საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის ეგვიპტის პირამიდები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ ნაგებობებად რჩება. მათმა მასშტაბებმა და იდეალურმა დაგეგმარებამ საზოგადოების ნაწილში კონსპირაციული იდეების გაჩენასაც შეუწყო ხელი, რომლებიც დღემდე აგრძელებს არსებობას და პერიოდულად ჰიპოთეზების ახალ ტალღად გვევლინება.

ეს განსაკუთრებით გამძაფრებულია დღევანდელ ეპოქაში, სადაც სოციალური ქსელების წყალობით კონსპიროლოგები აუდიტორიის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. ამის ბოლოდროინდელი მაგალითი "სენსაციური აღმოჩენაა", რომელიც გიზის პირამიდების ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურების არსებობაზე მიუთითებს.

ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი ადრე ენერგიის წყარო იყო, ზოგის აზრით კი ეს არამიწიერი ცივილიზაციის ნახელავს მოგვაგონებს. ამ სტატიაში მესამე მოსაზრებასაც გაგაცნობთ, რომელიც მეცნიერულ ფაქტებსა და კრიტიკას ეფუძნება.

"სენსაციური აღმოჩენა"

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას და როგორ მიაგნეს მკვლევრებმა.

საუბარია პირამიდების დაბლა, დიდ სიღრმეში მდებარე 8 გიგანტურ ცილინდრულ სვეტზე, რომელთაც გარე კედლებზე სპირალები მიუყვება, ქვეშ კი კუბის ფორმის 2 სტრუქტურაა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ ავტორები — ფილიპო ბიონდი და კორადო მელანგა.

მათი თქმით, სვეტები 648 მეტრ სიღრმეში ჩადის და 12 მეტრამდე დიამეტრისაა, ხოლო მთლიანი მიწისქვეშა სისტემა 2 კილომეტრზე ვრცელდება. ისინი ამბობენ, რომ ამ უზარმაზარი სტრუქტურების დასაფიქსირებლად სატელიტური მონაცემები და სინთეზური აპერტურის რადარი გამოიყენეს, რომელიც ორ ან სამგანზომილებიანი გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით მიწისქვეშა რეგიონების გამოკვლევა შესაძლებელია რადიოტალღების დახმარებით, რომლებიც ამ არეალებს "ანათებს".

ამ ჰიპოთეზის თანახმად, სვეტები თავად პირამიდებზე 10-ჯერ დიდი გამოდის.

ფოტო: Reddit

ბიონდისა და მისი კოლეგის კვლევა პირველად 2022 წელს გამოქვეყნდა, თუმცა მას აკადემიური შემოწმება არ გაუვლია, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. ამ ნაშრომში ისინი წერენ, რომ პირამიდების ქვეშ რადარით მიწისქვეშა კომპლექსი აღმოაჩინეს, მათ შორის გვირაბები, ოთახები და დიდი ღრუ სივრცე, რომელიც, მათ თქმით, ხეოფსის პირამიდის გრანდ გალერეას უკავშირდება.

ავტორები ამბობენ, რომ ეს სტრუქტურები პირამიდის "მიკრომოძრაობებზე" დაკვირვებით გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც 3D ტომოგრაფიული გამოსახულება მიიღეს. ამ ყველაფრის ახსნისას ისინი სრულიად სპეკულაციურ იდეებს იშველიებენ. მაგალითად, წერენ, რომ საქმე "გიგანტურ რეზონანსულ ღრუსთან" გვაქვს, რომელიც წყლით ავსებისას დაბალი სიხშირის ვიბრაციებს წარმოქმნიდა. მათი თქმით, ამას "გამაჯანსაღებელი და რელიგიური" დანიშნულება ჰქონდა.

ასეთი წარმოუდგენიათ ავტორებს პირამიდების ქვეშ დაფიქსირებული სტრუქტურები.

ფოტო: OmniCore Tech

რაც შეეხება ახალ "მიგნებებს", მათ შესახებ მკვლევრებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ასევე, მიწისქვეშა სტრუქტურები მითურ "ამენტის დარბაზებს" დაუკავშირეს, რაც წმინდა წყლის კონსპირაციაა, რადგან ეზოთერულ გამონაგონს ეფუძნება.

ეს მონაცემები დიდწილად წინა კვლევაზეა დამყარებული და მის მსგავსად აკადემიური შემოწმება არც ამ შედეგებს გაუვლია. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სანდოობა და სისწორე სხვა მეცნიერებს არ დაუდასტურებიათ. პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ აღტაცებასა და სპეკულაციებს დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ფაქტი თუ სპეკულაცია? — მეცნიერთა შეფასება

სანამ ექსპერტების კრიტიკაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ვინ არიან თავად ავტორები.

კორადო მელანგა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს იკვლევს. დიახ, ის უფოლოგი და კონსპირაციული თეორიების ცნობილი მიმდევარია. ხშირად ჩნდება YouTube გადაცემებშიც, რომლებშიც სწორედ არამიწიერ ცივილიზაციებზე საუბრობს. მისი კოლეგა, ფილიპო ბიონდი, სარადარო ტექნოლოგიის სპეციალისტია, რომელიც იმავე მოსაზრებებს იზიარებს.

