დავით კაკაბაძე — ხელოვანი, მეცნიერი, გამომგონებელი
წარმოიდგინეთ ქართველი, რომლის შესახებაც მეოცე საუკუნეში ფრანგული პრესა წერდა, იმ დროის გამოჩენილი ხელოვანები კი მასზე საჯარო სივრცეებში საუბრობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ყიდულობდნენ მის ნამუშევრებს, მიჰქონდათ სხვადასხვა გამოფენებზე მსოფლიოს მასშტაბით, მის შემოქმედებაზე კი კრიტიკულ რეცენზიებს აქვეყნებდნენ და თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად მიიჩნევდნენ. შემდეგ ეს ქართველი გასცდება ხელოვნების სივრცეებს და გამოიგონებს ინოვაციურ სტერეოაპარატს, რომელსაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ინსტიტუტები აღიარებენ, ბოლოს კი ქართველი სამშობლოში დაბრუნდება და მისი ვარსკვლავიც ჩაქვრება, რადგან ბოროტების რეჟიმი მის ნიჭს საძირკველს გამოაცლის.
ზღაპარივით ჟღერს, არა?! - არადა, ეს ყველაფერი რეალური ისტორიაა. წარმატების, შემოქმედებისა და საბოლოოდ, უბედურების ისტორია დავით კაკაბაძის ცხოვრებიდან.
პარადოქსია, მაგრამ ისეთ პატარა ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, შესაძლებელია შთამომავლობას გენიოსი წინაპრების სახელები და გვარებიც კი მიავიწყდეს. ამას თავისი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, და ამაზე არ გავჩერდებით, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შესახებ ცოდნისა და მეხსიერების არსებობა აუცილებელია.
თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ავტორობით 2019 წელს ქართველი გენიოსის დაბადებიდან 130 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, წარმატებული და აღიარებული ადამიანი იყო. შეუძლებელია მის მოღვაწეობას ერთი სახელი დავარქვათ, რადგან დავით კაკაბაძე ერთნაირად დიდი ნიჭით იყო დაჯილდოვებული როგორც მხატვრობაში, ისე მეცნიერებასა და გამოგონებაშიც.
დავით კაკაბაძე, როგორც შემოქმედი და მეცნიერი
დავით კაკაბაძეს ჩვენ უმეტესად როგორც შემოქმედს, ისე ვიცნობთ. მისი მოღვაწეობის პირველი წლები საქართველოს ისტორიაში გარდამტეხ პერიოდს ემთხვევა, როცა ერთი მხრივ რუსეთის იმპერიის უღელში გაბმული პატარა ქვეყანა პროგრესული იდეებისთვის ბრძოლაშია ჩართული, მეორე მხრივ კი კულტურული რეინკარნაცია იწყება. ხატვა ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო და ნამუშევრებს ქართულ პერიოდულ პრესაში ბეჭდავდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი პეტერბურგს მიაშურა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხატვის შესასწავლად.
სტუდენტობის წლები მისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. მეცნიერებით გატაცებამ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რაც კარგად აისახა მომდევნო წლებში შექმნილ ნამუშევრებსა და გამოგონებებზე.
მისი პირველი ხმაურიანი გამოჩენა 1914 წელს დაიწყო, როცა დავით კაკაბაძემ ფილონოვთან, კირილოვთან და ლასონ-სპიროვთან ერთად დააფუძნა საზოგადოება "გაკეთებული სურათები: ფერმწერთა და მხატვართა სახელოსნო". ეს ძალიან სერიოზული განაცხადი იყო იმ დროში, რადგან ახალგაზრდა მხატვრები გამოირჩეოდნენ პროგრესული ხედვებით, ახლებური მიდგომებითა და რეაქციულობით. ამავე პერიოდში შექმნა მისი ცნობილი ავტოპორტრეტი სარკესთან, რომელიც დღემდე უდიდეს ნაშრომად ითვლება.
