მეცნიერები მალარიასთან საბრძოლველად და კოღოების რაოდენობის შესამცირებლად უჩვეულო გეგმას განიხილავენ. მათ გამოავლინეს წამალი, რომელიც ადამიანის სისხლს ამ მწერებისთვის მომწამვლელად აქცევს — ნიტისინონი.

ეს მედიკამენტი პირველი ტიპის მემკვიდრეობითი ტიროზინემიის სამკურნალოდ გამოიყენება, რომელიც იშვიათი დაავადებაა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სისხლში მისი მცირე დოზით შემცველობა კოღოებისთვის მომაკვდინებელია. დასტურად სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა მწერებმა ამ პრეპარატის მომხმარებელი 3 პაციენტის სისხლი დალიეს, 12 საათის განმავლობაში დაიხოცნენ.

ორგანიზმში მოხვედრისას ნიტისისონი კონკრეტული ცილის წარმოქმნას აფერხებს, რაც სხეულში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას უშლის ხელს. ის, რაც ადამიანისთვის არაა ტოქსიკური, კოღოებს მარტივად ხოცავს. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ამის გამოყენება ისეთი ინფექციების თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია, რომლებიც კოღოებს გადააქვთ. მათ შორისაა მალარია.

ფოტო: Lee R. Haines

ნიტისისონის ამგვარი პოტენციალის მიუხედავად, დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რომ ეს მალარიის შემთხვევების შესამცირებლად მართლაც ეფექტიანი გზაა. ადრინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი მცენარეთა დამტვერვაში მონაწილე მნიშვნელოვან მწერებს არ ხოცავს. ამის მიუხედავად, უცნობია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის გამოყენებას მთლიან ეკოსისტემაზე. გასათვალისწინებელია კოღოებში მედიკამენტის მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების რისკიც.

მეცნიერებმა წამლის ეფექტის შესწავლისას დაადგინეს, რომ მის შემცველ სისხლს ნებისმიერი ასაკის კოღოს მოკვლა შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მალარია ამ მწერებს შედარებით გვიანდელ ასაკში უფრო გადააქვთ.

მკვლევრებმა ნიტისისონი და ივერმექტინიც შეადარეს, რომელიც ასევე ანტიპარაზიტული მოქმედებისაა. კოღოების დასახოცად მეორე პრეპარატის უფრო დაბალი დოზებია საჭირო, თუმცა პირველი შედარებით სწრაფად მოქმედებს და სისხლში დიდხანს რჩება. ასევე, ნიტისისონს ადამიანის ნერვულ სისტემაზე გავლენა არ აქვს — ივერმექტინისგან განსხვავებით.

საბოლოოდ, ნიტისისონი მალარიასთან საბრძოლველად ხელსაყრელი პრეპარატია, მაგრამ ამ მიზნით მის გამოყენებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Translational Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.