყეებში საველე კვლევების დროს აღმოაჩინეს და მას Tessmannia princeps უწოდეს. "princeps" ლათინური სიტყვაა და "ყველაზე დიდებულს" ნიშნავს — ეს ხე მართლაც დიდია, რადგან ტყის ფოთლოვან თაღს ზემოდან გადასცქერის.
მისი სიმაღლე დაახლოებით 35-40 მეტრია, რითაც რეკორდს არ ხნის, მაგრამ მისი სიდიდე ნამდვილად გასაოცარია. მაგალითად, ხის ტანის დიამეტრი 2.7 მეტრამდე აღწევს, ანუ ის საკმაოდ სქელია.
მისი კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება.
T. princeps-ის შესწავლისას მეცნიერებმა წაქცეული ხის შუაგულის ნიმუში აიღეს. აღმოაჩნდა, რომ მის ცენტრალურ ნაწილში თითოეულ სანტიმეტრში 12-დან 15-მდე რგოლი იყო, რაც დიდი რაოდენობაა. ჩვეულებრივ, ხეებს წელიწადში ერთი რგოლი ემატებათ, ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ T. princeps ძალიან ნელა იზრდება.
ეს ხეების ასაკის დადგენის ყველაზე სარწმუნო ხერხი არაა, ამიტომ სხვა მეთოდებით გადამოწმებას საჭიროებს. თუ მეცნიერთა ვარაუდი დადასტურდება, ესე იგი ამ გიგანტური ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი 2000-3000 წელს აღწევს. გამოდის, რომ შესაძლოა, ისინი იმაზე ადრე იზრდებოდა, სანამ რომი დაარსდებოდა.
T. princeps-ს კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს — მისი თესლები საკმაოდ უცნაური გზით ვრცელდება, რომელსაც "აფეთქებითი სკდომა" ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ თესლები ბუდიდან დიდი ძალით იტყორცნება და გარემოში ასე ვრცელდება. ამით აღნიშნული სახეობა თავის გვარში გამორჩეულია.
ასეთი უნიკალურობის მიუხედავად, T. princeps ფართოდ გავრცელებული არ არის — მკვლევრებმა მხოლოდ 100-მდე ზრდასრული ხე აღმოაჩინეს, თანაც ძალიან მცირე არეალში. ამასთან, ზრდის ნელი ტემპი მათი გამრავლების შანსს კიდევ უფრო მეტად ამცირებს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად უნდა შეფასდეს და წითელ წიგნში შევიდეს.
კარგი ამბავი ისაა, რომ ამ რეგიონში ტყის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც T. princeps-ის დაცვაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Phytotaxa გამოქვეყნდა.
კომენტარები