1917 წელს, საქართველოში დაბრუნდების შემდეგ, დავით კაკაბაძემ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიაზე, იმერეთის პეიზაჟებზე დაიწყო მუშაობა და მისი შექმნა სიცოცხლის ბოლომდე განაგრძო. სხვადასხვა წლებში კაკაბაძე იმერეთს განსხვავებულ ხასიათში ხატავდა, რაც ხშირად გამოწვეული იყო იმ სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით, რომელიც ქვეყანაში ვითარდებოდა.
1918 წელი დავით კაკაბაძესთვის მორიგი სიახლეების კატალიზატორი გახდა. დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველო და მისი ხელისუფლება ახალგაზრდა და ნიჭიერ ადამიანებს განათლების მიღებაში დაეხმარა, მათ შორის დავით კაკაბაძესაც, რომელიც პარიზში მიავლინეს გამოცდილებისა და ცოდნის ასამაღლებლად.
იმ პერიოდს კაკაბაძე "მანქანის და კინემატოგრაფის" პერიოდს უწოდებდა. პარიზში ცხოვრების დროს მან მხატვრობის რამდენიმე მიმართულებაში გამოამჟღავნა საკუთარი ნიჭი. შექმნა ბრეტანის სერია, რომელშიც შესული ნახატები აკვარელით არის შესრულებული და ძირითადად ნავებს, სახლებსა და ბუნებას ხატავდა. მისი ნახატების დანახვისას ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არის შექმნილი, რაც დავით კაკაბაძის ოსტატობაზე მეტყველებს.
შემდეგ იყო კუბიზმითა და აბსტრაქციონიზმით გატაცების პერიოდი. კუბიზმი მეოცე საუკუნეში ახლად აღმოცენებული მიმდინარეობა იყო, რომელსაც გამოჩენილი მიმდევრები ჰყავდა. დავით კაკაბაძემ სხვა მხატვრების ნამუშევრების შესწავლის შემდეგ შექმნა საკუთარი ნიშა, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა.
ახლებურად ხედავდა მისთვის კარგად ნაცნობ თემებს, როგორიცაა ნავები, სახლები, ბუნება და კუბიზმში მათ ტრანსფორმაციას უნიკალური ფერებისა და ტექნიკის საშუალებით ახდენდა. გარდა ამისა, კაკაბაძემ მნიშვნელოვანი, გამორჩეული ნამუშევრები შექმნა აბსტრაქციონიზმის მიმართულებითაც, მის ნახატებში მთავარი ადგილი ფერებმა და ხაზებმა დაიკავეს, ნაცნობი ფიგურები კი ნელნელა გაქრნენ.
პარიზში ცხოვრების პერიოდში დავით კაკაბაძე ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას Salon des independants-ის გამოფენებში, სადაც ისეთი მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი, როგორიცაა მუნკი, მალევიჩი, ვან გოგი, მოდილიანი და სხვა.
სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები
პარიზული ცხოვრება დავით კაკაბაძესთვის მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლებოდა. მან 1922-23 წლებში მორიგი ინოვაციური საქმიანობა წამოიწყო და სტერეოაპარატის შექმნას შეუდგა. დავით კაკაბაძემ გამოიგონა უსათვალო სტერეო კინოსაპროექციო აპარატი, ანუ აპარატი, რომელიც სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა, რაშიც მას მეცნიერული ცოდნა დაეხმარა. კაკაბაძეს ჰქონდა საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი თვალის ფიზიოლოგია და იცნობდა უახლეს ნაშრომებს ფიზიოლოგიური ოპტიკის განხრით.
მან მოახერხა ფინანსური დახმარების მოძიება და გამოგონებაზე მუშაობას მთელი ენთუზიაზმით შეუდგა. საბოლოოდ, შექმნა აპარატი, რომელიც სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლეოდა. მისი ინოვაცია დაპატენტებულია და აღიარებულია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ინსტიტუტების მიერ.
