გურამ წიბახაშვილის ფოტოებში ასახული საქართველოს უახლესი ისტორია - სხვა თვალით დანახული 90-იანები
90-იანი წლები საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილს იკავებს, რადგან აერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ გარდაქმნებს. გაჭირვება, კრიმინალი, უშუქობა, სამოქალაქო ომი და სხვა პრობლემები საუკეთესოდ აისახა ქართველი ხელოვანების ნამუშევრებში. 90-იანების თემატიკა ხშირად გვხვდება მუსიკაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში, კინოსა და ფოტოგრაფიაში.
ხელოვნების ეს მიმართულებები ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულს სხვადასხვანაირად ასახავს. ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად რომანტიზებულად, ზოგიერთი კი იმაზე რეალურად, ვიდრე მეცნიერები ახერხებენ. ეს იყო თაობა, რომელმაც მთელი სიმძაფრით გამოსცადა ქვეყნის რეფორმირების სიმძიმეები. უამრავი ახალგაზრდა იმ დროს აფხაზეთისა და სამოქალაქო ომს შეეწირა, ბევრმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, ზოგიერთებმა კი შვება არტში იპოვნეს.
ამის კარგი მაგალითია გურამ წიბახაშვილის ფოტო არქივი, რომელშიც შეულამაზებელ კადრებადაა აღბეჭდილი ის ცხოვრება, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა 90-იან წლებში გამოიარეს. ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი ფოტოგრაფის უნიკალური ნამუშევრები რამდენიმე დღის წინ ბარნოვის ხელოვნების სახლში გამოიფინა.
"ზამთარი გადატანილია" - ეს არის გურამ წიბახაშვილის გამოფენის სახელწოდება, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. მაშინ, როცა საქართველო ახალ სუნთქვას იწყებდა, ქართველმა ხელოვანებმა გააკეთეს გამოფენა "ზამთარი გადასატანია", რაც გულისხმობდა იმ სამომავლო სირთულეებს, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
დღეს გურამ წიბახაშვილი თვლის, რომ "ზამთარი გადატანილია", ამიტომ ამდენი წლის განმავლობაში დაგროვებული ფოტოების საჯაროდ გამოფენა ერთგვარი შეჯამებაა მისი 30-წლიანი საქმიანობისა.
ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის მიერ გადაღებული ყველასთვის ნაცნობი ფოტოების გარდა, უცნობი და უნიკალური კადრებია გამოფენილი. მათ შორის ირაკლი ჩარკვიანის, კაკადუს, დათო ტურაშვილის, კოტე ყუბანეიშვილი, აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძისა და სხვა ქართველი ხელოვანების. ეს გამოფენა ერთგვარი დროში მოგზაურობაა — ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ქართული კულტურა, ამ ფოტოებით კიდევ ერთხელ ერთად იყრიან თავს, ამჯერად გამოფენაზე.
ღონისძიებაზე გურამ წიბახაშვილის წიგნის პრეზენტაციაც შედგა, რომელშიც ფოტოგრაფის 250 ნამუშევარია შესული. წიგნს თან ახლავს ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები, რომელიც მკითხველებმა უკვე დადებითად შეაფასეს. ამბობენ, ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწერი კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს გურამის ფოტოებს და იმ წლების სიმძიმეს უფრო ნაცნობს ხდისო.
"ყველაზე საინტერესო საქართველოს ისტორიაში არის ის, რომ მუდმივად ხდება მისი ფალსიფიცირება. ზოგჯერ დაუჯერებელ ამბებს ვისმენ ხოლმე იმ დროზე, რომელიც კარგად გვახსოვს და იმ ადგილებზე სადაც ნამდვილად ვიჯექი. ფოტოხელოვნებას ალბათ ეს არაჩვეულებრივი თვისება აქვს გინდა არ გინდა ის მაინც არის ფაქტების გადმომცემი, ბევრად ნაკლებად იტყუება ვიდრე სხვა", - ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი On.ge-სთან საუბარში.
გამოფენაზე მოკლე მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერაც გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლოთ ეყურებინათ და მოესმინათ ცნობილი ქართველი არტისტების შეფასებები გურამ წიბახაშვილის შემოქმედებასთან და 90-იანი წლების გამოცდილებასთან დაკავშირებით.
ფოტოები, რომლებიც წიგნშია შესული და რომელიც ბარნოვის ხელოვნების სახლში გამოიფინა, გურამ წიბახაშვილისთვის მხოლოდ დასაწყისია. მას უამრავი ფოტო აქვს ისეთი, რომელიც საზოგადოებას ჯერ კიდევ არ უნახავს. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მომავალში ჯერ კიდევ უცნობი ფოტოების გამოფენასაც აპირებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აალაპარაკებს იმ წლებზე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.
"ჩემთვის ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფოტოებს სჭირდებოდა საჯაროდ გამომზეურება. იმ წლებში ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი გადაღებული კადრები შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მაგრამ 25 წელი გავიდა და როგორც ჩანს, დღეს უკვე ისტორიაა", - გვითხრა გურამ წიბახაშვილმა.
როდესაც ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ ფოტოგრაფზე, არ შეიძლება გამოგვრჩეს ის ნამუშევარი, რომელსაც მისი შემოქმედების მიმდევრები მრავალი წელია ეტრფიან. ვსაუბრობთ ოლეგ ტიმჩენკოსა და ნიკო ცეცხლაძის ფოტოზე, რომელშიც ისინი ოქროსფრად შეღებილი სახით არიან დაფიქსირებულნი.
ეს ფოტო გადავიღეთ 1991 წელს, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელშია გადაღებული. მაშინ ოლეგ ტიმჩენკომ და ნიკო ცეცხლაძემ გადაწყვიტეს პროტესტის ნიშნად მიწისქვეშა გადასასვლელში მდგომი ჯიხურის შუშები ჩაემტვრიათ და სწორედ იქ მოეწყოთ ფოტოსესია. ეს იყო ერთგვარი თავისუფლების აქტი, როგორც კედლის დანგრევა, საბჭოთა კავშირის შუშების ჩამტვრევა და ახალ სამყაროში გადასვლა. სწორედ ასეთი განცდა დაგეუფლებათ, როდესაც ამ ფოტო პროექტს გაიცნობთ.
გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენის ორგანიზატორი თიბისი იყო. სწორედ მისი ჩართულობით და ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი წიგნისა და ალბომის გამოცემა, რომელიც ინდიგოსთან ერთად მომზადდა. გარდა ამისა, თიბისის მხარდაჭერით მოეწყო საგამოფენო სივრცეც.
"ეს პროექტი თიბისისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომ ჩვენ სრულად ავიღეთ საკუთარ თავზე მისი ორგანიზება. პროცესში ვთანამშრომლობდით ინდიგოსთან, რომელიც დაგვეხმარა წიგნისა და ალბომის შედგენაში, ასევე ბარნოვის ხელოვნების სახლთან, რომელიც დღეს მასპინძლობს ამ გამოფენას. ეს ყველაფერი არის ერთი წლის შრომის შედეგი და ვეცადეთ, ყველა არსებულ მედიუმში გაგვევრცელებინა გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები", - ამბობს მაშო სამადაშვილი, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის პროექტების მენეჯერი.
გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა ბარნოვის ხელოვნების სახლში 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყველას, ვისაც გსურთ გაიხსენოთ ან უკეთ შეისწავლოთ 90-იანი წლების ისტორია, ნახოთ როგორი ყოფა ჰქონდა იმ დროში ხალხს და როგორ იქმნებოდა თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები, ამ გამოფენაზე აუცილებლად უნდა მიხვიდეთ.
კომენტარები