ახლა კი გაგაცნობთ, როგორ გამოეხმაურა მელანგასა და ბიონდის კვლევას სხვადასხვა მეცნიერი. მათ შორისაა ეგვიპტოლოგი და გიზის პირამიდების კომპლექსის ყოფილი გენერალური დირექტორი, ჰუსეინ აბდელ-ბასირი. მისი თქმით, ეს ნაშრომები ბაზისურ სამეცნიერო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მაგალითად, ნებისმიერი სარწმუნო არქეოლოგიური მონაცემები სანდო გამოცემაში უნდა გამოქვეყნდეს და სიღრმისეული რეფერირების პროცესი გაიაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეს ამბავი ოფიციალურად არ გაჟღერებულა ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს ან სიძველეების უმაღლესი საბჭოს მხრიდანაც.

გიზის პირამიდები.

ფოტო: BBC

მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს ის ტექნოლოგიაც, რომელიც ავტორებმა კვლევაში გამოიყენეს. ჰუსეინ აბდელ-ბასირი ამბობს, რომ მსგავსი რადარებით მიწისქვეშა რეგიონების შესწავლა მხოლოდ გარკვეულ სიღრმემდე შეიძლება. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ათობით მეტრია, თუმცა ზემოხსენებული სვეტები ასობით მეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.

ამას ბასირი "სამეცნიერო ფანტასტიკას" უწოდებს, რომელიც რეალობას არ ეფუძნება. მისი თქმით, როცა უფოლოგიური მიდგომები არქეოლოგიურ კვლევას ერწყმის, მას კონსპირაციული თეორიებისა და პოპულიზმის ნიადაგად აქცევს, რომელიც ჭეშმარიტებას არ ემსახურება.

სკეპტიკურადაა განწყობილი ეგვიპტის სიძველეების ყოფილი მინისტრი, არქეოლოგი და ძველი ეგვიპტის ისტორიკოსი, ზაჰი ჰავასიც. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტოლოგი ამ მონაცემებს "აბსოლუტურად არასწორსა" და "ყალბს" უწოდებს.

ის კითხვისნიშანის ქვეშ აყენებს, რამდენად შეძლებდა რადარი პირამიდის მკვრივი ლოდების ქვეშ ამხელა სიღრმეში არსებული სტრუქტურების დაფიქსირებას. უნდა ითქვას, რომ ეს არეალი უცხოელ ექსპერტებთან ერთად მასაც დეტალურად აქვს შესწავლილი, მაგრამ ასეთი არაფერი აღმოუჩენიათ (გარდა მცირე ღრუ ადგილებისა).

იმავე მოსაზრებას იზიარებს სარადარო ტექნოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ლოურენს კონიერსი. ის ამბობს, რომ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული რადარების სიგნალების ასეთ სიღრმეებში ჩაღწევა შეუძლებელია. ამის გამო მას ბოლო "მიგნება" სერიოზულ გაზვიადებად მიაჩნია. ამას ისიც ემატება, რომ მონაცემთა ანალიზისთვის ავტორებმა თავიანთი პროგრამა გამოიყენეს, რომელსაც შესაძლოა, ინფორმაცია არაზუსტად გადაემუშავებინა.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ პირამიდების ქვეშ პატარა სტრუქტურების არსებობა გასაკვირი არაა, რადგან ეს ადგილი ძველი ეგვიპტელებისთვის დიდი მნიშვნელობის იყო. ის შედარებისთვის ამბობს, რომ მაიას ცივილიზაციაშიც პირამიდებს ასეთი მცირე ზომის ქვაბულების ზემოდან აშენებდნენ. მისი თქმით, ავტორთა კვლევის შედეგების დადასტურების ერთადერთი გზა მიზანმიმართული გათხრები იქნებოდა.


მაშასადამე, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ბიონდისა და მელანგას კვლევას არასანდოდ მიიჩნევენ როგორც გამოყენებული ტექნოლოგიის, ისე სპეკულაციური დასკვნების გამო. ფაქტი, რომ ეს ამბავი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და საკითხში გაურკვეველი ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა, საშიშ ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ცხადყოფს, რამდენად მოწყვლადია საზოგადოების დიდი ნაწილი მსგავსი ნარატივების მიმართ და როგორ შეიძლება, ცნობისმოყვარეობამ აზროვნების გზაჯვარედინზე კონსპირაციებისკენ გადაგვახვევინოს.

ამის მიუხედავად, თანამედროვე სამეცნიერო წრეებისგან კრიტიკის დამსახურებითა და სარწმუნო გამოცემების დიდძალი შრომით კვლევის სტანდარტი მაღალ დონეზე ნარჩუნდება, პირამიდები კი მსგავსი სპეკულაციების გარეშეც გასაოცარ ნაგებობებად აღიქმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.