პარიზში, გამოგონებათა ინსტიტუტში დღესაც ინახება კაკაბაძის გამოგონების აღწერა და შესაბამისი ნახაზები. თუმცა, იმისათვის, რომ ბევრი აპარატი შეექმნა და წარმოებაში ჩაეშვა თავისი პროექტი, მას სახსრები არ ეყო.
სტერეოაპარატზე მუშაობისას მას სხვადასხვა მყარი მასალები შემორჩა, რისგანაც დავით კაკაბაძემ ახალი ნამუშევრები შექმნა. საღებავებთან ერთად, იყენებდა საგნებს ან საგნების ფრაგმენტებს და ქმნიდა კონსტრუქციულ-დეკორაციულ კომპოზიციებს, ასამბლაჟებს. ეს იყო დასაწყისი ახალი მხატვრული რეალობისა, რომელიც გასცდა მხოლოდ ფუნჯებსა და საღებავებს და გახდა უფრო თანამედროვე, ინოვაციური და საინტერესო.
ამ ყველაფრის პარალელურად, დავით კაკაბაძე აქვეყნებდა სამეცნიერო წიგნებსა და ნარკვევებს სხვადასხვა თემატიკაზე: "კონსტრუქციული სურათის შესახებ", "პარიზი 1920-1923", "ხელოვნება და სივრცე" და სხვა.
1927 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა, რამაც მხატვარი და გამომგონებელი დასავლურ კულტურას მნიშვნელოვნად დააშორა. მსოფლიო მასშტაბის შემოქმედი და მოაზროვნე, ჩაკეტილი რეჟიმის კედლებში აღმოჩნდა და იქიდან გაღწევა ვეღარ მოახერხა. საქართველოში გატარებულ წლებში კაკაბაძემ არაერთი ნიმუში შექმნა, თუმცა მისი შესაძლებლობები საბჭოთა რეჟიმის ჩრდილში აღმოჩნდა.
დავით კაკაბაძის რეტროსპექტიული გამოფენა თიბისი გალერეაში
ზემოთ მოყოლილი ისტორია მხოლოდ მცირე დეტალებია დავით კაკაბაძის ცხოვრებიდან. მის შესახებ კიდევ უამრავი ცოდნა არსებობს, რომელიც დროთა განმავლობაში ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
შემოქმედისა და მეცნიერის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისიმ დავით კაკაბაძის ფონდთან და ოჯახთან ერთად ქართველი გენიოსის ნამუშევრების გამოფენა თიბისი გალერეაში გადაწყვიტა. მოეწყო სპეციალური საგამოფენო სივრცე, რომელშიც გამოფენილია გამორჩეული, აქამდე უცნობი ნამუშევრები ოჯახის პირადი კოლექციიდან.
თიბისი გალერეაში თქვენ ნახავთ კაკაბაძის შემოქმედების იმ ნიმუშებს, რომელზეც აქამდე ცოტას საუბრობდნენ, მათ შორის: აბსტრაქტულ სერიებს, სამეცნიერო კვლევებს, კრიტიკულ წერილებს, ჩანახატებსა და ცალკეულ პროექტებს.
გარდა ამისა, გამოფენაზე მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც საშუალება გექნებათ გაიცნოთ დავით კაკაბაძის ბიოგრაფია, ჩანახატები და ა.შ.
პარალელურად 17-20 მაისს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF) ფარგლებში, ექსპო ჯორჯიას ორანჟერეაში, დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები იქნება წარმოდგენილი.
დავით კაკაბაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის შესახებაც შვილებს, შვილიშვილებს და ზოგადად, შთამომავლობას უნდა ვუყვებოდეთ, რადგან მისი შემოქმედება დღეს დასავლურ ცივილიზაციასთან კიდევ უფრო მეტად დამაკავშირებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
კომენტარები