უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესი — რა წერია კობახიძის კანონპროექტში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელმაც უზენაესის მოსამართლეთა არჩევის პროცედურა უნდა დაარეგულიროს. ქართული ოცნების კანონპროექტის პარალელურად პარლამენტში ევროპული საქართველოს ვერსიასაც უყარეს კენჭი და ჩააგდეს.
ქართული ოცნებიდან მოსამართლეების თემის გამო წასული ეკა ბესელიასა და სხვა დეპუტატების ინიციატივის განსახილველად კი კომიტეტიც ვერ შეიკრიბა. ქართული ოცნების პროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებისთანავე დამატებითი რეკომენდაციისათვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს.
რა წერია კანონპროექტში
ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შედის. პროცედურა ქართული ოცნების კანონპროექტში პირობითად 5 ეტაპადაა დაყოფილი.
პირველი ეტაპი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს. ცხადდება ვაკანსია და განცხადებები შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში მიიღება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს:
- საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს ქართულ ენას.
უზენაესის მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ჩაითვლება:
- მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი;
- სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილოს მონაწილეთა განცხადებები და თანდართული დოკუმენტები. განხილვის დასრულებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და საბჭოს გადაწყვეტილება განმცხადებლების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ეს გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით უნდა მიიღოს. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მეორე ეტაპი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესაბამისობაზე საჩივრების ვადის დასრულების შემდეგ, 5 დღის ვადაში ტარდება ფარული კენჭისყრა შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად. თუ შერჩევა გამოცხადებულია ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ მეტი კანდიდატი.
ხოლო, თუ შერჩევა გამოცხადებულია 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი მონაწილე. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.
თუ კანდიდატი, იმავდროულად, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ეტაპზე ხმის მიცემის უფლება არ აქვს.
მესამე ეტაპი
შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატებს საჯაროდ უნდა მოუსმინონ. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს ქულებით შეაფასებენ.
მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უნდა უყარონ კენჭი კანდიდატებს პარლამენტისთვის წარსადგენ ოდენობამდე დასაყვანად. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.
მეოთხე ეტაპი
კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების სიის შემადგენლობას. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.
თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მას არ აქვს უფლება ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას, თუმცა მონაწილეობს სხვა კანდიდატების კენჭისყრაში.
მეხუთე ეტაპი
კანდიდატების სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. ამის უზრუნველსაყოფად ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვალდებული იქნება სამუშაო ჯგუფი სიის წარდგენიდან 3 დღეში შექმნას. ამის შემდეგ კომიტეტის დეპუტატებს ეგზავნებათ ინფორმაცია კანდიდატების შესახებ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ეხება მათ საქმიანობას, რეპუტაციას, მიღებულ გადაწყვეტილებებს არის დახურული ინფორმაცია და ხელმისაწვდომია მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებისა და პარლამენტის დეპუტატებისთვის.
კანდიდატების შესახებ მონაცემების გადაგზავნიდან ერთ კვირაში ინიშნება ზეპირი საჯარო მოსმენა. მოსმენის დროს დეპუტატებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს. მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უნდა უყაროს კენჭი.
10-კაციანი სადავო სია
2018 წლის დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც მოსამართლეთა გამწესებაზეა პასუხისმგებელი და რომელიც ამჟამად 14 წევრისგან შედგება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად 10 მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა უზანაესი სასამართლოს წევრობისთვის. თოთხმეტიდან 11-მა საბჭოს წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ სიას. სიის შემადგენლობასა და გადაწყვეტილების მიღებას კანონით გაწერილი პროცედურებისა და კრიტერიუმების არარსებობის ფონზე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოსამართლეთა თემის გამო დატოვა ქართული ოცნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მას მიაჩნდა, რომ ქართული ოცნება ხელს უწყობდა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მოსვლას უზენაეს სასამართლოში. პროტესტის ფონზე ქართულ ოცნებას მოუწია ნომინაციის პროცესის შეჩერება და კანონის რეფორმირების პირობის დადება.
კომენტარები